ლენინი
გრიგოლ რობაქიძე
ტროცკი სწერდა: „მარქსს რომ არ მოეხდინა არც ერთი რევოლუციური აქტი და დაეტოვებია შთამომავლობისათვის მარტო „კაპიტალი“, მაინც მარქსი იქნებოდა: დიდი ისტორიული პიროვნება. ლენინს რომ არ დაეწერა არც ერთი სტრიქონი და დაეტოვებია კაცობრიობისათვის მარტო რევოლიუციური მოქმედება, მაინც ლენინი იქნებოდა: დიდი ისტორიული პიროვნება“.
ამ სიტყვებში ნამდვილი გაგებაა. მარქსი მოაზრე და ლენინი მოქმედი. ორივე დიდი ეკვივალენტობით. სინამდვილეში კი მარქსიც მოქმედებდა და ლენინიც სწერდა. მართალია: მარქსის ნაწერი უფრო დიდია, ვიდრე მისი მოქმედება, ხოლო ასეთი პროპორციით ვერ ვიტყვით, თითქო ლენინის ნაწერი უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე მისი მოქმედება. უფრო მართებული იქნება ვსთქვათ, რომ ლენინის „მწერლობა“ იგივე მოქმედებაა.
აქ არის ლენინის საოცრება, როგორც ისტორიული მოვლენის. ასეთი მთლიანი პიროვნება ბოლო ხანებში არ იცის. ევროპის ეპოქალური ტიპი ჰამლეტია. ჰამლეტობა ევროპაში თითქმის ყველა ისტორიულ პიროვნებას ახასიათებს. ლენინი ამ მხრით პირველია ევროპის ერაში, საიდანაც იწყება სრულიად ახალი ტეხილი: ჰამლეტის ანტიპოდი პიროვნება, როგორც განუკვეთელი ალი.
ლენინის ფენომენზე ტომები დაიწერება. საოცარია მასში: იდეალი ინტერნაციონალური და ბუნება ნაციონალური, ორივე ნაკადულის შესხეულებით. ხშირად მას პეტრე დიდს ადარებენ. ამ შედარებაში მართალია ორივეს „რუსობა“, მაგრამ გადალახვით ლენინი ბევრათ უფრო დიდია.
ლენინში მოცემულია მთელი რუსეთის „საშო“, აქ არის რუსეთის ველი, რომლის უკიდურობა სივრცის შიშს ჰბადებს. აქ არის გიჟური მოხედვა მღვრიე ქაოსის, რომლის თვალებში დოსტოევსკიმ ჩაიხედა. აქ არის ქვეყნის დაშლა, რომლის გუგუნი ქვესკნელში ტიუტჩევმა გაიგონა. აქ არის ნგრევის რიტმების აგორება, რომელსაც თან გადაჰყვა სკრიაბინი. აქ არის სლავური შეტევა სამყაროს მიმართ.
მაგრამ ლენინს კიდევ სხვა რამ ახასიათებს. რუსეთის „საშო“ რბილია და უნებო, ლენინი სასტიკია და ნებიანი. ლენინი ნებაა თვითონ, როგორც ხალიბის რკინა. მასში უთუოდ არის რასიული გაქანება მონგრეული მონღოლეთის. მონღოლი ჯერ კიდევ გამოუცნობია. აქ საკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ რაინდული გავარდნა მონღოლისა კეთილშობილურია თავის სისასტიკეში. სლავების უცნაურ არეში, როცა სული მარტო კატასტროფას ელის, ასეთი გავარდნა ფენომენალურ ფაქტად უნდა მოვლენილიყო. ეს ფაქტი ლენინია თვითონ. სწორედ აქ არის იგი მეტი პეტრე დიდზე. ლენინის გადალახვამ არ იცის საზღვარი.
