01.დილის მულტიმედია ბობოს ყველაფერი ეხერხება. პასტაც ზღაპრული გამოსდის, `დაკარგულების“ ყველა სეზონიც ნანახი აქვს და მინეტსაც საუკეთესოს აკეთებს: მეტანიით, სასოებით, გულმოდგინედ.
`ბობო“. მარტო ამ სახელზე წარმომიდგება მისი მკვრივი ძუძუსთავები, კრემით დაზელილი სხეული, მოქნილი წელი და გამოცდილი ენა. ლოგინში მარტო ვწევარ. მობილურზე ათის ნახევარია. ესე იგი,
ზედმეტი ორი საათი მეძინა. სიზმრიდან მარტო ის მახსოვს, რომ ტვინი ნათურასავით მქონდა განათებული და მის ხვეულებში ფერადი ნაპერწკლები დარბოდნენ. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში სიგნალები.
ლოგინთან ტუმბოზე ჭიქით პასტერიზებული რძე დგას, გვერდით თეფშზე კრუასანი და `ცენტრუმის“ აბი დევს. როგორც ვხვდები, ახლო მომავალში ეს იქნება ჩემი დილის რაციონი. ნუთუ ისე ღრმად მეძინა, რომ ბობო ადგა, ჩაიცვა, კრუასანიც ამოიტანა და მე ვერაფერი გავიგე?
კრუასანს ვიღებ თუ არა, აფექსი დათქმულივით საწოლზე ხტება. კუდს სწრაფად აქნევს: მარჯვნივ-მარცხნივ -გამოსახულება გადღაბნილია. სახესაც მილოკავს. თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ. ცდილობს, მშრალი და თბილი ენა ტუჩებში შემიყოს. ვითომ ძალიან უხარია ჩემი დანახვა. კრუასანის გამო მეჩალიჩება. მკერდზე მაწვება, თვალებში შემომციცინებს.
-დაახვიე. -ვეუბნები. -დროზე!
თავჩახრილი და კუდამოძუებული ზანტად მიიძურწება, ბობოს ბალიშზე ჯდება. აკანკალებული კრუასანს თვალს არ აშორებს. დიდი, წყლიანი თვალები აქვს. როგორც ამელის ფილმში `ამელი“. უნდა, ხელიდან გამომგლიჯოს, მაგრამ ვერ ბედავს. კარგად მესმის მისი. თბილისში ეს საუკეთესო კრუასანია. ჩემი კორპუსის პირველ სართულზე, ახალგახსნილ ფრანგულ საკონდიტროში აცხობენ. ალუბლის ჯემით, ქიშმიშით, ვანილის კრემით, მარციპანით, შოკოლადით, ხაჭოთი... და თითოეული კრუასანზე მეტია. ეს უკვე გოლდბერგის ვარიაციებია, გულდის შესრულებით.
აფექსი თვალს თვალში მიყრის, ნამუსზე მაგდებს. მაგრამ უშედეგოდ. მისი ლაკრიმოზა დღეს არ მუშაობს. მალე ორივე ვხვდებით, რომ ვერ დამაგოიმა, და ამიტომ ის ნამცეცსაც ვერ მიიღებს. ჰაეროვანი ცომი პირში მიდნება. კუჭში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობ.
საბანს ვიხდი, ჩემ მუცელზე გადმოწოლილ ყლეს ვუყურებ, რომელსაც სისხლი აწვება და სასაცილოდ იბერება, პულსირებს. თვალს ვერ ვაშორებ. My funny Valentine -ასე დაარქვა ბობომ ჩემ ყლეს. არის რაღაც ჰიპნოტური ამდგარი ყლის ჭვრეტაში. ნუთუ ყველაფერი კუჭზე და ყლეზე გადის? რასაკვირველია. ამას აფექსიც ხვდება: ხან ერთს უყურებს, ხან -მეორეს. ცალ ხელში კრუასანი მიჭირავს, მეორეში my funny Valentine.
