შესავალი ვინაიდან ფსიქოანალიზი, უპირველეს ყოვლისა, არის მეთოდი, რომელიც ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებს კლასიკურ დიქოტომიას თეორიასა და პრაქტიკას შორის, პარადოქსულია მკითხველისთვის შესავლის სწორედ ზოგიერთი თეორიული კონცეპტის განხილვის გზით შეთავაზება. ფსიქოანალიზი არ გულისხმობს თეორიისა და პრაქტიკის დაპირისპირებას, ისევე როგორც პრაქტიკა არ ნიშნავს მისთვის თეორიის ხისტად გამოყენებას. როგორც ლაკანი ამბობდა, ფსიქოანალიზი, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკის თეორიაა - პრაქსისი (პრახის), რადგან მასში თეორიის პრაქტიკული გამოყენება ყოველთვის აღმოჩენასთან, სიახლესთან არის დაკავშირებული, რაც მისი ტრანსმისიის სირთულეს განაპირობებს. ფსიქოანალიზის მოძღვრების სხვისთვის გადაცემა მხოლოდ თეორიულ სწავლებამდე არ დაიყვანება. ეს საკითხი ფროიდსა და მის მოწაფეებსაც აფიქრებდა და, მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული წესებისა, ფსიქოანალიზური ფორმაცია დღემდე შეუთავსებელია წინასწარ გაწერილ პროგრამასა ან ტრანსმისიის ტიპურ სქემასთან, რაც გასაგებს ხდის ამ საკითხის რეტროსპექტული კვლევის მიმართ არსებულ ინტერესს.
მიუხედავად ამისა, ფსიქოანალიზი ისწავლება და ამას, უპირველეს ყოვლისა, ანალიზური მკურნალობის დროს მიღებული გამოცდილება განაპირობებს. დროთა განმავლობაში ანალიტიკოსის პირადი ანალიზი ფსიქოანალიტიკოსის ფორმირების ფუნდამენტური ნაწილი გახდა, რადგან, როგორც ფროიდი ამბობდა, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი არაცნობიერის არსებობის რელურობაში დარწმუნება, რაც თეორიული სწავლების არც ერთი ფორმით არ მიიღწევა(S. Freud, pr é face à "Jeunesse à l ’ abandon" de A. Aichorn, (1925f), trad. R.Lain é , OCF.P. (oevres com pl è tes de Freud.psychanalyse)XVII, Paris, PUF, 1992, P.162; G.W. (Gesammeltes Werke) XIV.). საქმე ეხება ცოდნას, თუმცა ფსიქოანალიზური ცოდნა გულისხმობს არაცნობიერ ცოდნას, რომლის პირდაპირი გზით წვდომის ყოველგვარი მცდელობა წინააღმდეგობას აწყდება. ის არ არის სისტემური ბუნების და მისი შეცნობა, აღმოჩენა მხოლოდ ამ ცოდნის გამოვლინებებში არის შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, ფსიქოანალიზური კონცეპტების განხილვა არ შეიძლება იმ შინაგანი მოძრაობის გათვალისწინების გარეშე, რომელმაც ისინი შექმნა, რის გამოც ამ წიგნში უპირატესობა მიენიჭა ფსიქოანალიზური კონცეპტების განხილვას მათი აღმოჩენის დინამიკისა და ქრონოლოგიის გათვალისწინებით. ეს დინამიკა განასახიერებს გზას, რომელიც ყველამ, ვინც ანალიზის პრაქტიკით არის დაკავებული, თავიდან უნდა განვლოს და აღმოაჩინოს. ის უკიდურესად ინდივიდუალურია.
ფსიქოანალიზი მოიცავს სხვადასხვა მიმდინარეობას, რომლებიც ქმნის ნაშრომების, პუბლიკაციებისა და სემინარების ანგარიშგასაწევ ერთობლიობას. მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, ფსიქოანალიზს გააჩნია ერთი, ყველა მიმდინარეობისთვის საერთო და ფუნდამენტური ბირთვი - ფროიდის შემოქმედება. ჩვენ სწორედ მისი შემოქმედების განხილვით დავიწყებთ, შემდეგ კი იმ ავტორებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც ფსიქოანალიზი „ ხელახლა აღმოაჩინეს “ მომავალი თაობებისთვის და წარუშლელი კვალი დაატყვეს მას. მე შევეცადე, სტუდენტებისთვის (და არა მარტო მათთვის) განკუთვნილ ნაშრომში წარმომედგინა საკმაოდ ვრცელი პანორამა, ოღონდ თანამედროვე ავტორთა გამოკლებით, რომლებსაც დაინტერესებული მკითხველი ბიბლიოგრაფიის სიაში იპოვის.
აქვე მსურს, ჩემი ტექსტის გულისყურით წაკითხვის, შენიშვნებისა და შესწორებისთვის, ასევე მეგობრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჟოელ დორს, გი ლერესსა და ჟაკ სედას. მადლობას ვუხდი აგრეთვე კლერ ჰენოს გამომცემლობა "ნათანიდან" (Nathan), კლარა კუნდს და დომინიკპლატიე ზეითუნს ხელნაწერის აღდგენისა და შესწორებისთვის, ხოლო სოფი გრივოს - ნაშრომის ხელხალა გამოცემის ინიციატივისათვის.