კარი პირველი
I
პირველად იყო სიტყვა, მერე ევოლუციის შეუქცევადი აქტი განხორციელდა, ხოლო ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვური ცირკი საგასტროლოდ თბილისს ეწვია.
ამასთან დაკავშირებით ერთი მეწინავე ქართული გაზეთი წერდა: „მსგავსი სანახაობის მოწმე დიდი ხანია თბილისი არ გამხდარა“. მაგრამ ეს საგაზეთო ტყუილი იყო, რამდენადაც მსგავსი სანახაობის მოწმე თბილისი დიდი ხანი კი არა, არასოდეს ყოფილა. თუმცა ყველაფერი ეს იმდენად მნიშვნელოვანი როდია, როგორც ის, რომ მაშინ როცა მოსკოვური ცირკი წარმოდგენას მართავდა, გრაფი პიერ ორლოვი – ბებერი მეფოკუსე – საგრიმიოროში, სარკის წინ გარდაიცვალა.
ცხადია, პიერ ორლოვი ისეთივე გრაფი იყო, როგორც იური გაგარინი – მაჰარაჯა. უბრალოდ ხალხის მოსაზიდად აფიშებზე ასე დაწერეს. ხორბლისფერი სახე, მაღალი ყვრიმალები და ვიწრო, ყირგიზული თვალის ჭრილი ჰქონდა: რაღაცით მადამ შოშას ჩამოჰგავდა. გრაფი – არა, სამაგიეროდ ნამდვილი ჯადოქარი იყო ორლოვი: მუშტისხელა ვარსკვლავებითა და ოქროსფერი ნახევარმთვარეებით მოქარგული ლურჯი ხავერდის მოსასხამით გადიოდა არენაზე. პირველ ყოვლისა სალამს იძლეოდა – თავს იქამდე ხრიდა, ვიდრე შუბლს ქოშის ჭვინტზე არ დაიდებდა, მერე საპატიო წრეს არტყამდა, ორივე ხელისგულს მაყურებელს ქრისტესავით აჩვენებდა, ბოლოს ხელებს დაიმკლავებდა, ყველაზე ეჭვიანი მაყურებელიც რომ დაერწმუნებინა, არაფერს ვმალავო, და ასე ხელდაკაპიწებული ყველას თვალწინ უცბად მტრედს, გნებავთ საზამთროს, აჩენდა. მარტო რამის გაჩენაგაქრობა რა სათქმელია, გრაფს ბევრი ისეთი რამეც შეეძლო, სხვას აზრადაც კი არ მოუვიდოდა. მაგალითად, შეეძლო, საკუთარ ხელისგულზე ერბოკვერცხი შეეწვა, ანდა ყველას გულის გასახეთქად მსუქანი ლომი გაეჩინა, ხოლო ცხოველი რომ დაიღმუვლებდა, მისთვის მყის ენა ამოეძრო და ის ენა თითზე დაეხვია.
მოსკოვური ცირკის ჩამოსვლამდე ქართულმა პრესამ ისეთი სარეკლამო კამპანია ააგორა, წინასაარჩევნო ციებცხელება გეგონებოდათ. მაგალითად, ერთი გაზეთი ასეთ ცნობას ავრცელებდა: ყრმობა გრაფმა ტიბეტში გაატარა, გვარი სულაც არა აქვს, სახელად კი ლიმა ჰქვია, ხოლო ფოკუსები ბერებმა ასწავლესო. სხვათა შორის, გაზეთში დაბეჭდილმა ორლოვის ფოტოსურათმაც საკმაოდ შეუწყო ხელი, მსგავს მონაჩმახს ემუშავა. სხვა წერდა: ტიბეტში კი არა, ინდოეთში დაიბადა, პიერ ორლოვი ფსევდონიმია, მისი ნამდვილი გვარსახელი რაბინდრანათ ჰუსეინია, მამამისი ცნობილი წინასწარმეტყველი – მომავლის მჩხიბავი და ავანტიურისტი იყო, რომელიც 1936 წელს ინგლისელებმა კანპურში ჩამოახრჩვეს; უკაცოდ დარჩენილ ოჯახს გაუჭირდა, დედამ პატარა რაბი და მისი დაი კანპურის