კონსტანტინე დიდის უკანასკნელი დღე - მიებარა კაცთამკვლელი. ჯოჯოხეთში გაიტანჯება სამუდამოდ.
- ნუ იტყვი ასე. უფალი გიწყენს.
- კი, კი, ზუსტად ასე იქნება, დარწმუნებული ვარ.
- მეც ასე ვფიქრობ.
- მე კი მგონია, რომ ღვთისმოსაობა დაუფასდება.
- არ ვიცი, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი...
ასე საუბრობდა რამდენიმე ადამიანი უზარმაზარი ბრბოს შუაგულში, რომელიც გრძელი და განიერი ქუჩით კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ეკლესიისკენ მიემართებოდა. ყველა ჯურის ხალხს მოეყარა აქ თავი: რომაელებს, ებრაელებს, გოთებს, გალებს, ლომბარდებს, სირიელებს, ბერძნებს, სპარსელებს, ქრისტიანებსა და წარმართებს, მღვდლებსა და ქურუმებს, მდაბიოებსა და დიდგვაროვნებს. სახეზე სურვილი აღბეჭდოდა ყველას წამით მაინც მოხვედრილიყო ეკლესიაში და შემდეგ, იქედან გამოსულს, როგორც ეს მრავალს ჩვევია, მეზობლების, ნაცნობებისა და ოჯახის წევრებისთვის უპირატესობის განცდით მოეთხრო ის, რაც იქ იხილა, ის, რისი ხილვაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ თუ მოუწევდა და შემდეგ მუდამ ემახსოვრებოდა, ისე, რომ მომავალ თაობებსაც ასეთივე უპირატესობის გრძნობით გადასცემდა ამ ამბავს, უპირატესობით იმისა, რომ მას ეს ნანახი ჰქონდა, მათ კი არა, და თან ისინი ამას ვერასოდეს ნახავდნენ. მართლაც, სანახაობა იყო დიდებული და მოკრძალებული. იქ, წმინდა მოციქულთა ეკლესიის მაღალ თაღებს ქვეშ, რომის იმპერატორის, მარადი ავგუსტუსის, კონსტანტინე დიდის ნეშტი იყო დასვენებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნიკომედიიდან გადმოებრძანებინათ.
მთელ წელიწადს იავადმყოფა დიდმა ავგუსტუსმა. ბოლო თვეებში ექიმები არ შორდებოდნენ. თანდათან სუსტდებოდა სხეული. იმპერატორმა აბანოებით სცადა გამოჯანმრთელება, მაგრამ ამან არ უშველა. საიდან არ ჩამოჰყავდათ მკურნალები: აქ იყვნენ ელინი ექიმები - გლავკოსი, გაკვეთის ოსტატი ესქინე ქიოსელი და ცნობილი მეწამლე ანტიფანე ქნიდოსელი. მათთან ერთად იყო გაიუს სესტერციუს მარციალე, მრავალი რომაელი დიდგვაროვანის პირადი მკურნალი და მრჩეველი. ექიმები სენის მიზეზს ვერ ადგენდნენ, რის გამო განკურნების მცდელობა მარჩიელობას ემსგავსებოდა. საბოლოოდ ესქინემ ქირურგიული ჩარევა ჩათვალა აუცილებლად, მას მიემხრო მარციალეც, მაგრამ, როდესაც მოქმედება გახდა აუცილებელი, ვერავინ გაბედა იმპერატორის ღვთიურთან გათანაბრებულ სხეულს მიკარება. ავგუსტუსი კი სულ უფრო სუსტდებოდა. რევანდის, ნაღველასა და ძირტკბილას ნაყენი შედეგს არ იძლეოდა. დღედაღამ ლოცულობდა მისთვის ევსევი ნიკომედიელი, ღმერთს იმპერატორისთვის ჯანმრთელობას თხოვდა; მისთვის ლოცულობდნენ უდაბნოში გასული ქრისტიანი ბერები. ევსევიმ ისიც კი ქნა, რომ ღრმად მორწმუნე იმპერატორისგან მალულად წარმართ ქურუმებს შეალოცინა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. საბოლოოდ გზა თავად იმპერატორმა გამოძებნა. როდესაც ნათელი გახდა, რომ გამოსავალი არ არსებობდა, ბედს შეურიგდა, დათმო აქაურობა, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადებას შეუდგა და მონათვლა მოითხოვა, რაც აასრულა კიდეც ევსევიმ. ეს 337 წლის 22 მაისს, სამებობის დღესასწაულის ბოლო, ორმოცდამეათე დღეს მოხდა. ნათლობიდან რამდენიმე საათში კი ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუს ავგუსტუსი ნიკომედიის მახლობლად, აქირონში აღესრულა, 65 წლისა. სამი დღის შემდეგ იგი, მისი ანდერძისამებრ, მის მიერ აშენებულ ქალაქ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მას ფლავიუსთა საგვარეულო აკლდამაში, თორმეტი მოციქულისთვის განკუთვნილ საძვალეთა გვერდით უნდა მოეპოვებინა სამარადისო სასუფეველი.
რთული ცხოვრება განვლო კეისარმა. მამას, ბრიტანეთის იმპერატორ კონსტანციუს ქლორუსს, თითქმის არ იცნობდა. დედასთან იზრდებოდა, ვინც ელენედ იწოდებოდა და ღვთისმოსავი ქრისტიანი გახლდათ. ელენეს კონსტანციუსთან ერთადერთი შვილი ჰყავდა, თუმცა მას ცოლად არ ერგებოდა, მასთან თანაცხოვრობდა მხოლოდ, კონკუბინა იყო. მისი პირველი და ერთადერთი ფეხმძიმობა ტანჯვით გახლდათ აღსავსე. მას შემდეგ, რაც იგრძნო, რომ ორგანიზმში ცვლილება ხდებოდა, კოშმარი აედევნა. გველს ხედავდა სიზმრად: სველ და პრიალათავიან არსებას, რომელიც საშოთი მისრიალებდა მის სხეულში და პირიდან შხამს ანთხევდა. სიზმარი ყოველ ღამე მეორდებოდა ექვსი თვის განმავლობისას. ვერც ექიმებმა უშველეს და ვერც მღვდლებმა. შვება მხოლოდ მშობიარობას მოყვა. კოშმარები გაქრა, თუმცა უსიამოვნებამ სინამდვილეში გადმოინაცვლა. კონსტანტინე გარეგნულად ყოვლად შემკული ბავშვი გახლდათ, მაგრამ ერთი ნაკლი დაყვა: ექვს-ექვსი თითი თითო ფეხზე. ელენე შეძლებისდაგვარად ანებივრებდა ერთადერთ შვილს, შეზღუდვების გარეშე ზრდიდა, მრავალი რამის უფლებას აძლევდა. ალბათ ამას იმ მოსაზრებით აკეთებდა, რომ მცირეწლოვან და ნაკლის მქონე ფლავიუსს თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, ხოლო თუ ასე მოხდებოდა, ჭარბი უფლებები თითქოს ამ ყველაფრის საკომპენსაციოდ გამოდგებოდა.
კონსტანტინე თავნება ყრმად ყალიბდებოდა. მედიდურად დადიოდა, დინჯი ნაბიჯებით, მუდამ წარჩინებული რომაელის მსგავსად იყო შემოსილი. უცნაური გახლდათ ტოგაში გახვეული ექვსიოდე წლის ბიჭის ხილვა, მაგრამ მის გამომეტყველებაში ისეთი მიზანსწრაფულობა ჩანდა, ისე