`ცენტრუმს“ რძეს ვაყოლებ, სააბაზანოში გავრბივარ. იმაზე დაბოღმილი, რომ კრუასანი არ ერგო, აფექსი ყეფა-ყეფით მომდევს გვერდში. ქუსლზეც ვითომ მკბენს. ზალაში პლაზმაა ჩართული. TV1000-ზე `ფავნის ლაბირინთი“ გადის. უფრო სწორად, ვერ გადის. კადრი გაიჭედა. თეთრ მონსტრს თვალიანი ხელისგულები სახესთან მიაქვს. ნახევარი კადრი პიქსელებში იკარგება. No signal to display -წარწერაა შუა ეკრანზე. საკაბელომ ბოლო დროს მაგრად აურია. პულტით `იმედზე“ ვრთავ. ტანკების კოლონა რაღაც ტრასაზე მიემართება. კადრსმიღმა დიქტორი სხაპასხუპით ამბობს: `...გენერალი კულახმეტოვი დეზინფორმაციას უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს რუსული ტანკების თბილისში შესვლის ფაქტს. ამის მიუხედავად, დიდ დიღომში უკვე ერთი საათია ისმის ინტენსიური სროლები...“.
თავიდან ცხელი შხაპის ქვეშ ვდგები, ტანის სკრაბით ყელამდე საფუძვლიანად ვიქაფები. ცვილის გრანულები და ქოქოსის ბურბუშელა კანს სასიამოვნოდ მიმასაჟებს. წყალს მაქსიმალურად ვაცივებ, კბილებსაც ჩემებურად ვიხეხავ. ორი რამეა, რასაც ალბათ ვეღარ გადავეჩვევი: დილით ცივ შხაპს და კბილების ხეხვას ღრძილების დასისხლიანებამდე. მაინც არ მივარდება. სკრაბის მოტკბო არომატი ისევ ბობოს მახსენებს. მერე რა, რომ სპერმას არ ყლაპავს, ახლა დიდი სიამოვნებით მივცემდი პირში.
ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა: ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს, უკეთეს მინეტს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც ყლაპავს. რასაკვირველია, ეს კანონზომიერება სულაც არაა. უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად, ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეტს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავებ, პირი სპერმით ევსება, გული კი ლოცვებით. ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა: პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ყლე.
ბობო გუშინწინ წავკისში, ერთი საერთო ნაცნობის აგარაკზე აღმოვაჩინე. სადაც ბლომად იყო შავი სანთლები, მთვრალი ბოდვა, სამოყვარულო ქირომანტია, ხანმოკლე რეივი და ბევრი უხარისხო ექსტაზი. ამ ორ დღეში გავარკვიე, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს შავ ტანსაცმელს, აქვს მტკიცე ხასიათი, ნიკი სკაიპში alien_style და პირსინგი ჭიპში -პლატინის პატარა ემBrioni, უყვარს პირდაპირ ლაპარაკი და უსმენს ელექტრონულ მუსიკას. შუადღეს ბარნოვზე coffee.ge-ში შერბენა ისედაც იგულისხმება: წი-ფი-ბერძნული-სალათა(უკურკო-ზეთისხილით)-ბალახის-ჩაი(უკოფეინო)-ან-ორმაგი-ესპრესოსთვის. შეკრული ტანი, მაღალი მკერდი და მკვრივი ტრაკი აქვს, მაგრამ მთლიანობაში უფრო სექსუალურია, ვიდრე ლამაზი, საბედისწერო ქალის მონაცემებით.
დინამიკთან მარტო იდგა. `რედ ბულს“ წკირიდან წრუპავდა. დაექსტაზებულ მოცეკვავეებში ისე გავიარე, რომ დინამიკთან მოვხვედრილიყავი... შემთხვევით დავეჯახე.
-ბოდიში. -დავუყვირე.
გაეღიმა. მივხვდი, ვერ გაიგო. დინამიკიდან წამოსულ ბასებში საკუთარი ხმა მე თვითონ ვერ