მხიარული ბორცვი და ისე მოხდა, რომ ჩემმა მბრძანებელმა, მიუწვდომელმა და ყოვლისმცოდნემ, უხმომ, დაფარულმა, სწორედ ამ ქვეყანაში გამომაგზავნა. მე, მტვერი ფერხთა მისთა, მარად უძლური მის იდუმალ სიბრძნეთა წინაშე, მორჩილად ვისმენდი ძუნწ, მკაცრ დავალებას და ზურგი რომ შემაქცია, მე, ამჩატებული, მბრძანებელივით უხილავი და მოთვალთვალე, ნიავად ავედევნე კოპწია ხომალდს და ჩემი წყალობით იალქანი ამაყად გამოიბერა. ანძის სიმაღლიდან დავცქეროდი უცნობ, ფერადჩალმიან ადამიანებს, და მოოჭვილ სარტყელზე მოქანავე გაზნექილი ქარქაშის მიხედვით ხმლის გამოცნობა რა იყო ჩემთვის, არაფერი. ეს კი არა, მე ისიც ვიცოდი, ამპარტავანმა კაცმა თუნგი რომ მიიყუდა, რამდენი წვეთი შარბათი შესვა, მე სახელიც მაშინვე გავიგე მისი სიდ ბენ იჯნპალი. არა მგონია, იმასაც სცოდნოდა ჩემი იქ ყოფნა, თუნცა პირველივე სიტყვა, მისი თხელი ტუჩებიდან მომწყდარი, ჩემი სახელი იყო: „ სიმართლე რომ ითქვას “ ... ასე წარმოსთქვა მან, მე სიმართლე ვარ, ხანდახან სინამდვილესაც მეძახიან, მაგრამ ეს სახელი, სიმართლე, უფრო მომწონს, მე სიმართლე ვარ, ყველგან მოარული, მოხეტიალე, უჩინარი მოწმე, ყოველივეს დამნახავი მაწანწალა, ვერაფერი გამაოცებს, არც იმას გავუკვირვებივარ, თანამოსაუბრე ბენ იჯნპალს ჩემი მბრძანებლის სახელით რომ დაეთანხმა: „ ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება “ , ასე დაეთანხმა თანამოსაუბრე სიდ ბენ იჯნპალს.
და მაინც, ხომალდზე მოწყენით ვიყავ, აბრეშუმის ნაზ იალქანს მსუბუქად მიყრდნობილი. აქ, როგორც ყოველი მგზავრობისას, ადამიანები ნაკლებად წააგავდნენ თავიანთ თავს თუმცა მშვენიერი დარი იდგა, გულის კუნჭულში მიმალული დაღუპვის შიში აიძულებდა მგზავრებს, უფრო უკეთ მოქცეულიყვნენ, ვიდრე საერთოდ სჩვეოდათ და თავაზიანად მასლაათობდნენ, ამაყმა ბენ იჯნპალმაც კი, მთელს ისპაჰანში სიმდიდრით განთქმულმა კაცმა, ჩვეულებრივი მოკვდავივით აღნიშნა „ სიმართლე რომ ითქვას, ხომალდზე არა ცხელა “ , ასე აღნიშნა მან. და იქვე მდგარმა ასისთავმა, მდიდარი კაცის უშუალობით აღტაცებულმა, მაშინვე კვერი დაუკრა: „ ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება “ ... უგუნური! მეც კი, თავად სიმართლემ, არ ვიცი მბრძანებელი.
