ღრუბლოვანი პროგრამული გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ზომის მაღაზიებისათვის
თუ ვინმე შეძლებს და კარგ პროგრამას გააკეთებს მცირე და საშუალო მაღაზიებისათვის და ხელმისაწვდომს გახდის მას ინტერნეტის მეშვეობით ამ მაღაზიების ხელმძღვანელებისათვის, ნელ-ნელა განავითარებს პროდუქტს, ეცდება მოიპოვოს მომხმარებლების ნდობა და მათი კმაყოფილების სტაბილურად ზრდასაც შეძლებს. სწრაფად თუ ვერ მოახერხა, დროთა განმავლობაში, წესით, საკმაოდ კარგი ბიზნესი უნდა გამოუვიდეს.
ასეთი მაღაზიები მხოლოდ თბილისში 3000–ზე მეტია, მთლიანად ქვეყანაში კი მინიმუმ 5000. მათი უმეტესობისათვის მარაგების ავტომატიზირებული დაგეგმვა, ნავაჭრის, მიღებული და გაყიდული საქონლის აღრიცხვა, ოპერაციების კონტროლი, ფასების მართვა ისეთი მოთხოვნილებებია, რომლებსაც სამწუხაროდ ვერ იკმაყოფილებენ და ინდივიდუალურად ვერც შეძლებენ თუ ვინმე არ დაეხმარება.
სავარაუდოდ მათი უდიდესი ნაწილი, დროთა განმავლობაში, სისტემის მიმართ ნდობის გაჩენის შემთხვევაში, უნდა დათანხდეს დღეში მცირე თანხის სანაცვლოდ (3-5 ლარი ან ცოტა მეტი) ისარგებლოს ინტერნეტში ღრუბლოვანი სერვისებით თუ პროგრამა პრაქტიკული, ფუნქციონალური, საიმედო იქნება, თუ მათ ამ პროგრამის მოხმარებას ვინმე ასწავლის და კომპიუტერებით (თუნდაც მეორადი) აღჭურვაშიც დაეხმარება.
ნელ – ნელა ამ პროგრამით სარგებლობით დისტრიბუტორებიც დაინტერესდებიან და ისინიც გადაიხდიან საფასურს თუ ეს მათ მაღაზიებში თავიანთი ნაშთების კონტროლის საშუალებას მისცემს. ამ სისტემიდან ამოღებული ჯამური ანალიზური ინფორმაცია კი ბევრი ორგანიზაციისათვის (მწარმოებლებისთვის, იმპორტიორებისთვის, ბანკებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის) შეიძლება იყოს საინტერესო.
ყველაზე რთული ამ ბიზნესში, კარგი პროგრამის შექმნის გარდა, რა თქმა უნდა, მის მიმართ მცირე მაღაზიების ინტერესის და ნდობის მოპოვება იქნება. ამისათვის უფასო სწავლების ორგანიზება და კომპიუტერებით აღჭურვაში დახმარება შეიძლება გახდეს საჭირო, ასევე ბევრი სიარული და მაღაზიების დარწმუნება, დაიწყონ საცდელ რეჟიმში პროგრამის მოხმარება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროგრამის და მასთან დაკავშირებული სერვისების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, რამაც პროგრამა მისი მომხმარებლებისათვის სულ უფრო ღირებული და საინტერესო უნდა გახადოს.
იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები მეტი წარმატებისთვის , მათ შორის “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” დაგეხმარებათ მცირე და საშუალო ორგანიზაციებში არსებული ბევრი მმართველობითი პრობლემის გადაწყვეტის გზების პოვნაში.
2012წ