კრიშნას ტაძრის ეზოში დატოვა, თვითონ კი კისერზე ქვამობმულმა განგს მისცა თავიო. მერე უპატრონოდ დაყრილ ბავშვებს ფაკირებმა უპატრონეს და ფოკუსებიც იმათ ასწავლესო. რომელიღაც გაზეთი მსგავს ცნობასაც კი ავრცელებდა: ყველაფერი ეგ ტყუილია, ინდოელი კი არა, ოდესელი ურიაა, გვარად კოგანი, ლოთის შვილი, რომელიც მამამ ბოთლ არაყში გაუცვალა ბოშებსო. II მსოფლიო ომის დროს ორლოვი საბჭოთა არმიის მხარეზე იბრძოდა, მაგრამ ვარშავაში ბედმა უყელა და მოკავშირეებმა ორმაგი აგენტობის ბრალდებით დააპატიმრესო; თუმცა ციხიდან გაიპარა, კიევამდე ჩააღწია, იქ ერთი თვე ლაზარეთში იმუშავა სანიტრად, დაჭრილებს აყროლებულ ქვეშაგებს უცვლიდა, მერე ერთ ამერიკელს საბუთები მოჰპარა, მისი პასპორტით მატარებელზე ავიდა და მოსკოვში ჩავიდაო. ერთი სიტყვით, რა აღარ დაწერეს.
როგორც შემდეგ გაირკვა, მოსკოვშიც იმდენი ჭორი დადიოდა ორლოვზე, სად მართალი იყო და სად ტყუილი, ეშმაკიც ვერ გაარკვევდა. თავად გრაფი არც არაფერს უარყოფდა, არც არაფერს ეთანხმებოდა. ყველა ცნობაზე ერთნაირად ეღიმებოდა. ეგ იყო და ეგ. და, სხვათა შორის, დუმილი მისავე წისქვილზე ასხამდა წყალს, უთავბოლო ჭორები იდუმალების ბურუსში ხვევდა მის სახელს. ჭორი ჭორად, მაგრამ ის კი ნაღდი იყო, რომ ფოკუსების წყალობით ლამის მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი გრაფს, სად აღარ იყო ნამყოფი: ბერლინში რომ დაიძინებდა, ვენაში იღვიძებდა, პარიზში ღვინოს დალევდა და პახმელიაზე ლონდონში გამოდიოდა, სალამს ბაქოში იწყებდა და სანკტპეტერბურღში ამთავრებდა.
და აი, ბებერი გრაფი თბილისშია, საქვეყნოდ ცნობილი ფოკუსმოკუსები უნდა აჩვენოს. კულისებში ზღვა ხალხი ირევა: აკრობატები, კლოუნები, ჯუჯები, ფერიები... მუსიკის ხმა აქაც ისე გარკვევით ისმის, თვალი რომ მოხუჭოთ, გეგონებათ, მედოლე თქვენს საფეთქელზე აბრაგუნებს ჯოხს. თან ეს საცირკო, გროტესკული ჯაზი ლომის ღმუილსა და ძაღლის წკავწკავს ერწყმის. დროდადრო დარბაზი ისე სტვენს და გუგუნებს, ცირკს ლამის ჭერი ახადოს. ერთი სიტყვით, ქვეყნის დასასრული გეგონებათ. ოფლის, ნახერხისა და ცხოველური ნეხვის სუნი ერთმანეთში არეულა. გრაფი საგრიმიოროში, სარკიან მაგიდასთან ზის, სახეზე გრიმს ისვამს, თან ღიღინებს. ცდილობს, ორკესტრის ცუმპარუმპას აუყოლოს ხმა. არ ჩქარობს. გრაფს უყვარს თავისი საქმე. რასაც ის აკეთებს, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს. მაგიდაზე რაგინდარა კოსმეტიკა, სახის ფუნჯები და ბამბის ტამპონები აწყვია. კართან მურა დათვი ჩაცუცქულა, უშველებელ, კლოუნურ კედში ფეხწაყრილი თასმის შეკვრაზე ცოდვილობს, თან მთვრალი კაცივით ხვნეშის. ცხოველს შავი