Pro domo sua
გრიგოლ რობაქიძის უცნობი, კონცეპტუალური თხზულებების – „ჩემი განმარტება“ და „Pro domo sua“ – ორიგინალები პირველად 2011 წელს დაიბეჭდა გერმანიაში.
1947 წლით დათარიღებული „ჩემი განმარტება“ ავტორის ერთგვარი აღსარებაა, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ევროპის ცნობილი გამომცემლებისათვის დაუგზავნია, თუმცა მისი გამოქვეყნება ვერავის ვერ გაუბედავს. „Pro domo sua“ მწერალს სიცოცხლის მიწურულს, 1962 წელს, შთამომავლობისათვის შეუქმნია. „არ უნდა იცოდნენ, ვინ ვარ?“ – წერდა გრიგოლი გიტა ფონ შტრახვიტცს.
აქვე შეტანილია რობაქიძის „გულნადები“, რომელიც სუკის არქივში ინახებოდა და 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა. ის „ჩემი განმარტების“ თანადროულადაა დაწერილი და ეხმიანება მას.
სამივე ტექსტი, რომლებიც, ამავე დროს, ავტორის ავტოპორტრეტის უცნობი შტრიხებისა და მისი ღრმა ინტელექტის მანიფესტირებაცაა, წიგნში ერთი სათაურის ქვეშ გავაერთიანეთ, რადგან, ვფიქრობთ, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ახლებურად განმარტავენ გრიგოლ რობაქიძის არაორდინარულ პიროვნებას.