მიწა და ვანო და წიფელი, ხე (ალეგორიული ესეი პროზაზე) ვანომ იცოდა, ძალიან ბოლოს, ქვის მზიდავივით რომ მოკვდებოდა - აი ისეთი საქმე ჰქონდა, ეჰ. რატომღაც ძალუმად გამწარებული მზის ფიცხ გულზე, ის, შორი მონა, გამოსაფიტი, უძლურებამდე ამოსაწუწნი ვანო, მთლად ახალ-ახალ და ვრცელ კლდეთაგან, სამი მთავარი თითით ვაებით გამოჩორკნილ ვეება ლოდებს ეჭიდებოდა მერე და მერე, დაუნდობელი ჯაჭვის უხმო ჟღარუნით მთაზე აჰქონდა ჯერ მცირე კენჭი, მერე, თითქმის ქვა, შემდგომ და შემდგომ, თანდათანობით, მოზრდილი ლოდი, და აი, ბოლოს, იცოდა ესეც, რაღაც ვერაგად აუტანელ სიმძიმეს, მხრებში სადგისად ჩამფლობსა და დამმიწებელს რომ უნდა შეჭიდებოდა. იმსიმძიმიანს, წერაატანილს, ზედამხედველნი და მოთვალთვალენი, აჰ, ბლომად ჰყავდა. ჯერ მხოლოდ ბორცვზე რომ აიტანა პირველი კენჭი, ძველი წესისამებრ მაშინვე დაბლობისაკენ უნდა დაეგორებინა. მცირე რამ ტანჯვა სიხარულით მიხტუნავდა ქვევით, და ვანოსეულ ამ წვალებას კი მკრთალი ღიმილით დასცქეროდნენ და მიადევნებდნენ ჯერ უბოროტო თვალს ზედამხედველნი და მოსეირენი. მაგრამ კენჭს ერთი თვისება ჰქონდა - დაღმართში ახალ ტვირთს იმატებდა, მძლავრი წებოვანი სურვილით შეიჟღენთდა და საიმედოდ რომ ჩაიკირავდა, უფრო მძიმე და უფრო სათუო და უფრორე კიდევ, საშიში იყო. პირველხნობით რა, - პაწია, ტვირთს ხელისგულზე იდებდა ვანო, მაგრამ რადგანაც თავის საქმეში ჯერ ჩვილი იყო, ეს კენჭიც, როგორც ტვირთი - ებევრებოდა, ვერც სიარული იცოდა ჯერ ხეირიანი, თან სად ეს, - მთაში, მერმე და მემრე, ახალ, უფრო და უფრო დიდ და მძიმე ქვათა დაგორებისას, ზედამხედველნი და მაჭვრეტალნი თანდათანობით ფაციცდებოდნენ, ოღონდ, თხელ ტუჩებს მაგრად კუმავდნენ, დიდად დაძაბულ, ბორცვებამოყრილ, საცოდავ, ძლიერ ზურგზე როცა შეჰყურებდნენ და მერე კი, ქვის დამგორებელსა და დაღმართში ჩამოახლოებულს, ვითომცდა, დიდსულოვნური, მპატიებლური ღიმილით შესცქეროდნენ იმისი თამაშობისთვის და, თამაში იყო? - მტერს და მაწყევარს! მაგრამ კი, ღირდა, ძალიან ღირდა... ვანო ისე-რა, ცხოვრებაში (ქუჩა, ტრამვაი) რომ შეგხვედროდათ, ვერც იფიქრებდით, ასეთი რთული ხელობა თუ ჰქონდა, ხელოვნებათგან, ალბათ, პირველი; თუმც მიწიერი, მაინც ზეგარდმოდ გახლდათ ნაერთი, თავად მუსიკის, თვით პოეზიის, ფერწერის და არქიტექტურისა, ხოლო ზეიმად მაშინ ხდებოდა, დიდ, უზარმაზარ, ფერადოვან ქანდაკებად თუ აგოროზდებოდა, როგორც „ სალამბო “ , მაგრამ ეს ჩვენთვის, აღფრთოვანებული მკითხველებისთვის და აბა, ერთი, ავტორისთვისაც გეკითხათ - რაისი გლეხი, რისი მუშა, ვინ კატორღელი... - ყველაფრობაზე მძიმე იყო.
