წინასიტყვაობა
დედამიწა შეიძლება უბრალოდ გავიაზროთ, როგორც გეოლოგიური შედგენილობა, თუმცა ასევე, ვითარცა კოსმიური არსება: მრავალ თაობას ათასწლეულების მანძილზე ის „კოსმიურ სულად“
ესახებოდა. თუ დღეს მას ამგვარი ცოდნით მივეახლებით, ვერ გავექცევით შეგრძნებას, რომ ის ძალზე იტანჯება. დიახ, შეიძლებოდა გვემტკიცებინა, რომ მსოფლიო ომის შემდეგ მისი ეთერული სხეული მძიმე განსაცდელში უნდა იყოს.
მასზე ორი მიმართულება შეიგრძნობა. პირველი: ეს ის ძალებია, რომლებიც დედამიწას განიხილავენ, ვითარცა წმინდა „მატერიას“
. ამასთან, Ratio და ტექნიკა საშუალებანი გახლავთ. დედამიწა განხიბლულია და ღვთისაგან მიტოვებული. ყველაფერი, რაც დედამიწაზე ხდება, განისაზღვრება, ვითარცა ოდენ საგანთა სამყაროს „ფაქტი“
. მარადიული უარყოფილია და ინდივიდუალური პატივაყრილი: ყველაფერი დანერგილია, ვითარცა ანონიმური, უსახო ინტერნაციონალური. ეს ძალები, რომელთა წარმოჩენას მე ჩემი წიგნი „ჩაკლული სული“
მივუძღვენი, ყველგან არსებობს – თუმცა ისინი კონცენტრირებულნი საბჭოთა კავშირში არიან.
მეორე მიმართულება: ეს ის ძალებია, რომელთათვის დედამიწა მატერიალურ-საგნობრივი კი არაა, არამედ Magna Mater, დიდი დედა გახლავთ. Ratio-ს მაგიერ აქ მანიფესტირებულია ინტუიცია და ტექნიკა უმეტესწილად მაგიის იმიტაციად არის მიჩნეული. ყოველი მოვლენა სამყაროსთან კოსმიურ კავშირში, და ამიტომ, მითოლოგიურად განიხილება. საკუთარ თავში ჩაკეტილი სასიცოცხლო ერთეულები (რასა, მიწა, ტომი და მრავალი სხვა) გააქტიურებულია და ამით სამყაროს მრავალფეროვნება მტკიცდება. არის მცდელობანი, მიწიერი ძალები ერის (Natio) სახით განავითარონ. ეს ძალები ყველგან მოქმედებს – მაგრამ მათი უშუალო არეალი თანამედროვე გერმანიაა. რატომ სწორედ ევროპის ეს ნაწილი? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, სულიერად უნდა ჩავიძიროთ გერმანულ მისტიკაში, გერმანულ მუსიკაში, გერმანულ მხატვრობაში, გერმანულ პოეზიაში, გოეთეს ფენომენში (გოეთე ყოფიერებაა საკუთარი თავისათვის). აქ დედამიწა საკუთარი თავიდან გარეთ სულის ფორმირებაში მონაწილეობს. ამისათვის მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტანთ: შევადაროთ რაფაელის მადონა დიურერის მადონას. მაშინ, როცა პირველი ზეციურის სრულქმნილებაში ეთერულად ლივლივებს, მეორე გრძნობიერ-რეალურად დედამიწიდან ამომართულა.
ეს ორი მიმართულება თანამედროვეობის მაგისტრალებს ქმნის. ყველა დანარჩენი, რაც დღეს ხდება, ოდენ შუალედური საგანია.
წინამდებარე ჩანაწერები ხსენებული პოლარული მიმართულებების გათვალისწინებით შეიქმნა. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ მკაცრი აბსტრაქტული მსჯელობანი, რადგან, ცალკეული ტალღა, ატმოსფეროში რომ ლივლივებს, ოდენ შესაძლებელია, აბსტრაქციაში მოიხელთო. საგნებს ოცნების მსგავსად უნდა მიეახლო, შინაგანად ჭეშმარიტებისათვის ანთებული – რათა კოსმიურად განვითარებული მასზე თვითნებობისა და ჩარევის გარეშე შევიმეცნოთ. ამ ჩანაწერებში საგნებს ჭვრეტით, ე. ი. პოეტურად შევეხებით. ისინი უბრალოდ შთაბეჭდილებებია, ან სულაც ანაბეჭდები, ვიზიონების წამიერი გამოსახულებანი. არის აქ რაიმე გამოგონილი? რა თქმა უნდა, დიახ – მაგრამ მხოლოდ იმ ზომით, როგორც ამას ითხოვს „ფანტაზია რეალურის ჭეშმარიტებისათვის“
(გოეთე).
მე ნათლად მაქვს შეგნებული, რომ ამგვარი ჩანაწერებით ვერაფრის დამტკიცებას შევძლებ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვინმე დავარწმუნო ან ჭკუა დავარიგო. თუმცა მკითხველის ცნობიერებაში ამ პორტრეტთა მიმდევრობას მატერიალურად ნიშნეული რაღაც სულიერი ელემენტი თუ აკლია, ამგვარად, არაა გამორიცხული, რომ საგნები მის გონებაში უეცრად გამოჩნდება და გამოანათებს ახალ კონტექსტში, რომელიც თავად მე ვერ წარმომედგინა. ეს ჭეშმარიტების მკაცრ და უსასრულო დაბლობზე ნამდვილი განაყოფიერება იქნებოდა. სხვა პრეტენზია ამ წიგნს არა აქვს.
კიდევ უნდა შევნიშნოთ: თუმცა ფარაონის მეუღლე ნეფერტიტი ჩვენგან ათასობით წლითაა დაშორებული, მაგრამ იქ, სადაც დედამიწა სულიერი მზერითაა განხილული, ის ჩვენს თანამედროვედ რჩება და აქ მისი პორტრეტი შეიძლებოდა განგვეხილა, როგორც სხვა პორტრეტთა გასაღები. სტალინის პორტრეტი გადმოტანილია ჩემი წიგნიდან „ჩაკლული სული“
, მაგრამ მან მნიშვნელოვანი ცვლილებანი განიცადა. მასში ზოგი რამ გაუმჯობესდა და ზოგიერთი რამ კვლავ ხელახლა შეითხზა.