პირველი იმ ზაფხულის მიწურულს, როცა ისეთ სასოწარკვეთაში ჩავარდა, რომ დატრიალებული უბედურებიდან გამოსავლის პოვნის იმედიც კი გადაეწურა, მისის პენმარკმა გააცნობიერა, რომ შვიდი ივნისი, ფერნის გრამატიკის სკოლის პიკნიკის დღე, ამასთან, მისი ბედნიერების უკანასკნელი დღეც იყო, რადგან მას მერე აღარც კმაყოფილება უგრძნია და აღარც – სიმშვიდე.
ეს პიკნიკი პელიკან ბეის სანაპიროზე, მუხებში ჩაფლულ ბენედიქტში, ფერნების საზაფხულო მამულში ყოველწლიურად იმართებოდა. დები ფერნები სამყაროს სწორედ აქ მოვლენოდნენ და თავიანთ ერთფეროვან, უხალისო ზაფხულთა დღეებიც აქ გაელიათ. აქაურობა ისე უყვარდათ, რომ მაშინაც კი, როცა ფინანსურად გაუჭირდათ, ძველი მამულის გაყიდვას თავიანთი ქალაქის სახლის სკოლად გარდაქმნა არჩიეს, მეგობრების შვილებისთვის. პიკნიკი ყოველთვის ივნისის პირველ შაბათს იმართებოდა, რადგან სამ დათაგან უფროსი, მის ოქტავია, დარწმუნებული იყო, რომ, მიუხედავად არაერთი ისეთი შემთხვევისა, როცა პიკნიკი წვიმის გამო სახლში გადაიტანეს, ივნისის პირველი შაბათი ღია ცის ქვეშ დროის გასატარებლად საუკეთესო დღე გახლდათ.
– როცა პატარა გოგო ვიყავი, ზუსტად იმხელა, რამხელაც თქვენ ხართ ახლა, – ეუბნებოდა ის ყოველ ზაფხულს თავის მოწაფეებს, – ბენედიქტის პიკნიკს ყოველთვის ივნისის პირველ შაბათს ვმართავდით. ჩვენი ყველა ნათესავი და მეგობარი, ისინიც კი, ვინც თვეები არ გვენახა, ამ დღეს აუცილებლად გვსტუმრობდა. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ოჯახური თავყრილობა იყო; სიცილით, სიურპრიზებითა და ნაზი, მხიარული ხმებით აღსავსე თავყრილობა. ეს დღე ყველას ლამაზად და ბედნიერად ამახსოვრდებოდა. ეჰ, მაშინ უთანხმოება რა იყო, არც ვიცოდით; მაღალი საზოგადოების წევრებს შორის დავა წარმოუდგენელი რამ გახლდათ, ქალბატონებსა და ბატონებს შორის უხეში სიტყვა არასოდეს ითქმოდა. ისე ტკბილად გვახსენდება ჩემს დებსა და მე ის დრო! როგორი სიამოვნებით დავაბრუნებდით იმ დღეებს!
ასეთ დროს მის ბარჯის ფერნი, შუათანა და, რომლის ტვინიც ყველაზე პრაგმატულად იყო მოწყობილი და ამიტომ სკოლის ადმინისტრაციულ საკითხებსაც ის უძღვებოდა, ამატებდა: – იმ დროს ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო. სახლი მოახლეებს ვერ იტევდა, ყველა იმაზე ოცნებობდა, რამით დაგხმარებოდა, რაიმეთი ესიამოვნებინე. დედა და მოახლეების ნაწილი პიკნიკამდე რამდენიმე დღით ადრე მანქანით გამოემგზავრებოდნენ ხოლმე ბენედიქტში. ზოგჯერ პირველ ივნისსაც კი აქ იყვნენ – ამ დროს სეზონი ოფიციალურად გახსნილად კი ითვლებოდა, მაგრამ სანაპიროს ძირძველი მოსახლეები ჩვენი პიკნიკის დღემდე ზაფხულს დაწყებულად არ მიიჩნევდნენ.
