ვაზელინი
არ ვიცი, შემეტენეობა ქართველის არჩევანია, ცხოვრების სტილი, ვირუსი თუ ბედისწერა. არც ის ვიცი, რა არის ეს, თვისება თუ უნარი. მხოლოდ ვხედავ, რომ ამის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია დღესდღეობით ქართველმა რამეს მიაღწიოს... ყოველ შემთხვევაში, ბევრი ასე ფიქრობს.
ჩვენს გარშემო მრავლად ტრიალებენ ქართველები, რომლებიც სრულიად მოურიდებლად ეტენებიან სხვა ქართველებს, ქართველთა მეგობრებს, ქართველთა მტრებსაც კი. ეტენებიან ღიად, დღისით-მზისით, ვაზელინით და უვაზელინოდ. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეკლესიაში და სცენაზე. პარლამენტში და ტელეეკრანზე... თეთრ სახლში და კრემლში.
განსაკუთრებით ამ უკანასკნელში. არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს გადარჩენის რეცეპტი კრემლში ინახება. არ არსებობს ასეთი რეცეპტი. ყოველ შემთხვევაში, კრემლში ის ნამდვილად არ ინახება. აღარ არის ქვეყანა, სადაც ჩეხური ბროლის ჭაღი და ფინური უნიტაზი კარგ ტონად ითვლებოდა, რიაზანოვის ფილმს ყოველ ახალ წელს უყურებდნენ, წითელ მოედანზე ლენინის მუმიის სანახავად კილომეტრიანი რიგი იდგა, კანონიერი ქურდი კი უფრო დიდი ნდობით სარგებლობდა მოსახლეობაში, ვიდრე მილიციონერი.
დღესდღეობით ქართულ ტელეეკრანზე ისეთები ხდება, ერთი შეხედვით ვერ გაიგებ, ვისი თავი ვის ტრაკშია. თუმცა კარგად თუ დააკვირდები, მკაცრ იერარქიას დაინახავ. ყოველი მომდევნო მის წინამორბედს უყოფს თავს. ყველა ვიღაცას ეტენება: ხელისუფლებაში, ეკლესიაში, ესტრადაზე, სპორტში...
არიან ქართველები, რომლებიც წითელ მოედანზე დღესაც ტირიან. ძნელი სათქმელია, რას მისტირიან, ფინურ უნიტაზებს, კანონიერ ქურდებს თუ შავ ვოლგებს, რომლებიც მათ ემსახურებოდათ. ალბათ, მთავარი დაავიწყდათ – მოსკოვს ცრემლების არ ჯერა. მაგრამ ზოგს უბრალოდ არ შეუძლია სხვას არ შეეტენოს. თვითონ უტრაკოები არიან და იმიტომ.
ალბათ, დიდი ცდუნებაა შენზე წარმატებულ ბიძიებს და დეიდებს შეეტენო. ცხადია, ყველა თემისტოკლე ვერ იქნება. გახსოვთ ალბათ, ზღვის სანაპიროზე გამორიყულ გვამთა დათვალიერებისას, როცა თემისტოკლემ ოქროს სამაჯურები და ყელსაბამები დაინახა, თვითონ გულგრილად აუარა გვერდი, მხლებელ მეგობარს კი მათზე მიუთითა და უთხრა: „აიღე შენთვის, შენც ხომ თემისტოკლე არა ხარ“. ხანდახან მგონი არც ჩვენ გვაწყენდა თავის შეკავება. სხვა თუ არაფერი, განავლის სუნი არ აგვივიდოდა. შეიძლება, ამიტომაც ერიდებიან სხვები ჩვენთან ურთიერთობას? შეიძლება, ჩვენ შევეჩვიეთ და ვეღარ ვგრძნობთ, არადა აუტანლად ვყარვართ? ისე კი, ყველას თავის გზაზე... უფრო სწორად, ყველას სხვის ტრაკში გაუმარჯოს. მით უფრო, რომ არის შემეტენეობაში რაღაც ბიბლიური. რამეთუ ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. ზოგიერთებს კი სხვისი ტრაკი შეიძლება თავის მისადრეკ სწორ ადგილად მიაჩნიათ.
რაც შემეხება მე, დღემდე ვერავის შევეტენე და ალბათ ვეღარც შევეტენები. თანაც ყველა ტრაკი უკვე დაკავებულია. და თუ მთლად შეუტენლობაც არ იქნება, საკუთარ თავს მაინც შევუძვრები. აი, ასე.