ნაწილი I - სოფლად - თავი I - ლტოლვილი მოვიდა
ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. წვიმას ახლახან გადაეღო, წვეთები უხმაუროდ სხლტებოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე და აკანკალებული, გალუმპული, ერთიანად სმენად გადაქცეული ლტოლვილი ყურს უგდებდა ამ ილაჯგამოცლილ ჩქამს. ყოველნაირ ხმაურს აიტანდა იგი, გარდა ფლოქვების თქარათქურისა. წამდაუწუმ მდევარი ელანდებოდა და, ღონემიხდილი, ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა სველ ტოტებს. აქამდე ვერავინ შენიშნავდა, ისე გატრუნულიყო, ხეს ჩახუტებული; ახლა კი, გათენებისას, როცა ძალიან აცივდა და შეწუხებული ლტოლვილი აწრიალდა, იმ გაბზარულ სიბნელეში აშკარად გამოირჩა მისი ჩაშავებული, მოძრავი სილუეტი. საშინლად ეძინებოდა, ძლივს იმაგრებდა დამძიმებულ თავს. კიდევ კარგი, რომ იჯდა მაინც - იმოდენა აღმართის შემდეგ დაღლილ, გადატყავებულ ფეხებს ასვენებდა. აქ, ხეზე ამძვრალს, ძაღლებიც ვერ შესწვდებოდნენ. თუმცა, ყეფა არც გაუგონია. ცოტათი გამხნევდა და იქვე მოშივდა. უბეში ჩაიყო შეციებული თითები და პურის ყუა ამოაძვრინა. ნელა, აუჩქარებლად ილოღნებოდა - ასე იზოგავდა სიამოვნებას, მაგრამ ერთი ბეწო პური იყო და ჩქარა შემოეჭამა. უფრო აეშალა საღერღელი, სოფელს მიაჩერდა, სადაც საჭმელი უნდა ეშოვა. ოდნავ გამოიკვეთა სახლები, ისევ შეათვალიერა მიდამო და უცნაურმა შიშმა შეიპყრო: მდევრებისა კი არ ეშინოდა, სულ სხვა რაღაცის - მაინც რა საოცრად, როგორ თენდებოდა!.. უნახავს კია როდესმე ისეთი უცნაური, მკვეთრად გამოხატული ფოთლები, ანდა ისეთი მყარი მესერი თუ უნახავს, იმ ბინდბუნდში თვალნათლივ რომ იკრეფდა ძალას... როგორ მოცურავდნენ ხეები ძალიან შორიდან, ლოდებიც რა დინჯად ამოდიოდნენ მიწიდან, ისეთი საშიში სიოც თუ უნახავს სადმე, გამთენიისას რომ სცოდნია, და სიოს აყოლილი მკრთალი ჩრდილების მიწაზე ბოგინიც რა უცნაური და შემაშფოთებელი იყო...
ვეღარ გაჩერდა ადგილზე, ხიდან ჩამოხტა და მახლობელი სახლისაკენ გაემართა. ჭიშკართან შეჩერდა და, თავაწეული, ნესტოებდაბერილი, ეჭვით ყნოსავდა ჰაერს. ეზოში შეაბიჯა, თავლას ფრთხილად აუარა გვერდი. მერე რაღაც პატარა, ქვის შენობაში შევიდა და ისე უცნაურად დაგუდული მოეჩვენა იქაურობა, თავბრუ დაეხვა და იქვე პირდაპირ იატაკზე დაჯდა. სული რომ მოითქვა, მიმოიხედა - აქ ისე არა ციოდა, ოღონდ მუქი მინები ჩაესვათ სარკმელში და უცხოდ ბნელოდა.
