ზაფხულის ნოველა
შარშან ზაფხულში აგვისტო კადენაბიაში, კომოს ტბის ახლოს, თეთრი ვილებით დასახლებულ, სიმწვანეში ჩაფლულ, მყუდრო ადგილას გავატარე. გაზაფხულის ყველაზე ხმაურიან დღეებშიც კი, როდესაც ტბის ვიწრო ნაპირი ბელაჯოდან და მენაჯოდან ჩამოსულ ტურისტებს ვეღარ იტევდა, ამ პატარა, მყუდრო მხარეში სიმშვიდე სუფევდა, ხოლო აგვისტოს მცხუნვარე მზით განათებული, სურნელოვანი ქალაქი სიჩუმეს მოეცვა და პატარა სასტუმრო თითქმის ცარიელი იყო. მის მცირერიცხოვან სტუმრებს უკვირდათ, რომ ადამიანს შეეძლო, ზაფხულში დასვენების ადგილად ეს ქალაქი შეერჩია; დილით რესტორანში, საუზმეზე შეხვედრისას კი ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ ყველა დამსვენებელი ისევ თავის მაგიდასთან იჯდა და აქედან წასვლას არ აპირებდა.
ერთხელაც ჩემი ყურადღება არცთუ ახალგაზრდა, ძალიან ელეგანტურმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელიც გარეგნობით უფრო ინგლისელ ლორდს თუ პარიზელ დენდის მაგონებდა, ტბაზე საბანაოდ არ დადიოდა, მთელი დღეები ჩაფიქრებული იჯდა, საკუთარი სიგარეტის კვამლს აკვირდებოდა ან წიგნს ფურცლავდა.
ჩვენი ნაცნობობა ორდღიანი, გულის გამაწვრილებელი და მოსაწყენი წვიმის დროს დაიწყო და ამაში ჩვენ შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობას ხელი სულაც არ შეუშლია. ჩემი ახალი ნაცნობი, რომელიც ლიფლანდიაში დაბადებულა, თავდაპირველად თურმე საფრანგეთში, მერე კი ინგლისში იზრდებოდა, არასოდეს ყოფილა დაკავებული რაიმე საქმიანობით და რამდენიმე წელია, მუდმივი საცხოვრებელიც არ ჰქონია; ამიტომ მისთვის უცხო იყო სამშობლოს სიყვარულის ამაღლებული გრძნობა, და ამით იგი იმ რაინდებსა და სილამაზის მაძიებელ მეკობრეებს მაგონებდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რომ დაძრწიან და ხარბად შეისუნთქავენ ყველაფერ მშვენიერს, რაც კი გზად შემოხვდებათ. ამ არისტოკრატს დილეტანტის დონეზე ხელოვნების ყველა დარგი უყვარდა, თუმცა არასოდეს გასჩენია სურვილი, მისი მსახური ყოფილიყო და თავი წამითაც კი არ შეუწუხებია, რომ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის ერთი მისხალი მაინც გაეღო იმ ბედნიერი წუთების სანაცვლოდ, ხელოვნების წყალობით რომ განიცდიდა. ასეთი ადამიანების ცხოვრებას თითქოს არავითარი ფასი არ გააჩნია, რადგან მათ საზოგადოებასთან არაფერი აკავშირებთ, ის საუნჯე კი, რომელსაც ისინი თავიანთი განუმეორებელი, ძვირფასი შთაბეჭდილებების დაგროვებით ქმნიან, მემკვიდრეობით არავის გადაეცემა და მათი უკანასკნელი ამოსუნთქვის შემდეგ სიცარიელეში ჩაიკარგება.
