ველბის ცხოვრება მოქმედი პირები:
ველბი, პოეტი;
მინა, მისი მეუღლე;
ალდო, ველბის მამა;
ჯინა, ველბის დედა;
ბრუნო, მენეჯერი;
ექიმი რიჩო;
პირველი ქალიშვილი
მეორე ქალიშვილი
ნათესავები
მოქმედება I
სცენა I
(ოთახი. შუაზე დგას მაგიდა სკამებით. მარცხნივ - დაბალი მაგიდა და მის ორივე მხარეს თითო სავარძელი. სავარძლის უკან ლამფა. საპირისპირო კედელთან ძველებური ტელევიზორი პატარა ეკრანით. სიღრმეში ბუხარი ანთია. ალდო სავარძელში ზის, ჯინა მის კალთაში.)
ჯინა: ალდო, ხომ კარგია, რომ დაფეხმძიმებას შევძლებ?
ალდო: ეს არაჩვეულებრივია, საყვარელო და, იმავდროულად, აუხსნელი.
ჯინა: რა არის აუხსნელი?
ალდო: წარმოიდგინე, ვართ მხოლოდ მე და შენ, ორნი და რაღაც დროის შემდეგ პატარა გვემატება, რომელიც მანამდე არ არსებობდა. უკანასკნელ ხანს გამუდმებით ამის შესახებ ვფიქრობ.
ჯინა: ჰო, ძალიან ბედნიერი ვარ. წელიწადიც არ გავა და ჩვენ გოგონას ჩავეხუტებით.
(პაუზა)
ალდო: მგონი ჯობს შვილი თქვა.
ჯინა: ჰო, შვილი, გოგონა.
ალდო: შესაძლოა ასეც იყოს.
ჯინა: არა, ნამდვილად ასე იქნება.
ალდო: არ გეგონოს, რომ წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაინტერესებს, რა გაძლევს ასეთი რწმენის საბაბს. ხომ შეიძლება ბიჭი გაჩნდეს?
ჯინა: ბიჭი? (პაუზა.) არა. შეუძლებელია. მე მას ვხედავ. ვხედავ როგორია. იცი? ოქროსფერი თმები აქვს და ვარსკვლავებივით თვალები. ვიცი რა აცვია, ისიც ვიცი სად ვუყიდე. ვხედავ როგორ თამაშობს, მესმის რა საყვარლად ამახინჯებს სიტყვებს. იზრდება. კი, ნამდვილად გოგონა იქნება. სახელიც შერჩეული მაქვს.
ალდო: უკვე სახელი. ვხედავ დიდი სურვილი გაქვს, მაგრამ სჯობს ახლავე გითხრა. დიდი სურვილი ზოგჯერ დიდ იმედგაცრუებას იწვევს.
ჯინა: რას გულისხმობ?
ალდო: იმდენად დიდია შენი სურვილი, რომ ყველაფერი დაჩრდილა, რეალობას ფარდა ჩამოაფარა, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სურვილს, მიუხედავად მისი ძალისა, მნიშვნელობა არ ენიჭება. სურვილი თავისთავად არაფერს ცვლის.
ჯინა: ვერ ვხვდები.
ალდო: ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ ან არ გავაჩინოთ, მაგრამ ვინ გაჩნდება, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მეც რომ იგივე ვისურვო, რაც შენ, მაინც ვერაფერს შევცვლით.
ჯინა: რატომ?
ალდო: დაფიქრდი. ჩვენი მხოლოდ სურვილია. მას იქით არაფერი.
ჯინა: მე ხომ ძალიან მინდა?! როცა ძალიან გსურს, ხომ ყველაფერი გამოდის?!
ალდო: მიწაზე დაეშვი. როდესაც ძალიან გსურს, მხოლოდ გგონია, რომ ეს გარდუვალად მოხდება, ამ დროს კი სურვილი შესაძლოა სურვილად დარჩეს. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ შეიძლება არ მოხდეს. ეს იგივეა, წვიმის წამოსვლა ისურვო. შეიძლება გაწვიმდეს, შეიძლება არ გაწვიმდეს, მაგრამ ამ მოვლენაზე ზემოქმედება არ შეგიძლია. მოხდება თუ არ მოხდება, ეს შენზე არ არის დამოკიდებული.
(პაუზა)
ჯინა (დათრგუნული): ესე იგი … წვიმა … როგორც წვიმა … ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა მართალი ხარ. მაგრამ ხომ შეიძლება ასე მოხდეს? (პაუზა) თუმცა შეიძლება არც მოხდეს. ჩვენ კი ვერაფერს შევცვლით.
ალდო: ჰო, ვერც ჩვენ და ვერც სხვა.
ჯინა: უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს … რაღაც დავკარგე. ოქროსფერი თმები, თვალები გაფერმკრთალდა, გაქრა … ვეღარ ვხედავ. ახლა რა უნდა ვქნათ?
ალდო: რას გულისხმობ?
ჯინა: იქნებ საერთოდ არ ღირს შვილის გაჩენა?
ალდო: რატომ?
ჯინა: ადამიანი უნდა მოვავლინოთ ქვეყანას და არც კი ვიცით, ვინ იქნება.
ალდო: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება.
ჯინა: როგორ თუ არ აქვს?
ალდო: ვინც არ უნდა გაჩნდეს და როდესაც არ უნდა გაჩნდეს, ის შენი შვილი იქნება და შენ ის გეყვარება.
ჯინა: როგორ? რომ არ … თუმცა არა. ო, ღმერთო! მადლობა ღმერთო! შენ მართალი ხარ, ალდო. ახლა უკვე მეც შენსავით ვფიქრობ. მივხვდი! თუკი გიყვარს, და მე ვიცი, რომ მიყვარს, უკვე მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაჩნდება და ახლა გაჩნდება თუ შემდეგ.
ალდო: მაშ მოვავლინოთ ქვეყანას პატარა, რომელიც უამრავ სიხარულს მოგვიტანს.
ჯინა: სიხარულს, სიხარულს მოგვიტანს ყველას.
(სცენა ბნელდება, დაახლოებით ოც წამს სიჩუმეა, შემდეგ ისმის ახალდაბადებულის ტირილის ხმა, რაც ამდენივე ხანს გრძელდება.)
სცენა II
(დილაა. იგივე ოთახი. მაგიდის გვერდით დგას ოთხთვალა ეტლი, რომელშიც პატარა წევს. მაგიდასთან დგას ჯინა, ბოსტნეულს ხეხავს და დროდადრო ეტლს გაჰყურებს. შემოდის ალდო, კოსტუმი აცვია და ჰალსტუხი უკეთია. ყავას სვამს. სამუშაოდ წასასვლელად ემზადება.)
ალდო: რას უმზადებ?
ჯინა: ხილის და ბოსტნეულის პიურეს.
ალდო: რისგან შედგება?
ჯინა: ერთი სტაფილო, ნახევარი ჭარხალი და ორი ვაშლი.
ალდო: ეგ თანაფარდობა ვინ დაადგინა?
ჯინა: ექიმმა დიეტოლოგმა.
ალდო: ორი ვაშლის ნაცვლად ერთი რომ მისცე ან სამი, რა მოხდება?
ჯინა: არ ვიცი.
ალდო: