წინასიტყყაობა
გრიგოლ რობაქიძის ეს სამი რომანი, ისევე როგორც მისი წიგნების უმეტესობა, პირველად ევროპაში, გერმანულ ენაზე გამოიცა. „მეგი – ქართველი გოგონა“, „ქალღმერთის ძახილი“ და „მცველნი გრალისა“ საკმაოდ სოლიდურმა გამომცემლობებმა დაბეჭდეს, რამაც ხელი შეუწყო ქართველი მწერლის პოპულარობასა და დამკვიდრებას იმდროინდელ ლიტერატურულ სამყაროში.
გრიგოლ რობაქიძის წარმატებას სამშობლოში აღტაცებით არ შეხვედრიან. იგი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო აკრძალული, მისი ნაწარმოებები კი – დაგმობილი. 1937 წელს რეპრესირებულ მწერალთა რეაბილიტაციის მიუხედავად, გრიგოლ რობაქიძის სახელი ყველაზე გვიან გამოჩნდა ჯერ ქართულ პერიოდიკაში, შემდეგ კი ცალკე წიგნების სახით.
ერთია დიდი ინტერესი და მეორე რეალური სურათი: რეაბილიტაციიდან სამი ათეული წლის შემდეგაც გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა სრულად არ არის გამოცემული. ამის მთავარ მიზეზად შეიძლება მწერლის ტრაგიკული ბიოგრაფია დასახელდეს – გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნების დაკარგული ორიგინალები, უცხოეთის არქივებში გაფანტული ხელნაწერები.
„არტანუჯმა“ საგამომცემლო პროექტ „უცნობი გრიგოლ რობაქიძის“ ფარგლებში მოიძია და თარგმნა ქართველი მწერლის გერმანულენოვანი ტექსტები – რომანები, ნოველები, ესეისტიკა. თვალსაჩინო მთარგმნელების დახმარებით შევეცადეთ მკითხველისთვის მიგვეწოდებინა გრიგოლ რობაქიძის ღრმა და ორიგინალური სამყარო და შეგვენარჩუნება მისი ენობრივი თავისებურებები.
რაც შეეხება ამ სამ რომანს: საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ რობაქიძემ თითქმის ერთი საუკუნის წინ შესძლო ცივილიზებული მსოფლიოსთვის გაეცნო კავკასია, ურთულესი რეგიონი, თავისი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებით, მდიდარი წარსულითა და ტრადიციებით, რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნებითა და იმპერიის დამანგრეველ ძალასთან შეუპოვარი ბრძოლით.