ერთ საღამოს მე და ჩემი ახალი ნაცნობი სასტუმროს წინ ვისხედით და ვაკვირდებოდით, ჩვენ თვალწინ როგორ იქუფრებოდა კამკამა ტბა. ამის შესახებ სიტყვა რომ ჩამოვაგდე, მან ღიმილით მითხრა:
– შესაძლოა, მართალიც ბრძანდებით, თუმცა მოგონებები დიდად არ მიყვარს. ეს გრძნობა ხომ წამიერი განცდის შემდეგ უჩინარდება! პოეზიის შესახებ რა აზრის ვარ? განა პოეზიაც ორმოცდაათი ან ასი წლის შემდეგ ასევე არ კვდება? დღეს კი მინდა ისეთი რამ მოგიყვეთ, რაც, ვფიქრობ, ნოველისთვის შესანიშნავი სიუჟეტი იქნებოდა! წამობრძანდით, თან გავიაროთ! ასეთი ამბების მოყოლა სეირნობის დროს უკეთ შეიძლება!
სანაპიროსკენ მშვენიერ ბილიკს გავუყევით. ხის ტოტებს შორის წამიერად გაკრთებოდა ხოლმე კამკამა ტბა. შორს თეთრი ღრუბელივით მოჩანდა ბელაჯო, ნაზად რომ ირეკლავდა ჩამავალი მზის ნაირფერ სხივებს. ზემოთ, მრუმე გორაკის თავზე, დაისის უკანასკნელ სხივებში ალმასივით ბრწყინავდა სერბელონის ვილის სახურავი. ოდნავ ჩახუთული სითბო არ გვაწუხებდა, ქალის ალერსიანი ხელივით ნაზად ეხებოდა ჩრდილებს და ჰაერს უჩინარი ყვავილების სურნელით ავსებდა.
ჩემმა თანამგზავრმა დუმილი დაარღვია:
– აღიარებით დავიწყებ. აქამდე თქვენთვის არ მითქვამს, რომ აქ, კადენაბიაში შარშან, წლის ზუსტად ამ დროს ამავე სასტუმროში ვიმყოფებოდი. ეს ალბათ გაგიკვირდებათ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც უკვე გითხარით, რომ ცხოვრებაში განმეორებებს ვერ ვიტანდი. ჰოდა, მომისმინეთ! შარშან ეს ადგილი, ცხადია, წლევანდელივით უკაცრიელი იყო. მილანიდან ჩამოსული ერთადერთი დამსვენებელი მთელ დღეებს თევზაობაში ატარებდა, საღამოს კი თევზებს ისევ წყალში უშვებდა, რომ მეორე დილით კვლავ დაეჭირა. მოგვიანებით სასტუმროში ორი ხანდაზმული ინგლისელი ქალბატონი გამოჩნდა, თუმცა მათ უწყინარ, მცენარეულ არსებობას ვერავინ ამჩნევდა. ცოტა ხანში ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცი შევნიშნე, რომელსაც მეტისმეტად ფერმკრთალი გოგონა ახლდა; წყვილს ისე ძალიან უყვარდა ერთმანეთი, რომ მათი ცოლქმრობისა დღემდე არ მჯერა. ბოლოს კი გეტყვით, რომ აქ იმყოფებოდა ოჯახიც, აშკარად ჩრდილოეთ გერმანიიდან ჩამოსული; ამ ოჯახის ერთ-ერთ, არცთუ ახალგაზრდა, ჩასკვნილ ქალბატონს ჩალისფერი თმა, უშნო, უხეში მიხრა-მოხრა, სალ კლდესავით უდრეკი მზერა და თითქოს დანის წვერით გაჭრილი, წვრილი, ბოროტი პირი ამშვენებდა; მას თან მეორე ქალბატონი ახლდა, რომელიც გარეგნობით პირველს ძალიან ჰგავდა და მისი და უნდა ყოფილიყო, ოღონდ უფრო ფაშფაშა იყო და სახე შეშუპებული ჰქონდა. ქალები დღეებს ერთად ატარებდნენ, მაგრამ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მუდმივად თავდახრილები ისხდნენ და თავიანთი მოსაწყენი, შეზღუდული და ულმობელი ყოფის მთელ უაზრობას ხელსაქმის ნახჭებში აქსოვდნენ. ქალბატონებს თან თექვსმეტიოდე წლის გოგონა ახლდათ, რომელიც ერთ-ერთი მათგანის – თუმცა არ ვიცი, რომლის – ქალიშვილი