ოქრო, ვერცხლი და მთავარი
* * *
თითქოს, რა უნდა მუხრან მაჭავარიანის ლექსებში ასი საუკეთესოს ამორჩევას! მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ ეს საკმაოდ ძნელია: კრებულს საქვეყნოდ ცნობილი პატრიოტული ლექსები შეავსებენ და განზე დაგრჩება სხვა თემატიკის (გაზაფხული, წვიმა, ქალი, სიყვარული...) ლირიკული ქმნილებანი. უმათოდ კი სრულად ვერ გამოჩნდება მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი პოეტურ ფერთა თუ რიტმთა სიუხვე.
მუხრან მაჭავარიანი დიდი პოეტია.
არ მეგულება ქართველი, ლექსის ცნობა შეეძლოს და ასე არ ფიქრობდეს.
მაინც, რა გამოარჩევს დიდ პოეზიას? რას ნიშნავს დიდი პოეტი?
ხმაა მთავარი! - ამას მუხრან მაჭავარიანი ხშირად იმეორებს.
მუხრანის ხმას საქართველოში ყველა ადვილად გამოარჩევს:
„ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!“
- შეუძლებელია, ეს ხმა სხვისაში აგერიოს.
მაგრამ, როცა მუხრანი იტყვის, ხმაა მთავარიო, იქვე დასძენს: „სათქმელის შესატყვისი ხმა.“
ეს პრინციპული საკითხია:
არაგვი ბრდღვინავს, მაგრამ მისი ბავშვობის მდინარე ნაკადულივით მორაკრაკებს და პოეტი მას სულ სხვა ტონით ესაუბრება:
„- გაამაყდიო!
აღარ მკადრულობ, -
აღარ ბანაობ ლაშურაშია...
- „გაამაყდიო!“
ეჰ, ნაკადულო! -
გაამაყება რა შუაშია!
მე გავიზარდე,
შენ ხარ პატარა...“
კი, ხმა მთავარია, მაგრამ დიდ პოეზიას ეს მაინც არ ჰყოფნის, კიდევ რაღაც სჭირდება - ღვთაებრივი და იდუმალი.
ლაშურას არა მხოლოდ ლაპარაკი უნდა შეეძლოს, უნდა ფიქრობდეს, ხვდებოდეს და უკვირდეს კიდეც:
„მზე რა ხმაურით ამოდის ხოლმე,
მთვარე ამოდის ხოლმე რა ჩუმად“.
ამას კი ლაშურა ვერ იგრძნობდა, მის პატარა ტალღებში მომავალ დიდ პოეტს რომ არ ებანავა.
აქ, ხმაც სხვაგვარია (სათქმელის შესატყვისი!) და რიტმიც:
„ღვიძავს ლაშურას.
მიდის ლაშურა.
ფიქრობს ლაშურა“.
მუხრანის ხმა, უმეტესობისთვის, მაინც, მქუხარებასთან არის გაიგივებული. თვითონვე წერს:
„ჰქუხდა სტრიქონი.
ხმა ქარიშხალს იწვევდა ხმალში“...
მაგრამ, ამავე ლექსში, ერთგვარ გულისტკივილსაც გვიმხელს:
„ეს ლაპარაკი,
ეს ამბავი, -
სად იყო მაშინ!“
მაინც, რა ლაპარაკს, რა ამბავს გულისხმობს პოეტი?
ალბათ, იმას, რომ ზოგიერთები პატრიოტულ ლირიკას იქედნურად უმზერენ.
ფრიად პატივსაცემი პიროვნებებიც აცხადებენ, პატრიოტიზმი მსოფლმხედველობა არ არის, დედა ყველას უყვარსო (სხვათა შორის, ამ აზრს, დღეს, ისინიც სიამოვნებით იმეორებენ, დედა, ანუ სამშობლო სულაც რომ არ ედარდებათ, უბრალოდ, ეს თეზა ხელს აძლევთ).
