მწველი საიდუმლო -
პარტნიორი ორთქლმავალმა ხრინწიანი ხმით მიაკივლა ზემერინგს. წუთით შეჩერდნენ შავი ვაგონები მთის მწვერვალთა ვერცხლისფერ შუქზე. მატარებლიდან რამდენიმე მგზავრი ჩამოვიდა, ზოგიც ავიდა. გაისმა ბრაზიანი ხმები, შემდეგ ისევ შეჰკივლა ხმაჩახლეჩილმა ლოკომოტივმა და მოხრიგინე შავი ჯაჭვი გვირაბში შეიყოლა. ირგვლივ კვლავ ჟუჟუნა წვიმისა და სიოსაგან გაკრიალებული ნათელი მიდამო გადაიშალა.
მატარებლიდან ჩამოსულმა ერთმა ყმაწვილმა კაცმა, მოხდენილი ტანსაცმლითა და ლამაზი მიხრა-მოხრით რომ გამოირჩეოდა, ყველას დაასწრო ეტლის დაქირავება და სასტუმროსკენ გასწია. ცხენები ზანტად მიუყვებოდნენ აღმართს. ჰაერი გაზაფხულის სუნით იყო გაჟღენთილი. ცაზე სწრაფად მიცურავდნენ თეთრი ღრუბლები, ასეთი ღრუბლები მხოლოდ მაისსა და ივნისშია ხოლმე, როცა ისინი, ნორჩნი და უზრუნველნი, თამაშით მიქრიან ლურჯ გზაზე, ხან მაღალ მთებს ამოეფარებიან, ხან ერთმანეთს ეხვევიან და ისე მიისწრაფიან, ზოგჯერ ბამბის ქულებად შეიკვრებიან, ანდა ნაწილ-ნაწილ დაფლეთილები გიჟმაჟი თამაშით მთებს თეთრი ქუდებივით ჩამოეფხატებიან ხოლმე. ქარიც არ ისვენებდა: ისე გაშმაგებით არხევდა ჯერ კიდევ სველ, ნაწვიმარ ხეებს, რომ მათ სახსრები უხრჭიალებდათ და ათასობით წვეთს ნაპერწკლებივით ისროდნენ. დროგამოშვებით მწვერვალებიდან მონაბერი თოვლის გრილი სურნელება აღწევდა და მაშინ ჰაერი ტკბილი და ამავე დროს მჭახე ხდებოდა. ცასა და დედამიწაზე ყოველივე მოძრაობდა, ჩქეფდა, დუღდა და გადმოდიოდა. ცხენები ახლა უკვე დაღმართზე მიიჩქაროდნენ წყნარი ფრუტუნით და შორს ისმოდა მათი ეჟვნების წკრიალი.
ყმაწვილმა კაცმა სასტუმროში მისვლისთანავე ჩამოსულთა სია გადაათვალიერა, მაგრამ იმედგაცრუებულმა მაშინვე გვერდზე გადადო. „ნეტავ ვიცოდე, აქ რამ მომიყვანა? - თავის თავს შეეკითხა განაწყენებული. - ამ მთაში მარტოდმარტო, საზოგადოებისგან მოშორებით ყოფნა ხომ კანცელარიაში ჯდომაზე უარესია. ჩანს, ან ძალიან ადრე მოვედი, ანდა ძალიან გვიან. შვებულებაში ბედი არასდროს მწყალობს. ამდენ ხალხში ერთი ნაცნობი გვარიც კი ვერ ვიპოვე. ერთი-ორი ქალი მაინც იყოს, რომ თუნდაც უბრალო ფლირტი გავაჩაღო, თორემ მთელი კვირა რა გამაძლებინებს“.
