წინასიტყვაობა
The proper study of mankind is man.
Alexander Pope
კაცობრიობის შეცნობის საუკეთესო
გზა - ადამიანია.
ელიგზანდერ პოუპი
მე ვცდილობ ავხსნა გონის შემოქმედებითი მისწრაფებანი ყველაზე თვალსაჩინო ტიპებით, ეს ტიპები კი - სახეებით. მოცემული ტომი უპირისპირდება და ავსებს „სამყაროს მშენებელთა“ წინა ორ წიგნს. „დემონთან ბრძოლაში“ („სიგიჟესთან ბრძოლა“) წარმოდგენილი არიან ჰოლდერლინი, კლაისტი და ნიცშე. ეს არის სამი სხვადასხვა გამოვლინება დემონის მიერ დევნილი ტრაგიკული სულისა, რომელიც უსაზღვროებასთან ბრძოლისას სცდება როგორც მისთვის, ისე რეალური სამყაროსთვის დადგენილ სამანებს. „სამი ოსტატი“ წარმოგვიდგენს ბალზაკს, დიკენსსა და დოსტოევსკის, როგორც ეპიკური თხრობის ოსტატებს, რომლებმაც თავიანთი რომანებით არსებული სინამდვილის პარალელურად, მეორე სინამდვილე შექმნეს. „თვისი ცხოვრების სამი მგოსანის“ გზა არ გადის არც უსაზღვრო სამყაროში, როგორც პირველი სამეულის, და არც რეალობაში, როგორც მეორე სამეულის შემთხვევაში, არამედ საკუთარი „მე“-ს შესაცნობადაა მიმართული. მათდა უნებურად, ისინი თავიანთი ხელოვნების უმთავრეს ამოცანად მიიჩნევენ არა მაკროკოსმის ანუ საყოველთაო არსის ასახვას, არამედ სამყაროს წინაშე საკუთარი „მე“-ს მიკროკოსმის გამომზეურებას: მათთვის არ არსებობს უფრო ღირსსაცნობი რეალობა, ვიდრე მათი არსებობის რეალობაა. პოეტი extroverte, როგორც ფსიქოლოგიაში უწოდებენ, სამყაროსკენ არის მიმართული. მას თავისი „მე“ ნაწარმოების ობიექტურ რეალობაში გადააქვს და პიროვნების სრულ გაქრობამდე მიდის (ამ მხრივ ყველას სჯაბნის შექსპირი, ადამიანი-მითი). სუბიექტურად აღმქმელი, introverte საკუთარ თავზე არის ორიენტირებული. ის მთელ სამყაროს თავს უყრის საკუთარ „მე“-ში და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ცხოვრებას გამოსახავს. როგორი ფორმაც უნდა აირჩიოს - დრამა, ეპოსი, ლირიკა თუ ავტობიოგრაფია, - ქვეცნობიერად, ნაწარმოების ცენტრში მუდამ საკუთარ „მე“-ს აყენებს, ყოველ გამოსახულებაში, უპირველესად, საკუთარ თავს ამჟღავნებს. მოცემული წიგნის ამოცანა არის მცდელობა იმისა, რომ სამი პიროვნების - კაზანოვას, სტენდალისა და ტოლსტოის - მაგალითზე აჩვენოს სუბიექტური ხელოვანის ტიპი, რომელიც შთანთქმულია საკუთარი თავით; ასევე, დაასაბუთოს, რომ მხატვრული ფორმა, რომელიც ახასიათებს ამ ტიპს, არის ავტობიოგრაფია.