ვანოსაც, ზიდვა და ზიდვა, ზიდვა... ვინ რა იცოდა ქვის წიაღისა, მაგრამ კლდე შიგნით, ალბათ, თბილია, სიგრილე ისე გამოაქვს გარეთ და სხვაფრივ კი, ტანჯვა, ვანოსეული, ხელ-არეულით, გრაფიკულად სრულდებოდა, შავი მელნით, და თუმც არაფერია მელანზედ იაფი, რაღაც გროშებად ნებისმიერ გამწარებულ მჯღაბნელსაც კი მთელ გრძელ წელიწადს თამამად ეყოფა, მაგრამ მაინც ვედრებიანი შეფრფინვით ხარჯვასა და წვას მოითხოვდა, მაგრამ ვერარა ვერ დასწვავდა იმ დიად, ბოლომდე მარად ვერაუთვისებელ გასაოცრებას, წინ, მაგიდაზე, თეთრად რომ ედო, აჰ, ახლდა როგორ, თაყვანისცემამდე, გაუნელებლად დიადი შიში, რადგან არაფერია ამა ქვეყნად ქაღალდზე მეტად უძლეველი, თუმცა რა არ უკადრებიათ; ტანჯვას ითხოვდა, რაღაც ორიოდ, ოღონდ ნაღდ სიტყვასაც კი წვითა და დაგვით თუ შეიზავებდა, ვანოს სუთავიდანვე ძალიან მოსწონდა აეს გამოთქმა - „ წვითა და დაგვით “ , ემაშინაც კი, როდესაც ბიჭმა არც იცოდა, სიტყვა „ დაგვა “ რომ შანთით მოსუსხვას, საბას მიხედვით ნიშნავს; ეეჰ, ვის როგორ, ამ ვანოს კი, ხორცზე მეტად სული სტკიოდა და სწორედ სული ეფლითებოდა ე, იმა მსუსხავი შანთით, პროზა რომ ჰქვია და ამ სიტყვიდან კი წაიმოპოეტო ელემენტებმა შეჰქმნეს გამოთქმა „ პროზაული “ , იცოდნენ კია, ლეკვთაპირებმა, ვანოსთანების მოსალოდნელი აღსასრული? გაუსაძლისი, ვეება ლოდით პირქვე დაცემულს, გამსრესი ძალა მხრებზე, კეფაზე და, ლოყით ღორღში... ნიკაპქვეშიდან კი, შესამოწმებლად, ძალიან არა, მაგრამ საკმაოდ ამორტყმული ჩექმისა ჭვინტი.
1
ნეტა პირველად, სუ-სულ პირველად, სად ნახა იგი - ქალად მაია?
ალბათ იქ, კლდეზე მიბჯენილ ქოხში... მაშინ ივანე სოფლელი იყო და რაღაც უჭირდა. კაცები ხომ რა, მკითხავთან იშვიათად დაიარებოდნენ, სხვა სოფლისასთან - განსაკუთრებით, მაგრამ, გასაჭირი, მოგეხსენებათ... თანაც, წაწალი ისე შეუჩნდა, ფერებების ჯამს, ივანეს „ კარგიო “ წამოალუღლუღებინა და, მაშინ ივანე განა ისეთი ბიჭი იყო, სიტყვას გადათქომდა? - ღამით მივიდნენ... ბნელა იყო და, ტყისპირს, იყვნენ და, იმა უცხო სოფლის განაპირას, რა იცი, რა არ გამოხტებოდა და გრილი წაწალი... არც დაიჯერებთ, ჯიღახათუნი ერქვა - ხეზე შესვა; იღლიებქვეშიდან ასწია, განა: წელსზევითურა, ივანესი იყო. მერე, ყმაწვილი მინიშნებულ ქოხისკენ სულ ფეხაკრეფით გაეშურა, გვიანი ღამით დააკაკუნა, და სხვისი ძაღლის