შესავალი მკაფიო და ნათელი აზრი თვითონვე ამოიხსნება, გამოუცნობი კი შემოქმედებით ფიქრს აღძრავს. ამიტომაცაა, იდუმალების ბურუსით მოცული ისტორიული სახეები და მოვლენები ახლებურ აღქმასა და პოეტურ ახსნას რომ მოითხოვენ ჩვენგან. ამოუწურავი იდუმალების მომხიბლავ, კლასიკურ მაგალითად უნდა ჩაითვალოს მარიამ სტიუარტის ცხოვრების ტრაგედია. ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე ქალის ცხოვრებაზე ასეთი მდიდარი ლიტერატურა - დრამები, რომანები, ბიოგრაფიები შექმნილიყოს; არც ერთი ქალის ცხოვრებას არ გამოუწვევია ასეთი კამათი. არაერთი საუკუნეა, მისი ცხოვრება აღელვებს მწერლებს, იპყრობს მეცნიერთა ყურადღებას. მისი სახე დღესაც შეუნელებელ ინტერესს აღგვიძრავს და ახალ ხორცშესხმას მოელის, რადგან ბუნდოვანება სიცხადეს მოითხოვს, წყვდიადი - სინათლეს.
მარიამ სტიუარტის იდუმალებით მოცულ ცხოვრებას სულ სხვადასხვანაირად ასახავენ და ხსნიან, ისევე როგორც მრავალფეროვანია თვით ეს გამოცანა. იშვიათად მოიძებნება ისტორიაში ქალი, ვისაც ასე სხვადასხვაგვარად ხატავდნენ: ხან მკვლელად გამოჰყავთ, ხან წმინდანად, ხან უჭკუო ინტრიგანად. საოცარია, მაგრამ მისი ცხოვრების სხვადასხვაგვარად ასახვა ჩვენამდე მოღწეული ცნობების სიმცირით კი არ არის გამოწვეული, არამედ მათი მეტისმეტი სიუხვით. ათასობით საბუთი, ოქმი, აქტი, წერილი, ცნობაა შემონახული. სამას წელზე მეტია, დიდი გატაცებით მსჯელობენ, ვერ გადაუწყვეტიათ, დამნაშავეა თუ უდანაშაულო. მაგრამ რაც უფრო ყურადღებით ვსწავლობთ წყაროებს, ნაღველი გვერევა და ვრწმუნდებით, რომ ყველა ისტორიული საბუთი საეჭვოა (იქნებ მისი პორტრეტებიც), რადგან არც დოკუმენტთა სიძველე, არც გულმოდგინედ შემოწმებული მისი არქივის სინამდვილე და ხელწერა მისი საიმედობის ან ადამიანური სიმართლის საწინდრად არ გამოდგებიან.
მარიამ სტიუარტის მაგალითზე ნათლად ჩანს, რა უჩვეულოდ განსხვავებულად ხსნიან თანამედროვენი ერთსა და იმავე მოვლენას. ყოველ დასაბუთებულ „ჰოს“ უპირისპირდება ასევე დასაბუთებული „არა“. ყოველ ბრალდებას მიტევება მოსდევს. სინამდვილეს იმდენი ტყუილი ურევია, ფაქტებს კი - გამონაგონი, კაცს სხვადასხვა შეხედულება ექმნება. ვინც მოინდომებს დაამტკიცოს, მარიამ სტიუარტი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობდაო, ხელთ უამრავი ფაქტი ექნება, ხოლო, ვინც საპირისპირო მტკიცებას მოჰყვება, არც ამისი დადასტურება გაუჭირდება. ათასნაირ საღებავს მოძებნით მისი პორტრეტის შესაქმნელად. როცა ჩვენამდე მოღწეულ გადმოცემებში პოლიტიკური ზრახვანი ან ნაციონალური პატრიოტიზმი იჭრება, საოცრად მახინჯდება სურათი. კაცის ბუნება ასეთია, როცა ორი ადამიანი, ორი იდეა, ორი მსოფლმხედველობა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება, ვერ გაუძლებს ცდუნებას და ან ერთს მიემხრობა, ან მეორეს. ეცდება, ერთი გაამართლოს, მეორეს კი ბრალი დასდოს; ერთი დაადანაშაულოს, მეორეს