წინასიტყვაობა ეს წიგნი მცირედთა კუთვნილებაა. შესაძლოა ამ მცირედთაგან ჯერ არავინაც არსებობს. მათ რიცხვში შესაძლოა ისინი იყვნენ, ვისაც ჩემი „ ზარატუსტრა “ ესმის ” ; როგორ შევერწყმოდი მათ, ვისაც მხოლოდ დღეს ეხსნება ყურები? მე მხოლოდ ზეგინდელი დღე მეკუთვნის. ზოგიერთნი სიკვდილშემდეგ იბადებიან.
პირობებს, რომლებშიც ჩემი ესმით და მაშინ კი უკვე ესმით აუცილებლობიდან გამომდინარე - მე ძალზედ კარგად ვიცნობ. ინტელექტუალურ ამბებში სისასტიკემდე პატიოსანი უნდა იყოთ, რათა ჩემს სერიოზულობას, ჩემს ვნებას გაუძლოთ. ჩვევად უნდა გექცეთ მთის მწვერვალზე ცხოვრება, ქვეშ კი თანამედროვე პოლიტიკისა და ნაციონალური ეგოიზმის უსუსურ ლაყბობას უმზიროთ. გულგრილად უნდა იქცეთ, არასოდეს იკითხოთ, ჭეშმარიტებას სარგებლობა მოაქვს თუ ბედისწერად იქცევა ადამიანისთვის... აუცილებელია ძალიდან შობილი სწრაფვა საკითხებისკენ, რომლებზე დღეს ვერავის ჰყოფნის მამაცობა, მამაცობა აკრძალულისკენ; ლაბირინთისკენ დანიშნულება. შვიდი მარტოობის გამოცდილება. ახალი ყურები ახალი მუსიკისთვის. ახალი თვალები ყველაზე შორეულისთვის. ახალი სინდისი ჭეშმარიტებათათვის, რომლებიც დღემდე დამუნჯებული იყო. და ნება მაღალი სტილის ეკონომიისთვის: საკუთარი ძალების, საკუთარი აღმაფრენის დარაზმვა. საკუთარი თავის პატივისცემა; საკუთარი თავის სიყვარული; საკუთარი თავის უპირობო თავისუფლება...
ამგვარად, მხოლოდ ასეთნი არიან ჩემი მკითხველები, ჩემი ჭეშმარიტი მკითხველები, ჩემი წინასწარგანსაზღვრული მკითხველები: რა საქმე მაქვს დანარჩენთან? დანარჩენი მხოლოდ კაცობრიობაა. კაცობრიობაზე მაღლა უნდა დადგე ძალით, სულის სიმაღლით - სიძულვილით...
ფრიდრიხ ნიცშე