ზოგი რამ
დავიბადე არგვეთში; არგვეთში და არა არგვეთაში (არგვეთა ზესტაფონის რაიონშია, არგვეთი, – საჩხერისაში).
„მუხრანი“ დამარქვა დედამ.
ეს სახელი ერთობ იშვიათი იყო მაშინ.
(ახლაც არაა ხშირი).
დედაჩემი მაგარი და მართალი ქალი გახლდათ; პირდაპირი. ზედმიწევნით ობიექტური. აკაკის გარდა, პოეტად არავინ მიაჩნდა. ზეპირად იცოდა არაერთი, არამცთუ ლექსი, პოემაც კი აკაკისი.
ერთხელ ჩემი დისთვის უკითხავს (ეს ახლახან გამიმხილა ჩემმა დამ): – შვილო, დოდო, მუხრანის ლექსები მოგწონსო?!
– მე კი არა, ქვეყანას მოსწონსო! – უპასუხია ჩემს დას.
– მე არ მამწონს, შვილოო! – ჩაულაპარაკია თავისთვის.
მამაჩემი რბილი და კეთილი კაცი იყო. უაღრესად კაცთმოყვარე. იუმორით სავსე... ადრე წავიდა (54 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა). ნაყიდ მიწაში მყავს დამარხული, – ვაკეში; გვერდით მოხუცი ცოლი უწევს (დედაჩემი), – დედამ 80 წლამდე იცოცხლა.
ერთი წლისა ვყოფილვარ, როცა არგვეთიდან თბილისში გადმოვსულვართ საცხოვრებლად.
თბილისში არაგვის ქუჩაზე ვცხოვრობდით.
იქვე იყო (ახლაც იქვეა) ჩემი სკოლა, რომელსაც, მე რომ შევედი, 25-ე ერქვა, მერე ვაჟთა მე-7 ეწოდა, დღეს 53-ე ჰქვია.
ყოველ წელს, საზაფხულო არდადეგების დამდეგს, არგვეთიდან ჩემს წასაყვანად ჩამოდიოდა ზაფხული და მე სევდანარევი ნეტარებით ვტოვებდი თბილისს.
ცალკე საუბრის თემაა ის უზარმაზარი სიხარული, რასაც მე განვიცდიდი თბილისიდან არგვეთისკენ მიმქროლი;
ეს სიხარული იწყებოდა შორაპნით; იზრდებოდა და იზრდებოდა გზადაგზა; მთისოდენა ხდებოდა საჩხერეში და მეცხრე ცამდე ადიოდა სავანის ბოლოს, – კიპაროიძეების კარებზე.
არგვეთი იყო ჩემი ყოველწლიური საზაფხულო აგარაკი.
აქ მე მეგულებოდა გულუხვი და ტკბილმოუბარი ბაბუა ვიქტორი, ჩემი ამყოლი მამიდა ცაგურა, ვეებერთელა კაკლის ხე – თვალუწვდენელ მწვანე ეზოში, პაწია ღელეები: იზვარა და ლაშურა. ჩემი კბილა სოფლელი ბიჭები: გერონტი, ზურია, ლახტუა... და კიდევ ბევრი, ბევრი რამ, რასაც დღეს ამაოდ ვნატრობ.
ჩემი პირველი ლექსები იყო, – შაირები გამოთქმული შინაურებზე, – მამიდაზე, სოფლელ მეზობლებზე, ბაბუაზე...
(ეს შაირნი ძირითადად სახუმარონი იყვნენ).
აი, ერთი სტროფი ერთ-ერთი მათგანიდან (ამ ლექსში ლაპარაკია ჩემი სოფლის საავადმყოფოზე):
დღე არ გავა, რომ არ მოკვდეს
ავადმყოფი რომელიმე;
ვიქტორ მაჭავარიანი
გაიძახის: – იმე, იმე!
