ავტობიოგრაფია დავბადებულვარ 1929 წლის 12 აპრილს სოფ. არგვეთში (საჩხერის რაიონი) მოსამსახურის ოჯახში.
ვსწავლობდი:
1936 წლიდან 1947 წლამდე თბილისის ვაჟთა მე-7 საშუალო სკოლაში (ყოფილი 25-ე); 1948-49 წლებში თბილისის სამთო-საამშენებლო ტექნიკუმში; 1949 წლიდან 1958 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ჯერ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე – არაბული ენისა და ლიტერატურის განხრით, შემდეგ ქართულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.
1943 წელს შევედი ალკკ-ს რიგებში.
ლექსების თხზვა დავიწყე წერა-კითხვის შესწავლამდე.
1952 წელს ჩემი ლექსები პირველად დაიბეჭდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ალმანახში – „პირველი სხივი“.
1954 წლიდან ვარ საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ორგანიზაციის წევრი.
ჩემი წიგნები გამოსცეს:
1955 წელს გამომცემლობა „სახელგამმა“ (ეს იყო ჩემი ლექსების პირველი კრებული); 1957 წელს გამომცემლობა „საბლიტგამმა“ (ეს გახლდათ ჩემი საბავშვო ლექსები – სათაურით „უნდა გახაროთ“); 1958 წელს გამომცემლობებმა: „საბჭოთა მწერალმა“, „ზარია ვოსტოკამ“ და „მოლოდაია გვარდიამ“ („ზარია ვოსტოკასა“ და „მოლოდაია გვარდიას“ მიერ გამოცემული ორივე წიგნის მთარგმენლია ცნობილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო). ვარ სულ 9 წიგნის ავტორი.
1958 წელს მოსკოვში ჩატარებულ ახალგაზრდობის მე-7 მსოფლიო ფესტივალზე გამართულ ლიტერატურულ კონკურსში ლექსების წიგნისათვის „Тишина без тебя“ მომანიჭეს ლაურეატის წოდება და დამაჯილდოვეს ვერცხლის მედლით.
ჩემი ლექსები თარგმნილია, როგორც საბჭოთა კავშირის ხალხთა, ასევე საზღვარგარეთის ხალხთა ენებზე (პოლონურად, ჩეხურად, ბულგარულად, გერმანულად, იტალიურად, ფრანგულად და ა. შ.).
1962 წლიდან ვარ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.
1960 წელს ვიყავი საფრანგეთში, როგორც ტურისტი-დელეგატი.
ვარ საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის წევრი, და საკავშირო სარევიზიო კომისიის წევრი.
1966 წელს დამაჯილდოვეს საპატიო ნიშნის ორდენით.
1966-67 წლებში ექვსთვიანი შემოქმედებითი მივლინებით ვიმყოფებოდი ბულგარეთის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
გარდა საკუთარი პოეტური შემოქმედებისა, ვეწევი მთარგმნელობით მუშაობას; თარგმნილი მაქვს რუსი, აფხაზი და ოსი პოეტების საუკეთესო ნაწარმოებები, იანკა კუპალას ლექსები, ცნობილი ჩილელი პოეტის პაბლო ნერუდას პოემები, ფინური ეპოსი „კალევალა“...
ვმუშაობდი:
1957 წლიდან 1963 წლამდე ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში პოეზიის განყოფილების გამგედ.
1963 წლიდან 1964 წლამდე ჟურნალ „პიონერის“ რედაქტორად.
1964 წლიდან 1967 წლამდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებაში – მიწვეული კოლეგიის წევრის თანამდებობაზე.
1967 წლიდან დღემდე ვმუშაობ ჟურნალ „დილას“ მთავარ რედაქტორად.
1967 წ. თბილისი
¡
ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მონაკვეთია ჩემი სიყრმე და სიჭაბუკე, – დაკავშირებული საჩხერესთან, – საჩხერის პატარა მატარებელთან.
