თვითკრიტიკის მცდელობა 1
რაც არ უნდა დასდებოდა ამ საეჭვო წიგნს საფუძვლად, ეს უნდა ყოფილიყო პირველი რანგისა და ინტერესის საკითხი, ამასთანავე, ღრმად პირადული ხასიათისა; ამის თავდებია დრო, როდესაც ის შეიქმნა და რომლის მიუხედავადაც შეიქმნა - გერმანია-საფრანგეთის 1870-71 წლების ომის შფოთიანი პერიოდი. იმ დროს, როდესაც ვიორტთან შეტაკების გრიალი აზანზარებდა ევროპას, მეოცნებე-მოაზროვნე და ამოცანათა მოყვარული, რომელსაც წილად ხვდა ამ წიგნის შემოქმედი გამხდარიყო, სადღაც ალპების კიდეზე იჯდა, თავის ოცნება-ფიქრებსა და ამოცანებში ჩაძირული, შესაბამისად კი მეტისმეტად შეფიქრიანებული, იმავდროულად კი უდარდელი, და ბერძნების შესახებ თავის აზრებს იწერდა, რაც იმ უცნაური და ნაკლებად ხელმისაწვდომი წიგნის მარცვალს წარმოადგენდა, რომელსაც ეს დაგვიანებული წინასიტყვაობა (თუ ბოლოსიტყვაობა) ეძღვნება. გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა, რაც თავად ის უკვე მეცის კედლებთან იყო, ჯერ კიდევ შებოჭილი იმ კითხვის ნიშნებით, რომლებიც დაუსვა ბერძნებისა და ბერძნული ხელოვნების მოჩვენებით „ გულმხიარულობას “ , სანამ იმ ღრმად დაძაბულ თვეს, როდესაც ვერსალში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იგი თავად არ დაუზავდა საკუთარ თავს და, ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზე მდგარმა საბოლოოდ არ დაადგინა საკუთარი თავისთვის: „ ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან “ . მუსიკის? მუსიკა და ტრაგედია? ბერძნები და ტრაგიკული მუსიკა? ბერძნები და პესიმიზმის მხატვრული ქმნადობა? ყველაზე წარმატებული, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე შესაშური, სიცოცხლისადმი ყველაზე მეტად განწყობილი ხალხი, ვისაც კი დღემდე უცხოვრია, ბერძნები, - როგორ? ნუთუ მათ სჭირდებოდათ ტრაგედია? უფრო მეტიც - ხელოვნებაში? რას ემსახურებოდა ბერძნული ხელოვნება?
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელ ადგილას იქნა დასმული კითხვის დიდი ნიშანი არსებობის ღირებულების შესახებ. არის პესიმიზმი დაცემის, დაღმასვლის, ცხოვრებისეული წარუმატებლობის, გათანგული და დაუძლურებული ინსტინქტების უპირობო ნიშანი, როგორც ეს იყო ინდოეთში და როგორიც ის, სავარაუდოდ, არის ჩვენში, „ თანამედროვე “ ადამიანებსა და ევროპელებში? ძლიერის პესიმიზმიც არსებობს? ინტელექტუალური წინასწარგანწყობა სასტიკის, საზარელის, ბოროტისა და ამოუცნობისადმი არსებობაში, გამოწვეული კეთილდღეობით, ჯანმრთელობითა და არსებობის სისავსით? ხომ არ არსებობს ტანჯვა მეტისმეტი სისავსისგან? ბასრი მზერის გამომცდელი გაბედულება, რომელიც საშინელებას მოითხოვს, როგორც მტერს, ღირსეულ მტერს, რომელზეც საკუთარი ძალის გამოცდას შეძლებს? რომელზეც სურს ისწავლოს, რა არის „ შიში “ ? რა მნიშვნელობა