Neskit lobi virtus(*) (*) (ლათ.) სათნოებისთვის უცხოა ყოყმანი.
არცთუ ძალიან დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ქალაქ N-ის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის – ღირსი მამის ქაღალდებში აღმოჩნდა ცალკე შეკრული ქაღალდების დასტა, რომელმაც ხელიდან ხელში გადასვლის შემდეგ ჩემამდეც მოაღწია, თანაც ისე, რომ ჩემდა გასაკვირად, მთელი ეს ხანი ერთი ფურცელიც არ დაკლებია. შეკვრის ზემოდან წარწერილი ლათინური ფრაზა შემდეგში ეპიგრაფად გამომადგა, ქალის სახელიც მე გამოვიყენე წიგნის სათაურად. სწორედ ლათინური წარწერის დამსახურებაა, შეკვრა რომ გაუხსნელი დარჩა: ეტყობა, საღვთისმეტყველო ნაშრომები ან ქადაგებები ეგონათ და ამიტომაც დიდად არ მიუქცევიათ ყურადღება. ასეა თუ ისე, ჩემამდე შეკვრა არავის გაუხსნია.
ქაღალდების დასტა სამ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველს სათაურად ჰქონდა „ჩემი ძმისშვილის წერილები“, მეორეს – „პარალიპომენოს“,((ბერძნ.) სახელწოდება „ძველი აღთქმის“ ორი ბოლო წიგნისა, სადაც გადმოცემულია ის ამბები, რაც არ არის ნახსენები წინა ორ წიგნში.) მესამეს – „ჩემი ძმის წერილები“.
ტექსტი ერთი ხელით – სავარაუდოდ, წინამძღვრის ხელით – იყო ნაწერი... და რაკი ამ ყველაფრისგან საბოლოოდ შეიკრა საინტერესო ამბავი-რომანი – რომლის ფაბულაც ხან ძუნწად ვითარდება, ხან სულაც არაფერია განსავითარებელი – რატომღაც გამიჩნდა აზრი, რომ სენიორ წინამძღვარს მოცალეობის ჟამს, როგორც ჩანს, მწერლობა იტაცებდა, ხოლო როცა გულდაგულ ჩავუღრმავდი ხელნაწერს, ვიგრძენი, რა დიდი სითბოთი, უშუალობითა და უბრალოებით იყო აღწერილი და გადმოცემული ყოველივე. ცხადია, ჩემ წინ იდო იმ წერილების ასლები, რომელიც წინამძღვარმა გადაწერის შემდეგ ან დახია და დაწვა, ან დაუბრუნა ავტორებს. ხელნაწერის მეორე ნაწილი, რომელიც ბიბლიური სახელწოდებითაა დასათაურებული, პირადად წინამძღვარს ეკუთვნის. როგორც ჩანს, რომანის შევსება მოისურვა იმ ამბებით, რაზეც წერილებში არაფერი იყო თქმული.
და ბოლოს, ვაღიარებ, რომ სულაც არ დავღლილვარ ხელნაწერის კითხვისას, პირიქით, ისე გამიტაცა, რომ გადავწყვიტე, რაკი დღესდღეობით ლამის ყველაფერს ბეჭდავენ, მეც გამომექვეყნებინა ხელნაწერი თავისი პირვანდელი სახით. მხოლოდ სახელები შევუცვალე პერსონაჟებს: იქნებ ცოცხლები არიან და ეწყინოთ, მათი ნება-სურვილის გარეშე რომანში რომ ვახსენეთ.
„...წერილები“ ანუ პირველი ნაწილი, ჩემი აზრით და მიხვედრილობით, ეკუთვნის რელიგიურად სულანთებულ, თეორიული ცოდნით რამდენადმე აღჭურვილ, მაგრამ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოკლებულ ყმაწვილკაცს, რომელიც პატარაობიდანვე იზრდებოდა წინამძღვართან ანუ თავის ბიძასთან სემინარიაში და მთელი არსებით სურდა მღვდელი გამხდარიყო...
მაშ, ასე. ამ ყმაწვილს დავარქვათ დონ ლუის დე ვარგასი.
დასაბეჭდად გამზადებული ხსენებული ხელნაწერი კი იწყება ასე: