1.
ბევრი რამ იყო უღირსისათვის გაუგებარი.
თუნდაც:
- ძალიანი მწყურია არნოლდი, - თქვა ავტობუსის გაჩერებაზე უცნობმა, ქალმა.
მან, ვისაც დაფიქრებულად უმეტყველო ბლანტე თვალები ჰქონდა, კაციშვილს არ უყურებდა და ისე, სწორედ ასე თქვა უმიზნოდ მაგრამ წინ და პირდაპირ ეს თუმცა მარტივი, მაგრამ ძნელად ამოსახსნელი წინადადება, რადგან მიმართვა საკუთარ-სახელ არნოლდი-მდე სასვენი ნიშანი მძიმე (,), ანუ სათქმელშორისი ყოვნი სულაც არ დაუშვია და ისე წარმოსთქვა ეს სამი ამ შემთხვევაში ერთიმეორეზე ხვაშიადიანი სიტყვა: „ძალიანი“ „მწყურია“ და „არნოლდი“, რადგან დიახაც მოქმედი შადრევანი იქავე იდგა და მისი ახალ-ახალი წყალი თავისებურად მოძრაობდა და, აქედან გამომდინარე, ვერ მიხვდებოდი, ზეზე მდგარმა ქალმა ძალიანი მოწყურება შესჩივლა იქავ ხის უზურგო მერხზე მჯდომარედ თანმხლებ ხნიერ მამაკაცს (რომელსაც ეგებ სწორედ მას ერქვა უმძიმესწინო აღნიშნული სახელი), თუ ქალი გულმოკლულად შესჩიოდა წლოვანებით გამობრძმედილ ადამიანს, რომ ძალიან, და სხვათაშორის, არა ძალიან-ი, არამედ ძალიან თუ მოენატრა სადღაც შორსმყოფი დაუდეგარი ჭაბუკი-ვინმე არნოლდ, უგემოვნო იგი, რადგან დიდი ფრიადი მკერდი ჰქონდა; ქალს. და ეგება ასაკით უთანაბრო ქმარიც კი იყო ეს ხანსრული მამაკაცი მისი (ქალისა) და მიზანშეწონილი ეჭვიანობით ახლოთა შადრევნისკენაც არ უშვებდა ფუქსავატ თანამეცხედრეს იმ სავარაუდო გათვალისწინებით რომ, ეგება სადმე ახლოს ტრიალებდა უწინამძიმეოდ შემსუბუქებული დაუდგრომელი ჭაბუკი არნოლდ, მაგრამ ქალი ერთის მხრივ თუნდა ხანოვან ქმართან, და გინდაც პაპა ყოფილიყო მისი, ხმამაღლა რატომ გამოაცხადებდა იმას, რასაც საერთოდ მალვა რომ უნდა ნაპარავი რაშივით, სწორედ იმ გადატვირთულ გრძნობას, იმ ვერაგს, იმას, ანუ შეყვარებას, ადამიანებში შემოგვჩვეულს, ჩვენსას, მაგრამ მეორისაც მხრივ, თუკი თანამჯდომს მიმართავდა, მაშ ზედ ხელის ზურგზე შემცივნებულ ხნიერ დარბაისელს მწვანით მოლურჯოზე გადაწყვეტილად რატომღა ეწერა „გიგო“, მაგრამ მესამეს მხრივაც ეგებ ეს თვალშისაცემი აღიარება, სვირინგად „გიგო“, ეგებ თვითონ კი არა, არამედ სულ სხვა, უსვინდისოდ სწრაფად გაფრენილი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობარი, ანდა სულაც ყოფილი დირექტორი იყო მისი, და გაუგებარივე იყო აბა რა იყო ყოფილი ჭარბი მამაკაცის მიერ შეგუებული ხმით ნათქვამი აგრეთვე სამსიტყვიანი (მაგრამ ერთ-ერთი სიტყვა ორჯერ) დუნე გამოხმაურება:
- გუნდი და გუნდი ვარსკვლავთა... -
