პირველი
რაც დახატა, იყო ცხვირი – მოკაუჭებული, ვეებერთელა. მერე თვალებიც მიუხატა, ცხვირზე ბევრად უფრო მცირე ზომის, წარბები, წვრილი პირი და წაწვეტებული ყურები. ცხვირზევე დაუსვა ბუსუსებიანი მეჭეჭი, ლოყები მუწუკებით აუჭრელა და თავზე წმინდანის ნიმბი დაადგა. უზარმაზარ თავს პატარა ღიპი და კიდევ უფრო პატარა ფეხები მიაბა. ხელები მლოცველივით შეატყუპებინა და ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ, მიაწერა:
მ
ი
ნ
ი
ს
ტ
რ
ი
ლ
ო
ც
უ
ლ
ო
ბ
ს
ფურცელს სული შეუბერა, კუთხეებში საჩვენებელი და ცერა თითი წაავლო, ასწია და ფანჯარასთან მჯდომი ბებიამისისკენ შეატრიალა.
– გაავს? – ჰკითხა.
ბებიამისმა ხალათის ჯიბიდან სათვალე ამოიღო და ცხვირზე ჩამოიცვა.
– ახლოს მომიტანე, – უთხრა.
მიუტანა. ფურცელი კალთაზე ჩამოუდო.
– ლუპაც მინდა, მაგიდაზე დევს.
ლუპაც მისცა. ბებიამ მინისტრის მუწუკებს ზემოდან გადაატარა ლუპა და სინანულით ჩაილაპარაკა:
– ეწყინება, ძალიან დიდი ცხვირი აქვს.
– ეწყინოს. ამ ჩემ ფეხებს!
კარიკატურისტმა მინისტრის პორტრეტი გამჭვირვალე საქაღალდეში შეინახა. მოიხსნა კისერზე ჩამოკიდებული ფრჩხილისოდენა გასაღები, შეარჭო მუხის საწერი მაგიდის პირველი უჯრის ნახვრეტში, დაატრიალა და იქიდან ოთხი მუყაოსყდიანი საქაღალდიდან ერთ-ერთი, ყველაზე სქელი, ამოიღო. აქედან სამი კარიკატურა, გენიოსის თვალღია ძილი, თოხლო კვერცხის გადაუყლაპავად და სამლულიანი თოფი ამოარჩია და დიდცხვირა მინისტრის პორტრეტს ამოუდო ქვეშ.
– წავედი, – თქვა.
– ფული გადაახურდავე? – ჰკითხა ბებიამ.
– ღამე გადავახურდავებ.
კარიკატურისტმა მუყაოსყდიანი შეკვრა უჯრაში დააბრუნა.
გასაღებით გადაკეტა და ძეწკვი კისერზე ჩამოიცვა.
– არ მიყვარს ღამე ფულით სიარული, – ამოიოხრა ბებიამ, – თავში არ ჩაგარტყან რამე...
კარიკატურისტმა ხელი აუქნია, ნუ შემჭამეო, გამჭვირვალე საქაღალდე იღლიაში ამოიჩარა და კარი გაიჯახუნა.
– ნუ გადაიმტერებ მთელ ქვეყანას! – დაუყვირა ბებიამ.
– სამ ცალს გიტოვებ, – უთხრა რედაქტორს, – თუ გინდა, იქიდანაც გამოგიგზავნი სკანერით.
– კაია, კაი, – კარიკატურებს გადახედა რედაქტორმა, – ერთიც მეყოფა, არ მინდა მაგდენი. ნახევარი გვერდი მაქ, სუ განცხადებებია.
– ეს დღეს დავხატე, – მუწუკებიან მინისტრზე მიუთითა კარიკატურისტმა.
– კაია! – გაიცინა რედაქტორმა, – ბოროტები ხო არაა ცოტა? არ გაგვებუტონ ეს დეგენერატები! – და თითი დაადო ერთ-ერთ ნახატს, – ეს ნამეტანი იაზვურია, აი ძალიან-ძალიან! შავია, რა.