ახალგაზრდა ბარონი, რომელიც ავსტრიის მოხელე-არისტოკრატიის არცთუ ისე დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა, სახელმწიფო დაწესებულებაში მსახურობდა. დასვენება მაინცდამაინც არ სჭირდებოდა, მაგრამ ეს ერთკვირიანი საგაზაფხულო შვებულება მისმა კოლეგებმა გამოსძალეს მთავრობას და მანაც მოისურვა ამ უფლებით სარგებლობა. მას თავქარიანს ნამდვილად ვერ უწოდებდით, მაგრამ საზოგადოების გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნდა, ყველასათვის საყვარელსა და სასურველს, სიმარტოვის ატანა არ შეეძლო და ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენას გაურბოდა და ამისთვის ყოველ ღონეს ხმარობდა, არ სურდა უფრო ახლოს გასცნობოდა თავის შინაგან მეს. კარგად იცოდა, რომ მისთვის საჭირო იყო ადამიანებთან ურთიერთობა, რათა თავისი ნიჭი, თავაზიანობა და ტემპერამენტი გამოევლინა. მარტოობისას კი ისევე ცივი და უსარგებლო იყო, როგორც ასანთის ღერი კოლოფში.
ბარონი უგუნებოდ სცემდა ბოლთას ვესტიბიულში, ხან ჟურნალებს ფურცლავდა უყურადღებოდ, ხანაც დარბაზში შევიდოდა, მიუჯდებოდა როიალს და ვალსის დაკვრას იწყებდა, მაგრამ თითები არ ემორჩილებოდა, რომ რიტმი დაეცვა. ბოლოს მოწყენილი ფანჯარასთან დაჯდა და გარეთ დაიწყო ყურება, სადაც ნელა ეშვებოდა ბინდი და ფიჭვებიდან რუხი ნისლი ბოლქვებად ამოდიოდა. ასე უაზროდ და მოუსვენრად გაატარა მთელი საათი. შემდეგ სასადილოს მიაშურა.
სასადილოში სულ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული. ბარონმა სწრაფად გადაავლო მათ თვალი, მაგრამ ამაოდ: ვერც ერთი ნაცნობი ვერ აღმოაჩინა. მხოლოდ ერთ მაგიდასთან - მან დაუდევრად უპასუხა სალამზე - მწვრთნელი იჯდა, რომელსაც იპოდრომიდან იცნობდა, და ერთგან კიდევ ნაცნობი სახე მოხვდა თვალში რინგშტრასედან. ეს იყო და ეს. ქალი არსად ჭაჭანებდა. გართობის იმედი მთლად გადაეწურა. თანდათან მოთმინებას კარგავდა. ბარონი იმ ყმაწვილ კაცთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც კარგი გარეგნობის წყალობით ქალებში წარმატებით სარგებლობენ, ყოველთვის გამარჯვებებისა და სიახლის ძიებაში არიან. მათ არაფერი აშინებთ, რადგან ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი. არც ერთი ნადავლი არ წაუვათ ხელიდან. ქალს პირველივე შეხედვით კრიტიკული თვალით აფასებენ - სულ ერთია, მეგობრის ცოლი იქნება თუ მისი მოახლე. ასეთ მამაკაცებზე დამცინავი ღიმილით იტყვიან ხოლმე, ქალებზე მონადირეაო, და არც უკვირდებიან, რა მოსწრებული ნათქვამია, რადგან ქალების მოტრფიალენი ჩვეულებრივ მონადირეზე არანაკლები აზარტითა და სისასტიკით დევნიან თავიანთ მსხვერპლს. ისინი ყოველთვის მზად არიან კვალი აიღონ და ახალი თავგადასავლის ძიებაში თუნდაც უფსკრულის პირამდე მივიდნენ. გულში მუდამ ვნების ცეცხლი უგიზგიზებთ, მაგრამ ეს კეთილშობილი მიჯნურის ლტოლვა კი არა, მოთამაშის ცივი, ანგარიშიანი, სახიფათო ჟინია. ამ ადამიანებს შორის ისეთებიც არიან, რომელთათვისაც არა მარტო ახალგაზრდობა, არამედ მთელი სიცოცხლე ამ სატრფიალო თავგადასავალთა ერთიან ჯაჭვს წარმოადგენს. მათთვის ყოველი დღე ასეულ პატარ-პატარა ვნებიან თავგადასავლად იყოფა - წამიერი შეხედვა, წუთიერი ღიმილი, წინ მჯდომი ქალის მუხლზე შეხება - და წელიწადიც, თავის მხრივ,