მერე მე მხარი მოვინაცვლე და ცას დავუწყე თვალიერება. თვალმოჭუტული შევცქეროდი მზეს, ღრუბლებს, ვინ იცის, მერამდენედ ვათალიერებდი გავარვარებულ დისკოს, მე ვიცოდი მისი ზომა, მოცულობა, სიძლიერე, გზა მისი მრავალჯერ ამომწვარი და მაინც უხილავი, ვიცოდი მისი სიჩქარე, ლაქები და დანიშნულება და ყოველივე ამის მიუხედავად, შემზარავი იყო იმის გაფიქრება, რომ მე მაინც არ ვიცოდი, რა იყო მზე ან როგორ შეიქმნა, ან რამ გაათბო... დაძაბული და აფორიაქებული, იქამდე შევცქეროდი, სანამ ზღვის მიღმა დიდებულად არ ჩაეშვა და გაუჩინარდა თუ არა, წითლად შეფერილ დასალიერს თვალი ავარიდე და ცა მოვათვალიერე. მე შევცქეროდი ღრუბლებს, თანდათან რომ მუქდებოდნენ და მოწოლილ სიბნელეში თითქოს გამკვრივდნენ, მაგრამ მალე სრულიად გაუჩინარდნენ, ვპოულობდი მბჟუტავ ვარსკვლავებს, უწესრიგოდ რომ ჩნდებოდნენ ღამეულ ცაზე და სუსტი ციაგი თვალს მიმშვენებდა; მე რომ სიმართლე არ ვყოფილიყავი, შეიძლება ისეც კი მომჩვენებოდა, თითქოს ცაზე დამსხვრეული მზე მიმობნეულიყო, მაგრამ მე არა მქონდა ამის უფლება და მხოლოდ ის მიკვირდა, ამ შორეულ და ამოუცნობ, მაგრამ მიწიდან მაინც ერთნაირ კაშკაშს როგორ დაარქვეს ადამიანებმა ისეთი განსხვავებული სახელები, როგორიცაა მეეტლე, ქალწული, ღრიანკალი... და რადგან ბნელოდა, და ღამე იყო, მსუბუქად ჩამოვცურდი ანძაზე მე, უხილავი, და ხომალდის პაწია ოთახები დავიარე ძალიან მიყვარს ადამიანების თვალიერება, როცა პირველი ძილით მიყუჩდებიან ხოლმე. მე დავცქეროდი მოქანცულ მეზღვაურს, მართალი დაღლილობით გარუჯულ სახეზე და ამ კუთვნილი ძილით მოხიბლული, მის საწოლთან კარგა ხანს ვტივტივებდი და მძიმე ჰაერი ჩემითაც გაიჟღინთა, მერე მივადექ თვით სიდ ბენ იჯნპალს, ვისი ერთადერთი ვაჟიშვილის გამოც ამ ხომალდს დამადევნა მბრძანებელმა, მერე ზიზღით ავათვალიერე პირდაფჩენილი ასისთავი და მისმა უსიამოვნო გამომეტყველებამ ისევ მღვიძარი ადამიანი მომანატრა და აჭრიალებულ საჭესთან გახევებულ, ყვრიმალებდაბერილ მეზღვაურს, ჯიუტად რომ იცქირებოდა სიბნელეში, ნაზად შევეხე მხარზე. მერე კი, ხომალდზე მყოფთა ფშვინვითა და დაბუჟებული სახეებით გაღიზიანებული, მიყუჩებულ ზღვაში გადავეშვი და მთელი ღამე მხიარულად დავდევდი უზარმაზარ, გაცელქებულ თევზს, მოქნილი კუდით ღონივრად რომ აპობდა ზვირთებს და ამოხტომისას გლუვი ზურგი უპრიალებდა.
***
დიდი ქალაქი, ისპაჰანი, გმირთაგმირს ხვდებოდა.
მე დავნავარდობდი მეჩეთებიან ქალაქში, ხან დავძვრებოდი ხალხში, დიდიანპატარიანად რომ გამოფენილიყვნენ ქუჩებში და მათი ერთსულოვანი ქებათაქება მესმოდა ყველას პირზე ეკერა გმირთაგმირის სახელი; ხან ავიჭრებოდი ზემოთ, დავცქეროდი ისევ მათ ამ სიმაღლიდან დაპატარავებულებსა და ერთნაირებს, მერე მე დავინახე, როგორ გაიფინეს ფერადი ნოხები და ლოცვას შეუდგნენ და სიოდ შევეხე მეჩეთის კენწეროდან გადმომდგარ მოლას, ვისი ტკბილგამყინავი მოთქმაც შუადღის