ვიცი, რომ უფრო მოულოდნელია, ვიდრე დამაჯერებელი ამ სამი სახელის - კაზანოვას, სტენდალის, ტოლსტოის - ერთად დაყენება; ძნელია იმ სიბრტყის წარმოდგენა, რომელზეც თავაშვებული, ამორალური თაღლითი და საეჭვო ხელოვანი კაზანოვა შეიძლება, გვერდით დაუყენო ზნეობრიობისთვის ისეთ დიდ მებრძოლსა და უზადო ხელოვანს, როგორიც არის ტოლსტოი. სინამდვილეში, ამ წიგნში მათი ერთად წარმოჩენა არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთსა და იმავე სულიერ სიბრტყეზე იმყოფებიან; სულაც პირიქით: ეს სამი სახელი სიმბოლურად განასახიერებს სამ საფეხურს, ერთგვაროვანი ფორმის გამოვლენათა ზეაღმავალ რიგს. კიდევ ვიმეორებ, ეს სახელები არ არის ტოლფასოვანი ფორმები, ეს არის ერთი და იმავე შემოქმედებითი ფუნქციის - თვითგამოსახვის სამი საფეხური. რა თქმა უნდა, კაზანოვა თვითგამოსახვის მხოლოდ პირველ, დაბალ, პრიმიტიულ საფეხურს წარმოადგენს, რომელზეც ადამიანი ცხოვრებას ზერელე გრძნობებიდან და ფაქტებიდან მომდინარე განცდათა ერთობლიობად განიხილავს და გულუბრყვილოდ, ისე, რომ არ უღრმავდება საკუთარ შინაგან სამყაროს, შეფასების გარეშე აღწერს თავისი ცხოვრების მიმდინარეობასა და ამბებს. სტენდალთან თვითგამოსახვა უფრო მაღალ - ფსიქოლოგიურ საფეხურზე დგას. იგი არ შემოიფარგლება უბრალო ანგარიშით, ცარიელი curriculum vitae-თი. აქ „მე“ დაინტერესებულია საკუთარი თავით. იგი განიხილავს თავისი სურვილების მექანიზმს, ეძებს თავისი მოქმედებისა თუ უმოქმედობის მოტივებს, დრამატულ ელემენტებს სულიერების სფეროში. ეს აჩენს ახალ პერსპექტივას - ორმაგად განიხილოს თავისი „მე“, როგორც სუბიექტი და როგორც ობიექტი, იქონიოს ორმაგი ბიოგრაფია: გარეგანი და შინაგანი. დამკვირვებელი აკვირდება საკუთარ თავს, განმცდელი ამოწმებს თავის განცდებს. ხელოვანის თვალსაწიერში შემოდის არა მარტო გარეგანი, არამედ ფსიქიკური ცხოვრებაც. ტოლსტოის, როგორც ტიპის, შემთხვევაში, თვითდაკვირვება უმაღლეს საფეხურს აღწევს - ეთიკურ-რელიგიურ თვითგამოსახვას. ზუსტი დამკვირვებელი თავის ცხოვრებას, ხოლო კარგი ფსიქოლოგი განცდათა განცალკევებულ რეფლექსებს აღწერს. ამას მოჰყვება თვითდაკვირვების ახალი ელემენტი - სინდისის დაუღალავი თვალი, რომელიც თითოეული სიტყვის სიმართლეს, თითოეული მოსაზრების სიწმინდეს, ყოველი გრძნობის ქმედით ძალას აკვირდება. თვითგამოსახვა ცნობისმოყვარე თვითგამოკვლევის ფარგლებს სცილდება; იგი წარმოადგენს თვითგამოცდას, თვითსამსჯავროს. ხელოვანს, რომელიც საკუთარ თავს ასახავს, აინტერესებს არა მარტო მეთოდი და ფორმა, არამედ თავისი მიწიერი ცხოვრების საზრისი და ღირებულება.
ამ ტიპის ხელოვან-თვითგამომსახველებს ეხერხებათ, ნებისმიერი ლიტერატურული ფორმა საკუთარი „მე“-თი გააჯერონ, მაგრამ მთლიანად საკუთარი თავით მხოლოდ ერთს ავსებენ: ავტობიოგრაფიას - ამ საკუთარი „მე“-ს მომცველ ეპოსს. ქვეცნობიერად ამას ყველა ესწრაფვის, მაგრამ წარმატებას ცოტა ვინმე თუ აღწევს. სხვა მხატვრულ ფორმებთან შედარებით, ავტობიოგრაფია იშვიათად არის წარმატებული, იმიტომ, რომ იგი ხელოვნების ყველაზე საპასუხისმგებლო დარგია. ავტობიოგრაფიას იშვიათად წერენ (მსოფლიო ლიტერატურის ურიცხვი სიმდიდრის საგანძურში თითებზე ჩამოსათვლელია ამ სახის ღირსსაცნობი ნაწარმოები); მის ფსიქოლოგიურ კრიტიკასაც ერიდებიან, რადგან უფრთხიან ლიტერატურის ზონიდან სულის შესახებ