თავფარავნელი ჭაბუკი ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა, ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი...
1
თავფარავნელი ჭაბუკი დიდ ველზე ლაღად მიიწევდა, აალმასებული ცელი ეპყრა ხელთ, ბალახს თიბავდა. შარვლის ტოტები დაეკარწახებინა, წელზემოთ შიშველი იყო.
ჰეიი, ცხელოდა... ღონივრად იქნევდა დაჭიმულ მკლავებს და დაკუნთული მხრები უბზინავდა თავფარავნელ ჭაბუკს. წარბშეკრული, მკაცრად მიაბიჯებდა ველზე და ნაკვალევზე მოთბიული ბალახბულახი რჩებოდა, შიგადაშიგ გვირილაშერეული, გაკვირვებულთვალება... მადიანად სუნადენილი, წოწოლა ძნების ჩრდილში გოგოები იდგნენ, გვერდზე გადახრილნი, კოკებით ხელში... თავფარავნელი ჭაბუკი ვერც იმათ თვალებს ამჩნევდა, შხუილით მიიკვლევდა გზას, მოცელილ ბალახში უზარმაზარ წვეთებად გაბნეულიყო ყაყაჩო, ველზე მიიწევდა ჭაბუკი, მიწა დიდი ქალი იყო, ტკბილად ოხშივარადენილი, ქალი იყო და მწვანე კაბა ეცვა, წითელკოპლება... ბალახს თიბავდნენ! წელამდე ბალახს თიბავდა ბიჭი, ბეჭებს უთვალიერებდნენ ჩრდილში მდგარი გოგოები, უჭვრიტინებდნენ... ბალახს რა სხვებიც თიბავდნენ, მაგრამ ეს ბიჭი, ეს ბიჭი მაინც სუუულ სხვა იყო და...
ერთი მაინც, ის ერთი გოგო, ეფემია, კოჭლი, სულ თვალებითა სჭამდა და თან თავსაფრის ბოლოს დიდი, თეთრი კბილებით ღეჭავდა მოსწონდა ბიჭი... თავფარავნელი ჭაბუკი კი დინჯად, ღონივრად მიიწევდა ველზე, ის მაღალი, დაკუნთული ტანი ცელის ყოველი მოქნევისას ერთი ჩამოსხმული ფეხიდან მეორეზე მოხდენილად ირწეოდა, და გრუზა ქოჩორს უწეწდა ქარი... იმ კოჭლმა გოგომ კი, იმან, ეფემიამ, ღეჭვა შესწყვიტა და მკლავები ჩამოეყარა, თავფარავნელი ჭაბუკი შეჩერდა, გოგოებისაკენ თავი შეატრიალა, ყელზე ჩამოისვა ხელი. მერე თავადაც შემობრუნდა, გოგოებს შეხედა და ცოტათი ეხამუშა ყველა, ყველანი შესციცინებდნენ, ერთიღა იდგა თავდახრილი, მორცხვი, უთქმელი, და იმას სთხოვა: თებრონე, წყალი დამალევინე, გო... იმან კი ძლივას ახედა და ჩუმად, ვედრებით უთხრა: ცივცივს მოგიტან, გათბებოდა და... თავფარავნელმა ღონივრად გაიქნია თავი, თვალებზე ჩამოშლილი გრუზა თმა მოიცილა და გაუღიმა: მომიტანე, გო... ისე გაახარა... გოგომ კოკას ჩასჭიდა ხელი, მუხლიც შეაშველა და წვრილი ყელიდან სულ ხტუნვახტუნვით წამოვიდა წყალი. სხვები შურით უმზერდნენ, იმან კი, კოკა რომ გამოსცალა, თავსაფარი კოხტად შეისწორა, წარბზე გაისვა ხელი ჰეე, გზას გაუდგა: თებრონე მიდის წყალზედა, კოკა უდგია მხარზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევხევ თებრონეო... ორღობეში თუთა ეყარა, ბზუილით დასტრიალებდნენ ფუტკრები. გახარებული ჩვენი თებრონე წყაროსკენ მიაბიჯებდა და ვიღაც ავყიამ, მოვისპერანგამ, მიმოიხედა და ქურდულად დაადევნა: კარგო, მოგივალ წყალზედა, გაკოცებ ორთავ თვალზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევხევ თებრონეო... მაგრამ თებრონეს იმის დარდი არა ჰქონდა, გაბრაზდა კიდეც მშვილდივით წარბები შეკრა, ტუჩი აიბზუა.
