შტეფან ცვაიგი (1881-1942)
შტეფან ცვაიგი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ებრაული წარმოშობის საქმოსან მორიც ცვაიგის ოჯახში დაიბადა. ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე, საკუთარი ხარჯით გამოსცა ლექსების პირველი კრებული - „ვერცხლის სიმები“, რომელიც იმ დროს უკვე ცნობილ პოეტს - რაინერ მარია რილკეს გაუგზავნა, საპასუხოდ კი, უფროსი კოლეგისგან სახსოვრად, მისი წიგნი მიიღო. ასე გაიბა მათ შორის მეგობრობა.
უნივერსიტეტის დამთავრებისა და დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ცვაიგი სამოგზაუროდ გაეშურა, მოიარა ევროპის დედაქალაქები - ლონდონი და პარიზი, შემდეგ ეწვია იტალიას, ესპანეთს (1905-1906). მომდევნო წლებშიც ბევრ ქვეყანას სტუმრობდა (ინდოეთს, აშშ-ს, კუბას, პანამას), პირველი მსოფლიო ომის ბოლო წლები შვეიცარიაში გაატარა, ხოლო შემდგომ, სამშობლოში, ქალაქ ზალცბურგში დასახლდა.
ომის დროს გამოაქვეყნა საინტერესო ნარკვევი რომენ როლანზე, რომელსაც „ევროპის სინდისი“ უწოდა. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მაკსიმ გორკის, თომას მანის, მარსელ პრუსტისა და იოზეფ როთის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ესეები.
შტეფან ცვაიგმა სახელი გაითქვა ნოველებით, რომლებიც მკითხველს აოცებს უჩვეულო სიუჟეტით, ადამიანის ცხოვრების პერიპეტიებით, ღრმა ფსიქოლოგიზმითა და შინაგანი დრამატიზმით. 1927 წელს მწერალმა ნოველები სამ ტომად გამოსცა და მოითხოვა, თითოეული მათგანისთვის სხვადასხვა ფერის ყდა დაერთოთ, რითიც ადამიანის განცდების განსხვავებული გამა უნდოდა გამოეხატა: მწვანე - ბავშვობის შესაფერისად მიაჩნდა, ნარინჯისფერი - სიმწიფის ხანის, ღია ლურჯი კი - ხანდაზმულობის.
საინტერესოა, რომ ცვაიგმა ნოველის საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული მოდელი შეიმუშავა. მის მიერ გადმოცემული ამბების უმეტესობა პერსონაჟის მოგზაურობის ფონზე ხდება, რომელიც ზოგჯერ სახალისოა, ზოგჯერ - დამღლელი და მოსაწყენი, ზოგჯერ კი - სახიფათო. ყველაფერი, რაც მის გმირებს თავს გადახდება, მოგზაურობისას გაკეთებული ხანმოკლე გაჩერების დროს ხდება, მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ მათი ცხოვრების გადამწყვეტ, საკვანძო მომენტად იქცევა. ეს მოვლენები ხშირად მათთვის ნამდვილ ზნეობრივ გამოცდად იქცევა, ნაწარმოების კულმინაციად კი პერსონაჟის ემოციური მონოლოგი წარმოგვიდგება.
დღეს მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი და მკითხველისთვის საყვარელი ნაწარმოებებია შტეფან ცვაიგის ნოველები: „უცნობი ქალის წერილი“, „ამოკით შეპყრობილი“, „მწველი საიდუმლო“, „საჭადრაკო ნოველა“, „შიში“, „მთვარის შუქით განათებული ქუჩაბანდი“, „უხილავი კოლექცია“, „ფანტასტიკური ღამე“, რომლებსაც ცვაიგის „რჩეულის“ მე-2 ტომში იხილავს მკითხველი.
ნოველა ცვაიგს უფრო ემარჯვებოდა, ვიდრე თანამედროვეობის ამსახველი ორიგინალური რომანი. ალბათ ამიტომაც, მის კალამს ამ ჟანრის მხოლოდ ერთი დასრულებული (ერთიც დაუსრულებელი - „გარდასახვის მხუთრი“, რომელიც მისი გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ - 1982 წელს გამოიცა) ნაწარმოები - „მოუთმენლობა გულისა“ (1938) ეკუთვნის, თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანის ჟანრში, რომლის უამრავი ნიმუში შექმნა.