საზოგადოების წინაშე პირველად ბარათაშვილზე დაწერილი ლექსით წავდექი. იყო ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი. საღამო ჩატარდა თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში; ვიყავი მერვე კლასის მოსწავლე, მეცვა ნათხოვარი კოსტუმი. ლექსი მთავრდებოდა ასე:
შენმა მერანმა დატოვა კვალი,
გზა არ წაშლილა შენგან თელილი,
დღესაც ჭიხვინებს შენი მერანი, –
მრავალ ქარტეხილს გადარჩგენილი.
არ ვიცი, ლექსი მოეწონათ, არ ვიცი, შემამჩნიეს, ნათხოვარი კოსტუმი რომ მეცვა, ეს კია, რომ ჯილდოს სახით განათლების სამინისტრომ კოსტუმის ორდერი მომცა.
ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი.
მწერალთაგან ჩემი ლექსები ყველაზე ადრე გრიგოლ აბაშიძემ იცოდა (გრიგოლი ნათესავი იყო ჩემი, – მისი ბებია და მამაჩემის ბებია ღვიძლი დანი იყვნენ, – გვარად ლეჟავანი).
ჰოდა, გრიგოლმა (იმჟამად „ნიანგის“ რედაქტორმა), ერთ მშვენიერ დღეს, თავის კაბინეტში გამაცნო გიორგი შატბერაშვილი (ღვთისნიერი კაცი, ჩემი თანაქუჩელი) და მთხოვა წამეკითხა მისთვის ერთი-ორი ჩემი ლექსი.
მე წავიკითხე.
არ გასულა დიდი ხანი და გიორგი შემხვდა ქუჩაში და მთხოვა: მივსულიყავ მწერალთა კავშირში, სადაც ახალგაზრდა მწერალთა კონფერენცია ტარდებოდა.
მივედი.
კონფერენციის დამთავრების შემდეგ, დასკვნით საღამოზე, სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად, საკუთარი ლექსების კითხვით გამოვედი მეც (ყველაზე ბოლოს).
საღამოს ესწრებოდა დიდძალი ხალხი. ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები.
ჩემ მიერ წაკითხულმა ჩემმა ლექსებმა, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა: დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ამ დროს მე უნივერსიტეტიდან გამორიცხული ვიყავი. მწერლებმა რომ ეს ამბავი შეიტყვეს, – შეწუხდნენ.
ალ. გომიაშვილმა (მაშინ იგი მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის მდივანი იყო) დაურეკა ნ. კეცხოველს:
– გენიოსი პოეტი რამ გაგარიცხვინაო?
– რომელიო?
– მუხრან მაჭავარიანიო!
– არ ვიცნობო!
– ჰოდა, ახლა გაგაცნობთო!..
მტაცეს ხელი და გამაქანეს უნივერსიტეტში, ნ. კეცხოველთან (გ. ლეონიძემ, დ. შენგელაიამ, ს. კლდიაშვილმა, გ. შატბერაშვილმა, გ. აბაშიძემ, ალ. გომიაშვილმა...).
შევიდნენ ნიკოს კაბინეტში. მე მოსაცდელში დამტოვეს. ცოტა ხანში დამიძახეს, – შევედი.
– აბა, წაგვიკითხე „საბაო“ – შემომძახა გ. ლეონიძემ.
მე დავიწყე კითხვა; როცა წარმოვთქვი სტრიქონი: „მზე ეთხოვება, ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას“, – გ. ლეონიძემ (რომელიც ნიკოს გვერდით იჯდა) ნიკოს გადაულაპარაკა: – ხედავო? (ჩანს გოგლას, ეს სტრიქონი განსაკუთრებით მოსწონდა)...
ნიკომ, სხვებთან ერთად, მოისმინა ჩემი „საბა“ და თქვა: – მეცა მყავს გენიოსი პოეტიო!
– ვინაო?
– ნოდარ დუმბაძეო!
სასწრაფოდ მოძებნეს ნოდარი, შემოიყვანეს იქ, სადაც ჩვენ ვიყავით და ნიკომ უთხრა: „წაიკითხე საქართველოზეო!“
ნოდარმა (ცოტათი დაბნეულმა) წაიკითხა თავისი