– ფულს მომცემენ? – შენიშვნა არ შეიმჩნია კარიკატურისტმა.
– რამდენი ხნით მიდიხარ?
– ერთი კვირით.
– სერიოზული რამეა?
– ვინც ვიცი, ყველა მანდ ჩამოდის.
– ბიდსტრუპი მოკვდა, ხო? მთელი ბავშვობა მაგის ნახატებს ვათვალიერებდი. ტვალეტში მედო მაგისი წიგნები, ორი-სამი საათით ვიკეტებოდი ხოლმე. გიჟდებოდა საწყალი დედაჩემი, ბუასილი დაგემართებაო...
– სამასი დოლარი მინდა, – მოუჭრა კარიკატურისტმა.
– სამასი რა ამბავია! დღიურებს არ გაძლევენ, კაცო? ყველა მომიკვდეს, შენ რო ხარ, იმიტო ვტენი ამ კარიკატურებს, თორე სუ ამოვიღებდი, რეკლამის ადგილს ვუთმობ ისედაც...
– მაინც სუ განცხადებები გაქ და... – გაიცინა კარიკატურისტმა, – მოკალი ბარემ ეს ჟურნალიც, მეტი რა გინდა!
– კი არ ვკლავ, ვაცოცხლებ, შე კრეტინო!
– იმათი მათხოვრული ფულის იმედად მიშვებ? კაი, რა... ცოდო ვარ.
მართალია, ხმამაღლა და მთელი ძალით იცინოდნენ, მაგრამ ეს სიტყვები, სინამდვილეში, ორივეს სტკენდა გულს: პირველს საკუთარი ჟურნალი ებრალებოდა, მეორეს – თავისი კარიკატურები.
– ჰონორარი ხო გაქ მოსაცემი? – ხვეწნა-მუდარაზე გადავიდა კარიკატურისტი.
– ჩემ გასაწვალებლად დაგპატიჟეს იმ შობელძაღლებმა?! – დაიყვირა რედაქტორმა, – ნეტა გცემონ, რა! დაგიჭირონ მეტროში და გცემონ! ხო ივლი მეტროთი? შენნაირ შავტრაკა კავკასიელებს ეგენი მეტროებში ურტყამენ! – და ავად, მეფისტოფელივით გადაიხარხარა.
– მიდი, ჰა, – თქვა მერე, – შეეთრიე ბუღალტერიაში და უთხარი, წინასწარ მოგცეს, რიჟინაშვილმა მითხრა-თქო.
– გინდა, გაკოცო? – კეკლუცად გაუღიმა კარიკატურისტმა.
– ბებიაშენს აკოცე!
კარიკატურისტი წამოდგა და რედაქტორს ხელი გაუწოდა, ამან კი უზრდელურად აუკრა, თან რაღაც ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ. კარიკატურისტს არ სწყენია:
– მაინც მიყვარხარ, – უთხრა და დიდცხვირა მინისტრის პორტრეტს საჩვენებელი თითი დაჰკრა, – ეს დაბეჭდე. ყველაზე მაგრა ეს მომწონს.
– შენი ტრაკის საქმე არ არი, რას დავბეჭდავ! – დაუყვირა იმან.
რას იფიქრებდა, თუკი ასეთი ორიგინალური კარიკატურა დაიბადებოდა მოსკოვის აეროპორტში.
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ბატონი რამაზ თორთლაძე კარიკატურისტთან ერთად ჩაფრინდა მოსკოვში და რუსი მებაჟეების მიერ იქნა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბარგის გაჩხრეკა კანონით ეკრძალებოდათ მებაჟეებს, ბატონი რამაზის პროტესტი სამხედროებმა არაფრად ჩააგდეს და რახან ელჩის ხელბარგს უსიამოვნო სუნი უდიოდა, მკაცრად მოითხოვეს მისგან, თავადვე გაეხსნა თავისი არცთუ ისე პატარა ხელჩანთა.
მონიტორზე თავის ქალები გამოჩნდა!
ელჩის ჩანთაში,