რას გაიგებდი. თან, ზეზეურა მიმზიდველი ქალის სადგომი უფრო ახლოს მდებარეობდა აღნიშნულ შადრევანთან, ვიდრე კაცის უზურგო და უხერხული ხმელა საჯდომი, მისულიყო, რაღა და დაელია ახალთახალი წყალი (ქალს), თანაც, მომსმენ მამაკაცს, გიგოსა თუ არნოლდს, გაბზარული ჭიქაც კი არ ეპყრა ხელთ, ვთქვათ და, უფროს-უმცროსობისდა მიუხედავად, წამომხტარიყო და წყალი მიეტანა მწყურვალისათვის - რადგანაც წყალი პატარისაა, რაგინდ დიდი მკერდი ჰქონდეს - არადა, იმის მაგივრად ხომ არ დალევდა (წყალს?)? რატომღა წარმოუთქვეს... თან, სხვათა შორის, სვირინგი და, შლაპა? ან, გამოჩენილ გულზედ - კალამკალმისტარი? ანდა იმ გაქანებულ შუადღით რაღადროს ვარსკვლავურ გუნდთა ასტრონომია იყო, რას გაიგებდა უღირსი, მესამე (ეე, არა, მეოთხე, კინაღამ გამოგვრჩა არნოლდი), და პარალიზებულ, ყოფილ პატიოსან ავტობუსთა უქმ გაჩერებაზე (1991, 94 წელი, თბილისი, იანვარი), იმ შადრევანთან, საიდანაც რომ წყალი თავისებურად სჩქეფდა, ტყუილად რატომღა იდგა? მაგრამ ესენი, ეს ქალ-კაცი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ძალიან ბევრი უკლდა რომეომდე ისეთი ასაკოვანი იყო, ეგების კრემლელ, ანდა სულაც ვორონეჟელ აგენტებად იყვნენ მოვლინებულები ავ სამუშაოდ თავად ნოვ-გოროდიდან მათთვის ახალ-ქალაქ სეხნიასავით თბილისში, და ეგებ თვალსაჩინო სვირინგიც ნამდვილი კი არა არამედ სახელდახელო დამატებითი ნიშანყოფა იყო და, ამასთანავე, ურთიერთსაგაცნობოდ ამბობდნენ გადაცმული ხელმძღვანელობისაგან დავალებულ ხვაშიადიან პირობით სიტყვებს საქციელმიმთითებელ ხელმძღვანელობისგანვე მოცემულ ადგილას ანუ დამბლადაცემულ ავტობუსებწაგვრილ მზიურად (შუა იანვარშიც) წოდებული დედაქალაქის ერთ-ერთ ცრუსავე გაჩერებაზე, მაგრამ აქ, უღირსს, რაღა უნდოდა? მაგრამ დათქმული სიტყვებით ურთიერთგატეხვისას ცოტათი მაინც რომ უნდა ეღელვათ და ქალს მაშინ რატომღა ქონდა ბლანტი თვალები? ან, შორს პირშიმთქმელი რაციაიანი ჩემოდანი რატომ არ ჰქონდათ, თუმცა ტექნიკა ისე წინ წავიდა, წინ... რამე ყოფილიყო, ჩემოდანს ტექნიკით გულის ჯიბეც კი შესცვლიდა... უი ჰო, ახალგაზრდულად კურტაკმოღეღილი ცხოვრებანანახი კაცის გულიდან ამოჩრილი კალმისტარი!..
და, ქართულსაც რომ ლაპარაკობდნენ?
ეგებ, გამოცდილები იყვნენ ძალიან.
რას გაიგებდი.
„ძალიანი მწყურია არნოლდი“-ს, გარდა.
***
მაგრამ იშვიათად, სხვისა მაღალი იდუმალებაც კი, ჩასაწვდომი თუ ვერა, მთლად გაუგებარიც არ იყო.
მამა დანიელი მიუძღოდათ, ბილიკზე ასამდე იყვნენ.
ტყე იდგა ნამდვილი, მშვენიერი, მზის ქვეშ განდგმული, მზით ჩრდილოვანი, საღად ნოტიო, ხშირ ფოთლებშუა მაინც სხლტებოდნენ შუქის მოძრავი გრძელი სვეტები, ზოგან - უძრავად დაბჯენილიყვნენ და იმ ნათებაში, ტყე რომ თავისას ცხოვრობდა მცირე მტკიცებად ისიც კმაროდა, რომ ფათურა შუქშიაც რაღაც-რაღაცა წვრილი პატარა არსებაები დატივტივებდნენ, იშმუშნებოდნენ, ნამცეცურად ცხოვრობდნენ და იღვწოდნენ