მაგრამ მალევე გაიღიმა ის ბიჭი გაახსენდა, თავფარავნელი... თებრონემ კოკა გაავსო, თანაც შეიდგა მხარზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევხევ თებრონეო... გახარებული, მსუბუქად მიაბიჯებდა. ერთხელაც შეიკრა კოპები, იმ მოვისპერანგას ისევ რომ ჩამოუარა, ისე კი, თავსაფარი მიედო ტუჩზე და, გახარებული, მალულად იღიმებოდა. თავფარავნელ ჭაბუკს შორიდანვე მოჰკრა თვალი, თავი დახარა. ფრთხილად მიაბიჯებდა მოთიბულ ბალახზე, მიუახლოვდა, შედგა... თებრონემ კოკა ჩამოდგა, მანდილს იფარებს თავზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევხევ თებრონეო... გოგომ ორივე ხელით გაუშვირა კოკა, მაგრამ თავფარავნელმა ცელი ტარით ჩაასო მიწაში და ჩაღრმავებული ხელისგულები შეუშვირა: შენს გახარებას, წყალი დამისხი... თებრონემაც პირი განზე იქცია და კოკა გადახარა. მორცხვად ირჯებოდა თავფარავნელი ჭაბუკიც მსუბუქად იპკურა პირზე წყალი დედამისს რომ ჰკავებოდა ის დაცვარული კოკა, იცოცხლე, ის აფრუტუნდებოდა გადაღლილი და ახურებული... მაგრამ ამ განზე პირმიქცეული გოგოსი ერიდებოდა და ფრთხილად ისვამდა ხელისგულებს ლოყაზე. თებრონეს ხომ კითხვაც არ უნდოდა გული უფრთხიალებდა...
და თავფარავნელი წელში რომ გაიმართა და მზეს შეუშვირა სველი, წვეთებდადენილი სახე, გოგომ ერთი კი მალულად შეათვალიერა და უცებ ელეთმელეთმა დაუარა თავფარავნელ ჭაბუკს ზედ ძუძუსთავზე დიდი, მწვანე, შემზარავად ალაპლაპებული ბუზი აჯდა, გოგომ შეჰკივლა და ორივე ხელი სახეზე აიფარა: თერონემ კოკა გატეხა, ცრემლი მოადგა თვალზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევხევ თებრონეო... თავფარავნელი ჭაბუკი სიბრალულით უმზერდა დაბნეულ, გაფითრებულ გოგოს, ისე შეეცოდა, ისე შეებრალა, ვეღარ მოითმინა და, ლოყაზე ბიჭმა თებრონეს აკოცა იმ სოფლის შუაგზაზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევხევ თებრონეო... და, ალეწილს, გაოგნებულს, ის საზარელი სიტყვებიც უთხრა: შენ და მე ძმა, გოგოვ, თებრონე... ეეჰ... აი, ხო კარგად უთხრა, არა? აი, ხო გულით უთხრა, ხო სიყვარულით, საწყალ თებრონეს მაინც ერჩივნა, სილა გაეწნათ... გულდაწყვეტილი, მაინც ალერსით შესცქეროდა და, რომ გამოერკვა, პირზე თავსაფარი აიკრა, მიწას დახედა და თქვა: კიდევ მოგიტან, არ მეზარება... მომიტანე, გო... იმ თვალანთებულმა გოგომ, ძნასთან მიმდგარმა, ეფემიამ, კოჭლმა, თავსაფრის ბოლოს ღეჭვას უმატა და თვალი გააყოლა მიმავალს