ჩემი გულის ჩქროლა იწყებოდა შორაპანში, – დიდი მატარებლიდან პატარაში გადაჯდომისას; ჭიათურაში გული უფრო უმატებდა ძგერას, საჩხერეში კიდევ უფრო, არგვეთში კი, როცა შორიდან თვალს მოვკრავდი ხოლმე ჩვენს ეზოში აღმართულ ვეებერთელა კაკლის ხეს, – უკვე ზენიტს აღწევდა ჩემი სიხარული.
1972
¡
ჩემი თაობის მშობელთა უმეტესობა გადმოსული იყო საცხოვრებლად თბილისში.
სოფლებში ჯერ კიდევ ჰქონდათ სახლ-კარი, სადაც ცხოვრობდნენ მათი მშობლები – ჩვენი ბებიები და ბაბუები.
ჩემი ყმაწვილობისას ზღვა და აგარაკები, დღეს რომაა, ასე მოდაში არ ყოფილა.
ჩემი ყოველწლიური აგარაკი იყო ჩემი სოფელი, – არგვეთი, სადაც ძალიან მიხაროდა ხოლმე ჩასვლა; იქ მე მეგულებოდა გულუხვი და ტკბილმოუბარი ბაბუა ვიქტორი, ჩემი ამყოლი მამიდა ცაგურა, ვეებერთელა კაკლის ხე თვალუწვდენელ ეზოში, პაწია ღელეები იზვარა და ლაშურა, ჩემი კბილა სოფლელი ბიჭები გერონტი, ზურია, ლახტუა... და კიდევ ბევრი, ბევრი რამ, რასაც დღეს ამაოდ ვნატრობ.
ასეთივე იყო ჩემი თანაკლასელების (ყველასი თუ არა, უმეტესობის ბიოგრაფიაც). ისინიც ზოგი კახეთის, ზოგი სამეგრელოს, ზოგი გურიის სოფლებში ატარებდნენ ხოლმე არდადეგებს.
საშუალო სკოლაში, პირველი კლასიდან ჩემი მეგობრები იყვნენ კახელებიც, გურულებიც, სვანებიც, მოხევენიც... თითქმის ყველა კუთხის ქართველნი. ქართველთა გარდა, ჩემთან ერთად სწავლობდნენ სომხები და აისორები.
ყოველივე ამან, ჩემი აზრით, ჩემს თაობას ბევრი ძვირფასი თვისება შესძინა; უწინარეს ყოვლისა: სოფლისა და ქალაქის კომპლექსური გრძნობა, სრულიად საქართველოს შესისხლხორცება, რაც გაჟეჟილს გატეხილი სჯობს, ჩვენსავით საკმაო დოზით არა ჰქონდა ჩვენს წინა რამდენიმე თაობას და არც ჩვენს მომდევნო თაობებს მოეპოვება; – ორთავეს ერთი და იმავე მიზეზის გამო; პირველნი მოწყვეტილნი იყვნენ ქალაქს, მეორენი მოწყდნენ სოფელს.
ჩემი პირველი ლექსები იყო – შაირები გამოთქმული შინაურებზე – მამიდაზე, სოფლელ მეზობლებზე, ბაბუაზე და სხვ.
სხვათა შორის ჩემს სოფელში დღესაც ბევრს ახსოვს 10-12 წლის ასაკში ჩემ მიერ შეთხზული სტრიქონები (ეს შაირები ძირითადად სახუმარონი იყვნენ).
აი, ერთი სტროფი ერთ-ერთი მათგანიდან (ამ ლექსში ლაპარაკია ჩემი სოფლის საავადმყოფოზე):
დღე არ გავა, რომ არ მოკვდეს
ავადმყოფი რომელიმე;
ვიქტორ მაჭავარიანი
გაიძახის: – იმე, იმე!
მე სწავლა დავიწყე და დავამთავრე თბილისის 25-ე საშ.