პატივი მიაგოს. თუ ისევე, როგორც ამ შემთხვევაშია, ავტორთა უმრავლესობა ერთ-ერთ მებრძოლთა ბანაკს ეკუთვნის, ერთი რელიგიის ან მსოფლმხედველობისანი არიან, მათ შეხედულებათა ცალმხრივობა წინასწარ იგრძნობა. პროტესტანტმა ავტორებმა მთელი დანაშაული მარიამ სტიუარტს გადააბრალეს, კათოლიკეებმა კი - ელისაბედს. ინგლისელებს მარიამ სტიუარტი თითქმის ყოველთვის კაცისმკვლელად მიაჩნდათ, შოტლანდიელებს კი საზიზღარი ცილისწამების უდანაშაულო მსხვერპლად. განსაკუთრებით დიდი დავაა „ზარდახშის წერილებზე“. თუ ერთნი ცილისმწამებლურად ამტკიცებენ მათ სინამდვილეს, მეორენი ასევე ცილისმწამებლურად უარყოფენ. ერთი სიტყვით, ყოველ წვრილმანში მიკერძოება იგრძნობა. იქნებ სწორედ ამიტომაცაა, რომ ვინც ინგლისელი ან შოტლანდიელი არ არის, არც მისი სისხლით ნათესავია და მეტი უნარი შესწევს, ობიექტურად, მიუკერძოებლად განსჯისა. იქნებ მარიამ სტიუარტის იდეით შთაგონებულმა, მაგრამ არა რომელიმე პარტიის მომხრე მხატვარმაც უკეთ შეძლოს ამ ტრაგედიის ასახვა, ოღონდ მის მხრივ მიუტევებელი კადნიერება იქნებოდა, ემტკიცებინა, დედოფლის ცხოვრების ყოველი წვრილმანი ვიციო. ერთადერთი, რაც ხელმისაწვდომია მისთვის, ესაა, დაუშვას ალბათობის მაქსიმუმი, ხოლო იმას, რასაც იგი თავისი ჭკუითა და სინდისით ობიექტურად თვლის, შეიძლება სუბიექტურობის ელფერი დაჰკრავდეს. ჭუჭყიან, ამღვრეულ ნაკადში უნდა ეძებოს სიმართლე. რახან თანამედროვეთა ცნობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ყოველი წვრილმანი უნდა აწონ-დაწონოს ბრალმდებელთა და მოწმეთა ნათქვამიდან, მაგრამ რაოდენ სიფრთხილეც უნდა გამოიჩინოს არჩევანში, პატიოსნად მოიქცევა თუ ზოგ შემთხვევაში თავისი მსჯელობა დააეჭვებს და თავს გამოუტყდება, რომ ესა თუ ის ეპიზოდი მარიამ სტიუარტის ცხოვრებიდან ბნელით მოცული, ამოუცნობი დარჩა და იქნებ სამუდამოდაც.
სწორედ ამიტომ, ყურად არ ვიღებთ წამებით, ძალდატანებით და დაშინებით მოპოვებულ ჩვენებებს: სიმართლის მოყვარული კაცი არ დაეყრდნობა იძულებით ჩვენებებსა და არ მიიჩნევს მათ სრულყოფილად და სანდოდ, ისევე, როგორც არ არის სანდო ჯაშუშებისა და ელჩების მიერ მოწოდებული ცნობები (მაშინდელ დროში ამ სიტყვებს სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა) და ყოველ საბუთს ეჭვის თვალით შეხედავს.
თუ მე იმ აზრისა გახლავართ, რომ სონეტები და „ზარდახშის წერილების“ უმრავლესობა სანდოა, აქამდე ყოველი გარემოების გულმოდგინედ აწონ-დაწონამ და აგრეთვე შინაგანი ხასიათის მოტივებმა მიმიყვანა. როცა საარქივო მასალებში ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი მხვდებოდა, ორივეს ვამოწმებდი, სათავესა და პოლიტიკურ მოტივს ვუძებნიდი. თუ მათ შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ყოველთვის ვმსჯელობდი, ყოველი ცალკეული ნაბიჯი ფსიქოლოგიურად რამდენად შეეხამებოდა მთელ ხასიათს. აი, ეს გახლდათ ჩემთვის