უცნობი რობაქიძე წლებია, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს გრიგოლ რობაქიძის მემკვიდრეობის თარგმნა ქართულ ენაზე.
ამჯერად კი ჩვენ წინაშეა უნიკალური მასალა – გრიგოლ რობაქიძის წერილები შტეფან ცვაიგისადმი. და ამ მასალის უნიკალურობა მხოლოდ იმით კი არ განისაზღვრება, რომ პირველად ქვეყნდება ორი ქვეყნის ორი დიდი მწერლის ეპისტოლური მემკვიდრეობა. სიტყვა ეპისტოლური, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, რომანტიკულადაც კი მოჩანდეს, იმდენად არაადეკვატურია ბარათების შინაარსი ამ ჟანრისათვის დამახასიათებელ ერთგვარ იდილიურობასთან.
იდილიის გარდა, გრიგოლ რობაქიძის წერილებში ყველაფერია. თავისი სულისკვეთებით, მიზანდასახულობით, „ სულსწრაფი “ ტემპით... იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციალურ პოლიტიკური, მორალურ ზნეობრივი პროცესები მიმდინარეობს სამყაროში და იმის ღრმა ცოდნით, როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს თანამედროვე (მაშინდელი) ევროპული ლიტერატურა, რობაქიძე გრძნობს, რომ მსოფლიო ლიტერატურული სამყაროსათვის (ლანდშაფტისათვის) მისი გამოჩენა არა მხოლოდ საინტერესო და სასურველი, არამედ მოულოდნელიც იქნება.
რომ არა ეს რწმენა, ეს ჯიუტი თავდაჯერება, შესაძლოა, მკითხველთა გარკვეულ ნაწილს ამ წერილების გაცნობისას ისიც კი მოეჩვენოს, თუ როგორ ელეგანტურად იყენებს გრიგოლ რობაქიძე თავის უსაზღვრო განათლებას იმ დიპლომატიური სვლებისათვის, რითაც ევროპულ ინტელექტუალურ წრეებში შეღწევასა და დამკვიდრებას ცდილობს. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ე. წ. „ მწერლური პრაგმატიზმის “ ობიექტური მიზეზები უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მწერლის პორტრეტის ახალი შტრიხებისადმი.
შემთხვევითი არაა, რომ რაციონალიზმით გათოშილ ევროპაში, სადაც ათასი ჯურის მოაზროვნე, მხატვარი, ფილოსოფოსი, ხელოვნებათმცოდნე თუ ამბიციებით შეპყრობილი ლიტერატურის ექსპერტი მოღვაწეობდა, სადაც საგამომცემლო ბიზნესში რიგ აბსურდულ მოთხოვნებთან ერთად იმდენნაირი და იმ ტიპის ბარიერები აღმართულიყო ხელოვნურად, რომ ემიგრანტს კი არა, თვით ნიჭიერ ევროპელ მწერლებსაც კი არაერთხელ ჩაუქნევიათ ხელი, ხდება ქართველი მწერლის ნებელობის სრული კონცენტრირება. რობაქიძის მახვილი მზერა და წმინდა ინტუიცია მისთვის ყველაზე ახლობელ, მონათესავე სულს ირჩევს სამეგობროდ შტეფან ცვაიგის სახით.
რა თქმა უნდა, ვერანაირი თხოვნა, სტოიციზმი, არტისტულობა, ვერანაირი პიროვნული ქარიზმა რობაქიძეს ვერ უშველიდა, რომ არა მისი ტალანტის გამაოგნებელი სიღრმე და იმდროინდელ მსოფლიოში უპოპულარულესი ავსტრიელი მწერლისათვის ღირსეული ახსნა იმ მიზეზისა, თუ რატომ
ემზადებოდა ასეთი ვნებიანი თავგანწირვით ქართველი მწერალი ევროპელი მკითხველის წინაშე წარსადგომად:
„ და თუ ჩემი რომანი თქვენი შეფასებისას ცეცხლის ამ ძალას გაუძლებს, მინდა, გთხოვოთ რამდენიმე სიტყვის დაწერა, რომელიც ძალიან მჭირდება ევროპელი მკითხველისათვის... საქმე ეხება არა პოეტის ლიტერატურულ სახელს, არამედ ერთი პატარა აღმოსავლური ერის სულიერი მდგომარეობის გაცნობას ევროპელი ხალხებისათვის “ .
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მართლაც ჩნდება ის უცნაური განცდა, რომ მკითხველი ერთი უცნობი მწერლის თავგადასავალს კი არა, დიდი ისტორიული კულტურისა და ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნის თავგადასავალს ეცნობა. იმდროინდელ ევროპულ პრესაში სინანულით აღინიშნება კიდეც, რომ ეს უნიკალური ქვეყანა რობაქიძემდე ასე
„ სამარცხვინოდ უცნობი “ იყო ჩვენთვისო...
ერთ რამედ ღირს მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის დამეგობრების პროცესისადმი თვალმიდევნება. დამეგობრების დინამიკა ამ წერილებში ცალკე თემაა.
„ თქვენ ევროპულ დისტანციას შეეჩვიეთ “ , – საყვედურივით მისწერს ერთ საპასუხო ბარათში შტეფან ცვაიგი გრიგოლ რობაქიძეს, რითაც ეს კეთილი და „ მზიური “ გულის მქონე ავსტრიელი ქართველ კაცს მიანიშნებს, რომ ასეთი კრძალვა და ბოდიშები მეგობრობაში საჭირო არაა. სწორედ ეს „ საშვი “ აღმოჩნდა საკმარისი, რომ გრიგოლ რობაქიძე სრული სიღრმითა და ბრწყინვალებით გახსნილიყო სახელოვანი კოლეგის წინაშე. დაბოლოს – გერმანული წერილების შესანიშნავი თარგმანი კიდევ ერთი აბსურდის დაძლევაში დაეხმარება ქარ
თველ მკითხველს, რომელიც, რა ხანია, კარგად იცნობს შტეფან ცვაიგის შემოქმედებას. წითელი რეჟიმის წყალობით კი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება ასე „ სამარცხვინოდ უცნობი “ იყო ჩვენთვის, მისი თანამემამულეებისათვისაც.
ეს უნიკალური წერილები ქართველ მკითხველს დაეხმარება გრიგოლ რობაქიძის, როგორც პიროვნებისა და როგორც
შემოქმედის, სრულყოფილ აღქმაში.
მაკა ჯოხაძე