მენეჯერთა ერა
ერთნი ამბობენ, რომ მართვა ხელოვნებაა, მეორენი ამბობენ, რომ — მეცნიერება. ზოგი კი ორივე მოსაზრების შეზავებას ცდილობს. თავად მენეჯერებისათვის იგი ხელოვნებაც არის, თვითდამკვიდრების საშუალებაც და ცხოვრების სტილიც
ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გაცილებით სწრაფად იცვლება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის მაინც. სწრაფად იცვლება ჩვენი მოთხოვნილებები, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და სულ უფრო მეტად გვინდა, იგი უფრო ლამაზი და ძლიერი იყოს. გვინდა ვხედავდეთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ერი, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას იმ კანონებით ცდილობს, რითაც ადრე არასოდეს უცხოვრია. ხალხი, რომელიც განთქმულია ლამაზი სადღეგრძელოებითა და სუფრის ტრადიციებით, დროის უყაირათო ხარჯვითა და სხვა
„ჭეშმარიტად“ ქართული თვისებებით; ერი, რომელიც ფიქრობს, რომ „დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს“ და რომ „საქმე არსად გაიქცევა, ამ თვისაა ხვალაც“; ერი, ვისთვისაც საქმოსნობა სულ ცოტა ხნის წინ სალანძღავი სიტყვა იყო, ახლა კრიტიკულ პირობებში, ცდილობს ცხოვრების ახალი პრინციპებისა და სტილის პოვნას, ახალი თვისებების გამომუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უფროსობა უცხო ხილი არ არის, აღმოჩნდა, რომ ეს უფრო სოციალური მდგომარეობისთვის გვჭირდებოდა, ვიდრე საქმის საკეთებლად. და როდესაც აუცილებელი გახდა შენება, ახლის კეთება და მუხლჩაუხრელი შრომა, აღმოჩნდა, რომ ამისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები გვაკლია, რომლებიც აუცილებელია საქმიანი ადამიანებისთვის.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დასაწყისში, ქვეყნის საქმიან სამყაროში, ორგანიზაციების მფლობელებად მართვის გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები, ან ნაკლები გამოცდილების მქონე ხელმძღვანელი მუშაკები მოგვევლინენ. მათი როლი და დამსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეუფასებელია; მათ ის ლოკომოტივი დაძრეს, რომლის გაჩერებაც, ალბათ, უკვე შეუძლებელია. სწორედ მათ დაიწყეს ქართველ საქმოსანთან დაკავშირებული სტერეოტიპების რღვევა; ამჟამად კი ისინი სულ აქტიურად გადასცემენ მართვის ტვირთს ადამიანების ახალ კლასს, რომელთაც შეუძლიათ, უყვართ და იციან, როგორ მართონ, როგორ აკეთონ საქმე, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს; ისინი დღეს საშუალო და მაღალი რგოლის მმართველობით სტრუქტურებში მუშაობენ. მათი მთავარი კაპიტალი მართვისა და წინსვლის უნარია. მათი მნიშვნელობა ქვეყნისთვის მუდმივად იზრდება. ასე იწყება საქართველოში მენეჯერთა ერა.
მენეჯერებად არ ინიშნებიან, მენეჯერებად ცხოვრობენ. შეიძლება იყო დანიშნული ხელმძღვანელი, მაგრამ არ იყო მენეჯერი. შეიძლება არავის ხელმძღვანელობდე, მაგრამ იყო მენეჯერი. მენეჯერობა უმეტესად პიროვნების შინაგანი მდგომარეობა და ცხოვრების სტილია. ის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას, მოვალეობებს ნიშნავს და არა სოციალურ სტატუსს, თანამდებობას, ან მინიჭებულ უფლებებს. მენეჯერები წინმსვლელი ადამიანები არიან. აწუხებთ უძრაობა, მაგრამ აფიქრებთ მოძრაობა; ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ. სწორედ მათი ერა იწყება დღეს, ვინაიდან ისინი ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას, რათა გადარჩეს და განვითარდეს.
ერთი მხრივ, ძალიან მარტივია, იყო კარგი მენეჯერი. ამისთვის საჭიროა, იცოდე და დაიცვა ხუთი კანონი. უბრალოდ, ზოგჯერ საკმაოდ რთულია ამა თუ იმ კანონის დაცვა, ალბათ, ამიტომაც არ არის ყველა მენეჯერი.
დააკვირდით ქალაქის ქუჩებს შუადღისას (ალბათ, ამას პირველად არ აკეთებთ). სასწაულია, რა ამოძრავებს ამ ხალხს. ყოველი მათგანი სადღაც, რაღაცის გასაკეთებლად მიიჩქარის. ადამიანი, რომელიც მოცლილია და ფანჯრიდან იცქირება, თავის თავს ჰკითხავს — რატომ ხდება ასე? როგორ და რატომ მოძრაობს ყველაფერი ჩვენს გარშემო? შეიძლება ამ კითხვაზე ბევრი ფიქრი არც ღირს, მაგრამ ერთხელ აუცილებლად უნდა გასცე პასუხი, რათა მომავალში აღარ შეგაწუხოს. მენეჯერებმა ზუსტად იციან, რა არის მათი მთავარი მიზანი ცხოვრებაში. მათ ამ კითხვას უპასუხეს და ამის შედეგად გახდნენ უფრო პრაგმატულები, რეალისტები და ეფექტიანები. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მისი უმთავრესი მიზანი საზოგადოების სასარგებლოდ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებაა. მათ იციან, რომ ყოველი ჩვენთაგანი საზოგადოებისთვის სარგებლის მოსატანად იბადება. საზოგადოება, თავის მხრივ, თითოეულს სათანადოდ აფასებს (მართალია, ზოგჯერ ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც). მენეჯერებმა იციან, რომ ყველას განსხვავებული თვისებები და უნარები აქვს, რადგან განსხვავებული მისია უნდა შეასრულოს. მათ იციან, რომ თითოეულში არსებობს მოტივები, რომლებიც აიძულებს მათ, მუდმივად ეძებონ ადგილი, სადაც საკუთარი უნარების გამოყენებას ყველაზე უკეთ შეძლებენ, ანუ იპოვონ და შეასრულონ თავისი მისია.