რატომ უნდა ვიზრუნოთ პირადი კავშირების განვითარებაზე
ფართო სანაცნობი ქსელი - ეს ღირებული აქტივია, რომლის მოპოვებაც არც ძვირი ჯდება, სასიამოვნოც არის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ხედავს მის ღირებულებას და ზრუნავს მის განვითარებაზე. ამ სტატიაში შევეცდებით დაგარწმუნოთ, რატომ ღირს კონტაქტების განვითარებაზე მუშაობა, რეალურად რას მიიღებთ შედეგად:
1. კარიერული სარგებელი - რაც უფრო ფართო სანაცნობო წრე გყავთ, მით უფრო მეტი ორგანიზაცია, მეტი კარგი ვაკანსია ხდება თქვენთვის ხელმისაწვდომი. იმ დაშვებით, რომ საქმის პროფესიონალი ხართ, რაც მეტი ნაცნობი გეყოლებათ, მით მეტს ეცოდინება ამის შესახებ, მეტი რეკომენდატორი გეყოლებათ და ვაკანსიის შესახებაც ერთ-ერთ პირველს გაგაგებინებენ. ძალიან ბევრ ორგანიზაციაში საერთოდ არ ცხადდება ვაკანსიები და სანაცნობო რესურსებით ცდილობენ სასურველი კადრის მოძიებას. ასევე, ფართო სანაცნობო წრე დაგეხმარებათ მოიზიდოთ კლიენტები, შეიძინოთ ბიზნეს პარტნიორები.
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - თქვენთვის გაცილებით მეტი ღირებული ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, მალე იგებთ საინტერესო მოვლენების ან სიახლეების შესახებ, თქვენთვის სასურველ სფეროში, საქმის კურსში იქნებით ტენდენციებზე, ასევე ხელმისაწვდომი ხდება სხვების გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დაუგროვდათ, სხვების ცოდნა, რასაც გაგიზიარებენ და რის შესახებაც გიამბობენ, მეტი გეცოდინებათ საკუთარ ინტერესის სფეროზე, არსებულ მდგომარეობაზე, მუდმივად ისწავლით და გავითარდებით, დაგიგროვდებათ კომპეტენციები.
ინფორმაცია არ არის აუცილებელი მხოლოდ პროფესიულ ნაწილს ეხებოდეს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ თემასა და საკითხზე, რაზეც მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ ან გჭირდებათ. დაფიქრდით, რამდენ დროს ხარჯავთ ინტერნეტში ისეთი ინფორმაციის მოძიებაზე, რაც ფაქტიურად არ არის იქ და მხოლოდ ადამიანებმა იციან.
3. დახმარების მიღება - რაც უფრო დიდია თქვენი სანაცნობო წრე, მით უფრო მეტია შანსი, ხელი შეგიწყონ როდესაც დახმარებას საჭიროებ. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ პროფესიულ ნაწილში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ძალიან დიდ და ძალიან შეუძლებელ რაიმეს არ ითხოვთ, ყველა ძალიან დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიზნად გაიხადოთ სხვები რაც შეიძლება მეტად გამოიყენოთ და მუდმივად მათ იმედზე იყოთ, უბრალოდ, ძალიან ბევრ უმნიშვნელო საკითხს გაცილებით მარტივად გადაწყვეტთ, ვიდრე სხვების დახმარების გარეშე შეძლებდით
4. სხვების დახმარება - თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, დაეხმაროთ მეტ ადამიანს, თუნდაც წვრილმან საქმეში, შეუქმნათ სხვებს ღირებულება, ვინაიდან ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სიკეთეს აკეთებთ, როდესაც ვიღაცისთვის სარგებელს ქმნით, ეს ყველას ანიჭებს ბედნიერებას და სიხარულს, რატომ უნდა მოიკლოთ ეს სიამოვნება? ყველაზე მარტივი, რითაც სხვების დახმარებას შეძლებთ, თუნდაც ერთმანეთისათვის ღირებული ადამიანების გაცნობაა.
5. უფრო საინტერესო ცხოვრება - თქვენთვის რაც უფრო მეტ საინტერესო ადამიანს იცნობთ, მით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება თქვენი ცხოვრება და მათთან გატარებული დრო. ჩართული ხართ გაცილებით მეტ ღონისძიებებსა და აქტივობებში, გიწევთ მონაწილეობა სხვადასხვა ივენთებში, დადიხართ ლაშქრობებსა და შეკრებებზე, კონცერტებსა თუ წარმოდგენებზე.