ეს შეხედულება კიდეც რომ გავიზიაროთ, ამით მუხრან მაჭავარიანის პოეტურ სიდიდეს არაფერი დააკლდება - თუნდაც ორი გარემოების გამო.
პირველი გარემოება:
მის მსოფლმხედველობას, უბრალოდ, სამშობლოს სიყვარული კი არა, მამულზე ფიქრი, მისთვის ყვირილი და მისთვის დუმილი განსაზღრავს.
ყვირილზე და დუმილზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ.
ერთ-ერთი „რჩეულის“ წინასიტყვაობაში, მუხრან მაჭავარიანმა ყვირილს (ლაპარაკს) ვერცხლი უწოდა, დუმილს - ოქრო და დასძინა:
„ჩემი ოქრო და ჩემი ვერცხლი ჩემი სამშობლოა;
ვყვირი! – მისთვის ვყვირი!
ვდუმვარ! - მისთვის ვდუმვარ!“
მეორე გარემოება:
მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ის, რისი წარმოდგენაც ძნელზე ძნელია: მუხრან მაჭავარიანს არაფერი დაუწერია პატრიოტულ თემაზე და მხოლოდ „წმინდა ლირიკის“ ამარადაა.
იქნებოდა თუ არა, ამ ლექსებითაც, დიდი პოეტი?
რა თქმა უნდა, იქნებოდა.
* * *
დიდი პოეტი, უწინარესად, მხატვარი უნდა იყოს.
„პოეტმა კი არ უნდა თქვას, რომ წვიმს, უნდა შექმნას წვიმა“ - ამბობს პოლ ვალერი.
აი, როგორ „ქმნის“ მუხრან მაჭავარიანი წვიმას:
„ვხედავ -
მეზობლის სახლის თავზე გატეხილ კრამიტს.
ვხედავ -
ფოთლებზე თქარათქური გაუდის წვიმას.
ვხედავ -
შარაზე ქალი გარბის სოველი კაბით.
ვხედავ -
ქათმები აბუზულან ქლიავის ძირას“.
ეს არგვეთის წვიმაა.
ქალაქში კი სხვანაირად წვიმს და სურათიც სხვაგვარია:
„წვიმას მიამტვრევს ტრამვაი,
როგორც ლერწმოვანს ვეფხვი“.
აი, როგორ „ქმნის“ მუხრან მაჭავარიანი ქარს:
„ქარი, ჩვეული ლაღობით, -
გადი-გამოდის ხერხივით,
ქარის ჩამოყრილ ნაყოფის
აღებას ცდილობს ხეხილი“.
ეს სურათი კი, უბრალოდ, განსაცვიფრებელია:
„ვერხვს საკუთარი ჰყავს, ალბათ, ქარი,
უძრავად ვხედავ რადგან წიფლიანს“.
ასევე განსაცვიფრებლად არის დახატული (შექმნილი!) ბრძოლის ეპიზოდი პოემაში „ვახტანგი“:
„შეხლა-შემოხლა...
და ცხენი
ორ ფეხზე
დადგა შემთხვევით,
თუ ცათა მიმართ
ვედრებით
აღაპყრო
წინა ფეხები?!
თავს
დაწვდა
თითქოს
საკუთარს
ცხენით
უთავო
თათარი,
ვერ მოახერხა აღება
და
ძირს
მოიღო ზღართანი“.
ამის დამწერი, რა თქმა უნდა, დიდი პოეტია!
რაც შეეხება მსოფლმხედველობას - მუხრან მაჭავარიანის მრწამსს (მამულზე ფიქრს თუ გამოვრიცხავთ), ამ სტრიქონებშიც დავინახავთ:
„ყოვლადძლიერო,
გახარება თუ გინდა ჩემი,
უნარი სხვისი გახარების
მიბოძე უმალ“.
ამაზე დიდი მსოფლგაგება რა უნდა იყოს?!
მაგრამ, მაინც, დავუბრუნდეთ მთავარს, ანუ სამშობლოს.
მუხრან მაჭავარიანს აქვს ერთი ლექსი („პინა და პინა“), რომლის წაკითხვა შიშსაც კი