ენიჭება საუკეთესო, ძალმოსილი და უმამაცესი დროის ბერძნებთან ტრაგიკულ მითს? და დიონისური საწყისის შემზარავი ფენომენი? და ის, რაც მან შვა - ტრაგედია? შემდეგ კი ის, რამაც მოაკვდინა ტრაგედია, სოკრატესეული მორალი, დიალექტიკა, კმაყოფილება და სიხარული თეორიული ადამიანისა? ხომ არ იყო სოკრატესეული მორალი დაცემის, დაღლილობის, დაავადების, ანარქიულად ხრწნადი ინსტინქტების ნიშანი? ხოლო გვიანი ელინიზმის „ ბერძნული მხიარულება “ - მხოლოდღა საღამოს დაფიონი? ეპიკურეს ნება, მიმართული პესიმიზმის წინააღმდეგ - მხოლოდ ტანჯული გაფრთხილება? თავად მეცნიერება კი, ჩვენი მეცნიერება - რას ნიშნავს საერთოდ ნებისმიერი მეცნიერება, განხილული, როგორც ცხოვრების სიმპტომი? და რაც კიდევ უარესია, რისთვისაა მეცნიერება? ხომ არ არის მეცნიერება შიში და პესიმიზმისგან თავის დაძვრენა? ნატიფი თავდაცვა ჭეშმარიტების წინააღმდეგ? და, მორალურად თუ ვიტყვით, რაღაც მსგავსი სიმხდალისა და სიცრუის? თუ არანორმალურად ვიტყვით, ეშმაკობა? ო, სოკრატე, სოკრატე, ამაში ხომ არ იყო შენი საიდუმლო. ო, იდუმალო ირონიკოსო, იქნებ ამაში იყო შენი ირონია?
2
ის, რასაც მაშინ წავატანე ხელი, რაღაც საზარელსა და საშიშს - რქიანი პრობლემა იყო (არა მაინცდამაინც ხარი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ახალი პრობლემა). ახლა მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თავად მეცნიერების პრობლემა - მეცნიერებისა, რომელიც პირველად იქნა გაგებული, როგორც პრობლემა, რაღაც, რაც კითხვებს იმსახურებს. მაგრამ წიგნი, რომელშიც ჩემს ყმაწვილკაცურ გამბედაობასა და იჭვნეულობას მივეცი ასპარეზი, - რაოდენ შეუძლებელი წიგნი უნდა შექმნილიყო ყმაწვილკაცობისთვის ესოდენ შეუსაბამო ამოცანიდან! მხოლოდ ნაადრევ, მწვანე განცდებზე აგებული, რომელთაგან ყველა იმის ზღვარზე იდგა, რაც შეიძლება სიტყვებით იქნას გადმოცემული, ხელოვნების ნიადაგზე განთავსებული, - რადგან მეცნიერების პრობლემა არ შეიძლება გაცნობიერებულ იქნას მეცნიერების საფუძველზე, - შესაძლოა ესაა წიგნი ხელოვანთათვის, რომლებიც იმავდროულად ანალიტიკურ და რეტროსპეტქულ უნარებსაც ფლობენ (ანუ ხელოვანთა განსაკუთრებული სახეობისთვის, რომლებიც უნდა ეძებო, თუმცა ძებნაც არ გსურს...), აღსავსე ფსიქოლოგიური სიახლეებითა და არტისტული საიდუმლოებებით, არტისტული მეტაფიზიკით უკანა პლანზე, ყმაწვილკაცური ნაწარმოები, განწონილი ყმაწვილკაცური გამბედაობითა და ყმაწვილკაცური სევდით, დამოუკიდებელი, ჯიუტად დამოუკიდებელი იქაც კი, სადაც, როგორც ჩანს, რომელიმე ავტორიტეტის წინაშე იხრის ქედს, - ერთი სიტყვით, პირველი ნაყოფი, ასევე გაგებული ამ სიტყვის ურიგო აზრითაც, რომელსაც ახალგაზრდობის ყველა შეცდომა ახასიათებს, მიუხედავად მის მიერ წამოყენებული პრობლემის ანტიკურობისა, უპირველეს ყოვლისა კი მისი