– ბენედიქტი თვალწარმტაცი ადგილია, – ამბობდა მის კლაუდია ფერნი, – „პატარა, დაკარგული მდინარე“ ჩვენს მიწას ხეობის მხრიდან აკრავს და იქვე ყურეში ჩაედინება, – მის კლაუდია სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა და ასეთ დროს მექანიკურად ამატებდა ხოლმე, – ამ ადგილებში გარემო ბომბუას მდინარეთა მომხიბვლელ პეიზაჟებს მაგონებს, – მერე იაზრებდა, რომ მოწაფეთაგან ზოგიერთს, შესაძლოა, არ სცოდნოდა ბომბუას ვინაობა და სასწრაფოდ ამატებდა, – მცირეწლოვან ჯგუფთა საყურადღებოდ, ბომბუა თანამედროვე ფრანგი პრიმიტივისტია. ოჰ, ვერ წარმოიდგენთ, რარიგ მოქნილია მისეული დაუხვეწელობა! როგორი საოცარი კომპოზიციები და მწვანე ფერის აღქმა აქვს! მოგვიანებით ბომბუაზე მრავალ საინტერესო ამბავს ისწავლით.
მოპიკნიკეთა გრძელი და სასიამოვნო დღე ფერნების ქალაქის სახლიდან, აწ უკვე სკოლიდან, იწყებოდა; თითოეული მოსწავლის მშობელი მკაცრად იყო გაფრთხილებული, რომ შვილები სკოლის გაზონზე რვა საათამდე მოეყვანა – არც ერთი წამით გვიან. გეგმის მიხედვით, სწორედ ამ დროს უნდა დაძრულიყვნენ ადგილებიდან დაქირავებული ავტობუსები. ამიტომაც მისის ქრისტინ პენმარკმა – ადამიანმა, რომელსაც ჭირივით ეზიზღებოდა დაგვიანება და, საერთოდ, ნებისმიერი სულიერის ლოდინისთვის გაწირვა, მაღვიძარა ექვს საათზე მომართა. ჩათვალა, რომ ზუსტად ამდენი დრო ეყოფოდა დილის ჩვეული პროცედურების ჩასატარებლად და ბოლო წამებზე გახსენებული იმ პატარ-პატარა საქმეების მოსაგვარებლად, რომლებიც სიჩქარეში, შეიძლება, თავიდანაც კი ამოგივარდეს ადამიანს.
მისის პენმარკმა დაგეგმილი საათის გონებაში ჩასაბეჭდად ჩაძინების წინ საკუთარ თავს გაუმეორა: „ზუსტად ექვს საათზე გაახელ თვალებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაღვიძარას რაიმე მოუვა“; მაგრამ მაღვიძარამ დროულად დარეკა. ერთი მორიდებული დამთქნარების შემდეგ მისის პენმარკი საწოლში წამოჯდა და მაშინვე თავისთვის აღნიშნა, რომ, მის ოქტავიას დაპირებისამებრ, მშვენიერი დილა გათენებულიყო. ქერა, ლამის ჩალისფერი თმა შუბლიდან გადაიყარა და სააბაზანოსკენ გასწია. იქ სარკის წინ დადგა და თავის გამოსახულებას დიდხანს მიაშტერდა. კბილის ჯაგრისი ისე უსიცოცხლოდ შერჩენოდა ხელში, თითქოს ვერ გადაუწყვეტია, რა უყოსო. ნაცრისფერი, შორიშორს ჩასმული, მშვიდი თვალები ჰქონდა; სახის კანი – გარუჯული და მკვრივი. უცებ ტუჩები მოზიდა და დღის პირველი, საცდელი, ტრივიალური ღიმილი გამოიხმო სახეზე; და ასე, სარკის წინ მექანიკურად გაღიმებულმა, სასხვათაშორისოდ ყური ჰკიდა ფანჯრიდან შემომავალ ხმებს: შორს მანქანა დაქოქეს, წყნარი ქუჩის კიდეებზე ჩამომწკრივებულ მარადმწვანე მუხებში მოფრთხიალე ბეღურები აჟღურტულდნენ, სადღაც ბავშვმა შეჰყვირა და მყისიერად