საქმე ბოდიში, თქვენ შემთხვევით სულელი ხომ არ ბრძანდებით? ლუკას ჰკითხეს.
კაცი, რომელიც მოთმინებიდან გამოიყვანა ლუკას უცნაურმა ღიმილმა, ოდნავ გადაიხარა მისკენ და შიშნარევი მუქარით ასე ჰკითხა: „ ბოდიში, თქვენ შემთხვევით სულელი ხომ არ ბრძანდებით? “
არა, არა, თავი გაიქნია ლუკამ და იმავე ღიმილით ახლა ტრამვაის ჭერს ახედა. სულ სხვას ფიქრობდა. იმ კაცთან რა საქმე ჰქონდა ლუკას ახსენდებოდა ამოჩემებული, მხოლოდ მისთვის ნაცნობი სიტყვა „ კამორა “ და კიდევ უფრო უცნაური სიტყვა „ კანუდოსი “ . რომ გამოერკვა, თვალები მოიფშვნიტა და ვაგონის თავში გოგო დაინახა, რომელიც სარკეში იცქირებოდა, თუმცა, სარკეს ტრამვაიში რა უნდოდა, უბრალოდ, გოგოები ერთი სიმაღლისანი იყვნენ და ერთნაირად ეცვათ, თავისთვის მასლაათობდნენ.
„ ჩქარა, ჩქარა, გაიფიქრა ლუკამ, ვეღარ მივედით, როდემდე ვივლით... “
ლუკას საქმე ჰქონდა.
ეს ერთადერთია ქვეყნად არსებულ ხელობათაგან, როდესაც ყველაფერი კარგია, რაც შეგემთხვევა, გამოუსწორებელი უბედურების გარდა უსაშველოდ გრძელ, აზუზუნებულ რიგში დგომა, დაღლა, შიმშილი, ყოველივე ეს ძალიან კარგია; კიდევ უფრო კარგია გატეხილი ძილი და ღამის მიუგნებელი ხმების ყურისგდება, ბნელ, უკაცრიელ ადგილას თავსდატეხილი შიში, ყინულოვან ხელებს უცებ ნეკნებში რომ გტაცებს; მომაბეზრებელი ლოდინიც მშვენიერებაა და წონასწორობადაკარგული, გაცოფებული, სადღაც გულის კუნჭულში მაინც გრძნობ, რომ მშვენივრად გამოგადგება ყოველივე ეს; და მარტო ის რად ღირს, თუ უცნობები თავისთვის წყნარად საუბრობენ და თუ შენ, კუთხეში მიმდგარს, თავშებრუნებულს, აღელვებულს, ყველაფერი გესმის და არასწორ, მაგრამ ბუნებრივ გამოთქმებს ხარბად იმახსოვრებ ეგება რომელიმე გამოგადგეს სადღაც, ხოლო თუ მძიმე, ერთხანს უიმედო ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდები, ოო, პირდაპირ ღვთის წყალობაა.
ლუკას მშვენიერი ხელობა ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რა საქმეს შეება.
თავიდან ადვილი იყო. თავიდან, იცოცხლე, ძალიან ადვილი იყო ნახევრადნამდვილი ამბავი, პატარა სითბო, ზომიერი ოცნება ბედნიერებაზე, გრამატიკულად უშეცდომო მოკლემოკლე წინადადებები და კეთილი სურვილები დამშვიდობებისას. მორჩა ეს იყო და ეს. მაგრამ თანდათან, მერედამერე, მერე... მერე გამოჩნდა ორი გზა, ერთი განიერი, კეთილმოწყობილი, გაჩირაღდნებული, ოღონდ დაღმართში შეუმჩნევლად მიმავალი, მეორე კი ბნელი, დაკლაკნილი, ვიწრო, ადვილად გადასაჩეხი და უზომო ტანჯვისა და ბედნიერების მომტანი. ლუკამ ვერც გაიგო, ისე დაადგა ამ მეორეს, მარადმიუღწეველი მწვერვალისაკენ მიმავალ აღმართს. იქითკენ, მაღლა, აღარაფერი ჩანდა, მაინც უნდა ევლო, ევლო, კარგად იცოდა, სანამ სული ედგა, სულ უნდა ევლო და ევლო...
აღმართიან გზას ერთი არჩევანი მაინც ჰქონდა ყოველთვის შეეძლო იმ კეთილმოწყობილი გზისაკენ გადახვევა, ერთი ნაბიჯიც კი კმაროდა, სულაც არ უნდოდა ნაბიჯი, თავის ოთახში მჯდარს, აწრიალებულსა და დროებითი მარცხით გზააბნეულს ყოველთვის შეეძლო იმ ფართო გზაზე გადასვლა, მაგრამ ლუკა ყოველთვის სიპი აღმართისაკენ იყურებოდა, რომლის ბოლოშიც უცნაურსახელიანი მწვერვალი უნდა მდგარიყო „ დიადი ვერასოდეს... “
ლუკას ისეთი ხელობა ჰქონდა, რომ გამოთქმა „ პროზაული “ კარგი ეგონა და რომ გეკითხათ, თუ ვინ იყო დედამიწის ზურგზე ყველა დროის საუკეთესო ექიმი, არც დაფიქრდებოდა, ისე გიპასუხებდათ, განცვიფრდებოდა კიდეც: „ როგორ თუ ვინ? რა თქმა უნდა, ჩეხოვი... “
***
ლუკას მეზობლად, კუთხის სახლში, პატარა ხულიგანი ცხოვრობდა. გასტრონომთან დგომა უყვარდა, სიგარეტს რომ ექაჩებოდა, თვალებს წკურავდა. ამაყი მიხრამოხრა სჩვეოდა, ტოლბიჭებში ამაყად ეკავა თავი. ტანად დაბალი იყო, მაგრამ ისე ამპარტავნად ესაუბრებოდა გრძელ, წვრილკისერა ბიჭებს, და ისინიც ზემოდან ისეთი დიდი ინტერესით დასცქეროდნენ, ლუკა ღიმილს ვეღარ იკავებდა. პატარა ხულიგანს ხელზე ცხვირსახოცის გადახვევა უყვარდა, „ მარჯვენა აქვს დაბეჭდილი “ , ეცინებოდა ლუკას. საოცრად პატარა, მოკლე ფეხსაცმელი ეცვა, მთელი თავისი გარეგნობითა და პაწია ტანსაცმლით უწყინარი ბიჭი ჩანდა, მაგრამ თვალები, თვალებში რომ შეგეხედათ, უცნაური, უსიამო რამ მოგებჯინებოდათ გულზე, ლუკას კი თავის დროზე ბევრი ენახა მისდაგვარი ჯეელი და პირიქით, მუდამ ინტერესით ათვალიერებდა. პატარა ხულიგანი ათი წლით უმცროსი მაინც იქნებოდა ლუკაზე, სწორედ იმ ასაკისა იყო, როცა დიდად სიამოვნებთ ტაქსში, განსაკუთრებით შოფრის გვერდით, ჯდომა და როცა ძალიან უხარიათ, თუ ამ დროს ნაცნობმა მოჰკრა თვალი, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ ქალაქის საუკეთესო ბიჭები სწორედ ისინი და მათი ამხანაგებია, და როცა მტკიცედ სჯერათ, რომ მოხდენილი მოძრაობებისა და მტკიცე სიტყვაპასუხის წყალობით თანდათან დაიპყრობენ ქალაქის ლამაზი ქალების გულებს, და როცა ძალიან უყვართ ტანსაცმლის გაცვლა ხელად მორიგდებიან, მახლობელ სადარბაზოში შევლენ და პალტო იქნება ეს თუ