ეს მასშტაბური ლიტერატურული ტილოები დოკუმენტისა და ხელოვნების მიჯნაზეა. მაგელანის, ერაზმუს როტერდამელის, მარიამ სტიუარტის, მარი-ანტუანეტის, ფუშეს, ბალზაკისა თუ კაზანოვას ცხოვრების აღწერისას მწერალი ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, მაგრამ საკუთარი ფანტაზიის ფართო შესაძლებლობებსაც მოხდენილად იყენებს. რაც მთავარია, მშრალი დოკუმენტის მიღმა მუდამ ახერხებს ფსიქოლოგიური „სარჩულის“ ამოკითხვასა და წარმოჩენას.
ისტორიული რომანებისა თუ ე.წ. ბელეტრისტური ბიოგრაფიების ნაწილი შემოქმედს ციკლებად აქვს გაერთიანებული და სხვადასხვა მოღვაწის შედარების შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, ნაწარმოებში, რომელსაც „თვისი ცხოვრების სამი მგოსანი“ დაარქვა, უჩვეულო სამეულს - კაზანოვას, სტენდალსა და ტოლსტოის წარმოგვიდგენს და წინასიტყვაობაში ამის მიზეზებსაც ძალზე საინტერესოდ ხსნის (ცვაიგის „რჩეულის“ მე-4 ტომი).
განსაკუთრებული ადგილი უკავია ცვაიგის შემოქმედებაში პოლიტიკოსთა პორტრეტებს. მას გამუდმებით აწუხებდა პოლიტიკისა და მორალის ურთიერთგავლენის საკითხები. წინააღმდეგობამ ამ ორ სფეროს შორის მწერლისთვის 30-იან წლებში უშუალო, ცხოვრებისეული მნიშვნელობა შეიძინა. გერმანიაში ძალაუფლებას ფაშისტური პარტია დაეპატრონა, 1938 წელს კი ჰიტლერმა შემოქმედის სამშობლოც დაიპყრო.
ჯერ კიდევ მანამდე, შტეფან ცვაიგმა ზალცბურგი დატოვა და ლონდონში დასახლდა. მაგრამ არც ინგლისში გრძნობდა თავს სრულიად დაცულად და 1940 წელს, ჯერ ლათინურ ამერიკაში, შემდგომ კი აშშ-ში გადავიდა, თუმცა მალე იქიდანაც წავიდა და ბოლოს, ბრაზილიურ ქალაქ პეტროპოლისში დამკვიდრდა.
უკანასკნელი წლები მწერლისთვის უმძიმესი განცდების ფონზე მიედინებოდა. მანამდე ცვაიგს დიდი ხნის განმავლობაში სწამდა, რომ პირველი მსოფლიო ომი მხოლოდ ტრაგიკულ გაუგებრობას წარმოადგენდა და მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი იქნებოდა. იმედს არ კარგავდა, რომ რომენ როლანთან, ანრი ბარბიუსთან, გერმანელ ანტიფაშისტ მწერლებთან ერთად მოახერხებდა, კაცობრიობისთვის თავიდან აეცილებინა ახალი მასშტაბური სისხლის ღვრა... იმედის გაცრუებამ, ილუზიების მსხვრევამ მის უკანასკნელ, მოგონებების წიგნში - „გუშინდელი მსოფლიო“ პოვა ასახვა.
1942 წლის 23 თებერვალს სხვადასხვა ქვეყნის გაზეთებმა პირველ გვერდებზე სენსაციური ცნობა გამოაქვეყნეს: „სახელგანთქმულმა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა და მისმა ცოლმა შარლოტამ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად“. სათაურის ქვეშ მოეთავსებინათ ფოტოსურათი, რომელიც ჰოლივუდური მელოდრამიდან ამოღებულ კადრს უფრო ჰგავდა: მასზე გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იყო აღბეჭდილი...
თანამედროვეთა უმეტესობისთვის