ძალიან თუ შეშინდებოდა, იდაყვსქვემოთ და ნეკნებზე გაყინული ნემსები დაეძგერებოდა და ახლაც ასე მოუვიდა - თითქოს იქვე, სიბნელეში, ვიღაც სუნთქავდა. ჯერ ეგონა, თვითონ თუ იყო, მაგრამ მერე, დაღლილმა რომ ამოიოხრა და წამით გაიტრუნა, ისევ მოესმა სუნთქვა. შიშმა ერთიანად აიტანა, თვალები მოიფშვნიტა და იყვირა:
- ვინ ხარ!
- მე ვარ, მე.
მშვიდი ხმა იყო, დამაწყნარებელი; მაინც კედელთან მიჩოჩდა და ზურგით მიეყრდნო. ისე დაიძაბა, თითქოს ამ მყარი კედლის განგრევა სურდა; და თუმცა ვერაფერი გამოუვიდა, მაინც გამხნევდა და რაღაცა ძალაც იგრძნო. ფეხზე წამოსადგომად არ კმაროდა ეს ძალა, მაგრამ შეკითხვისათვის კი ეყო:
- ვინ შენ...
- ამ სახლის პატრონი.
- მერედა, აქ რას აკეთებ?
- ამას მე მეკითხები?
ლტოლვილმა ისე დაირცხვინა, ცოტათი დამშვიდდა კიდეც. ის კაცი მშვიდად, წყნარად ებაასებოდა და შემოხვეწილს გული აუჩუყდა:
- მე... - მკერდზე ხელი მიიდო ლტოლვილმა, - მე დიდი დამნაშავე ვარ, რომ შემოვედი, მაგრამ...
- არა უშავს. ალბათ გციოდა.
- დიახ, იცით, მე ძალიან მციოდა და...
- ჰო, ვიცი, მჯერა.
- იცით, მე... მე საერთოდ... მე დამნაშავე...
- კარგი, კარგი, - დაუყვავა კაცმა, - კარგი, გაჩუმდი.
შემოხვეწილს ძარღვებში სიხარულმა დაუარა, გააბრუა, მხარზე დაუვარდა თავი. ერთხანს თვალდახუჭული იჯდა, კედელს მიყრდნობილი. მერე ისევ აფორიაქდა - კიდევ რაღაც, რაღაც აუცილებლის მოსმენა მოუნდა, საბოლოოდ რომ დამშვიდებულიყო და იქითკენ გახოხდა, ხმა რომ მოისმოდა. მუხლებით ქვის იატაკს ეხახუნებოდა და სქელ კედლებს უმწეოდ აწყდებოდა ეს ხრეშისდამაგვარი ხმა, მერე კი, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ლტოლვილმა ხელისგული მიადო კაცს მუხლზე, ახედა და შეევედრა:
- ნურაფრის მეშინოდეს?
კაცი დაფიქრებული დასცქეროდა, მერე თავზე დაადო ხელი და უთხრა:
- ნურაფრის გეშინია.
და უცებ ლტოლვილი პირქვე დაემხო და თითებით იატაკი მოხოჭნა. ხელები აუძაგძაგდა, მხრებიც, ზურგიც უცახცახებდა. ცრემლებს ყლაპავდა, სახეს უსვამდა იატაკს, ლოყას ადებდა, ყოველ კუნთს ჭიმავდა, სლუკუნებდა - ეს შვება იყო, კაცი მოთმინებით იცდიდა, როდის დაწყნარდებოდა ლტოლვილი. კედლისკენ შებრუნდა და სანთელი აანთო. რომ შემობრუნდა, ლტოლვილი თვალებს ახამხამებდა და სახემოთითხნილი შესცქეროდა სანთელს.
- ახლავე მოვალ, - უთხრა კაცმა, - ალბათ მოგშივდა.
- კი, ძალიან მშია, - თვალი არ მოუცილებია, ისე დაიქნია თავი ლტოლვილმა.
სანამ კაცი დაბრუნდებოდა, ლტოლვილმა სანთელს მიუშვირა დამზრალი თითები და გაუკვირდა - საოცრად გამჭვირვალე, ლამაზი ფერის თითებს ხედავდა. მერე