ლენინის ნებისყოფას და ნაპოლეონის ნებისყოფას ადარებენ, მაგრამ, ერთი პოეტის სიტყვით, ნაპოლეონის ნება იყო ქოლერიული, ჭკუა კი – მელანქოლიური. ლენინის ქოლერიულ ნებას კი კიდევ უფრო ახელებს ქოლერიული ჭკუა. ამისათვისაა ლენინი მარტო ცეცხლი და მარტო წვა. ახალს ისტორიში ასეთი ცეცხლი მგონი არავის არ ჰქონია. აქ არის სიცხე ჰანნიბალის და რისხვა თიმურის.
ნების პრიმატი! ეს ხაზი ტროცკის სიტყვებიდანაც სჩანს. მაგრამ ეს პრიმატობა არ უნდა იყოს ინტელექტის პირისპირ. აქ არის ლენინის ფენომენალობა. რასაკვირველია, შესაძლოა – სხვას ოთხი უნივერსიტეტი ჰქონდეს გათავებული და ცამეტი ფაკულტეტი, შესაძლოა – ათასი სხვადასხვა პრობლემა წამოეყენებიოს და გასაოცარი ორიგინალობითაც გადაეჭრას. ასეთ ინტელექტზე აქ არ მაქვს ლაპარაკი. მე მაქვს სახეში ინტელექტი, რომელიც „ფატუმშია“ მოცემული. „ფატუმი“ ანტიური გაგებით. ლენინში უთუოდ არის „ბედი“ თუ გინდ იმ გაგებით, რომელიც ბოლო ხანებში ოსვალდ შპენგლერმა წამოაყენა. აქედან მომდინარეობს ლენინის დიდი ინსტინქტი: ყოველის წამსავე გაგება, ტომებისა და ტრაქტატების გარეშე. აქედან გამოდის მისი სწორი და უტყუარი თვალი გაზომვაში. აქედანვე – მისი რევოლუციური მიმართება და ტაქტი.
ლენინი ყველაზე დიდი რევოლუციონერია. ამ მხრით მან არ იცის ტოლი. ნუ შეგვეშინდება გაბედული თქმის. ევროპაში რევოლუცია უფრო მატერიალურ სიკეთეთა „გადალაგებაა“, რუსეთში რევოლიუცია სამყაროს პრობლემადაა გადაქცეული. ყოველ შემთხვევაში: პათოსით და რომანტიკით. ეს პათოსი და რომანტიკა შექმნა ლენინმა. „რომანტიკა“ არა როგორც სისხლნაკლულობა და „ოცნებობა“: რასაკვირველია. კიდევ მეტი: ლენინის სახით მოცემულია ახალი რასსა რევოლუციონერის. აქ ნება და ინტელექტი ერთი და იგივეა.
ცხადია აქედან: რომ „მარქსიზმთან“ ერთად „ლენინიზმი“ შეიქმნა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ლენინიზმი“ ახალი სწავლაა „მარქსიზმთან“ შედარებით. ამაზე ალბად ტომებს დასწერენ.
ლენინი ბედია და მაშასადამე გაბედული. ასეთი „გაბედვა“ სამყაროს მხრით არ ჰქონია არავის. ასეთი რისხვა არ მოვლენია ჯერ კაპიტალისტურ სისტემას. თვითონ სახელი მისი „ულიანოვ-ლენინ“ მოდის ისე, როგორც ურაგანი. ლენინში არ არის ის, რაც გულგრილობას იწვევს. ის მოცემულია, როგორც ძელქვის კორძი, უტეხი და უკვეთელი. ის სასტიკია, როგორც მოქნეული ხმალი. მაგრამ „სასტიკია ყოველი შემოქმედი“ (ნიცშე). „პირადული“ წარეცხილია თითქო მასში. მასში მოსჩანს „უპიროვნო“ სახე თვითონ ისტორიისა, ამისთვის არის იგი საოცარი და საშიშარი. ასეთია „ფატუმი“ თვითონ. ამაშია მისი ძლევა.
სიტყვის გაგრძელება შეიძლება. მაგრამ