მეზვერისა და ფარისევლის კვირა პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ
თავი 3
10. ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულსმოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა,
11. დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხჳა მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას; რაოდენი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან.
12. და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნნენ.
13. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან.
14. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს,
15. და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.
განმარტება
ეკლესიაში მოსვლის და ქრისტეანული ცხოვრების დაწყების მსურველმა უნდა გააცნობიეროს თუ რას იწყებს, რას ან ვის ეძებს. ადამიანი ქრისტეანობაში მხოლოდ იმიტომ არ უნდა მოდიოდეს, რომ მოიპოვოს კეთილდღეობა, მშვიდობა, ჯანმრთელობა, მატერიალური უზრუნველყოფა, დაძაბული ცხოვრებისაგან გაქცევა, ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა, კომფორტი... იგი უპირველეს ყოვლისა ქრისტეს უნდა ეძიებდეს, რაც უფლის კვალზე შედგომას ნიშნავს. ხოლო ქრისტეს კვალზე შედგომა (შეუდგები ქრისტესა? – შევუდგები), საკუთარი დაცემული ნების უარყოფას და ჯვრის ტვირთვას, ანუ ცხოვრებისეული განსაცდელების ღირსებით გადატანას გულისხმობს და ამ აღთქმას ხომ ყველა ნათელღებული (მონათლული) დებს (მათ. 16, 24; 2 ტიმ. 3, 12).
უფალი თავის ერთგულს არასოდეს მიატოვებს განსაცდელში (2 ტიმ. 3, 11); მაგრამ უფლისადმი ერთგულება, ანუ სიყვარული გულისხმობს ჩვენში საღვთო შურს და ქრისტესათვის თავგანწირვას ან ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ თავგანწირვისათვის მზადყოფნას. ამიტომ ძალიან ცდებიან ისინი, ვინც იხიბლებიან ლუთერანთა და პაპისტთა რელიგიური ცხოვრებით, მათი უმარხულობით, კომფორტული ღვთისმსახურებით (სკამები, ორღანი...). უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა უფლისადმი სიყვარულის, თანაგრძნობის და თანადგომის გამოხატულებაა (როგორ ჭამ პარასკევს ხორცს და როგორ სვამ ღვინოს, ამ დღეს ხომ შენთვის კაცად მოსული ღმერთი კვდება; ან რა გაქეიფებს კალენდარულ ახალწელს, არ გახსოვს, რომ ამ დროს მშობიარობის ჟამს მიწეული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არცერთ სახლში არ შეუშვეს, რის გამოც ქრისტე იქ იშვა, სადაც ჩვენ ჭამასაც არ ვიკადრებდით - ცხოველთა სადგომში). მართლმადიდებლური ღვთისმსახურების „ სიმკაცრით ” საშუალება გვეძლევა თანაველმოთ და თანაჯვარსვეცვათ ჩვენს უფალს (მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ქრისტეს ცხოვრებაა). მხოლოდ ამგვარი ღვთისმსახურებით შეძლებს ადამიანი სრულად განიცადოს ის სიხარული, რაც ევქარისტიის საიდუმლოებაში (ღვთის- მსახურების ძირითადი და ყველაზე ამაღლებული ნაწილი) გვეწყალობება.
ადამიანი რომელიც გრძნობს საკუთარ უღირსებას, აქვს თავმდაბლობა და საკუთარი ცოდვიანი ბუნების განცდა, ეკლესიაში მხოლოდ ღვთის ძიებისათვის, ქრისტესთან ერთობის სურვილით და ცოდვათაგან უფლისმიერი განკურნებისათვის მიდის. ასეთი ადამიანი, მეზვერის მსგავსად (ლუკ. 18,13-14), გამართლდება, ხოლო ფარისეველის მსგავსად (ლუკ. 18,11-12), საკუთარი დიდების და პატივის მაძიებელი არასოდეს დათანხმდება აღიღოს ჯვარი და შეუდგეს ქრისტეს. ასეთი ადამიანი ვერ გრძნობს მხსნელის საჭიროებას და ეძიებს კომფორტს; ფიქრობს რომ ღირსია კეთილდღეობის და დრტვინავს განსაცდელისას; დარწმუნებულია რომ ცხონდება და ამიტომ არ ძალუძს მთელი არსებით აღმოთქვას: „ ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას “ (ლუკ. 18,13).
უფლის გზაზე შედგომილს არ გაუკვირდება უკეთურთა წარმატება (2 ტიმ. 3,13) - მათ მოკლეს ქრისტე და მათგან იდევნებიან ქრისტეანები. მაგრამ ქრისტეანმა იცის, რომ მწარედ სცდებიან ბოროტნი (2 ტიმ. 3,13), წარწყმედელია მათი გზა (მათ. 7,13). ხოლო ჩვენ, ქრისტესნი, წინამორბედთა მიერ გაკვალულ (2 ტიმ. 3,10) ქრისტეს გზაზე მივდივართ და მტკიცედ უნდა ვიდგეთ ახალი აღთქმის ჭეშმარიტ მოძღვრებაზე (2 ტიმ. 3,14), რომელსა მხოლოსა ძალუძს ჩვენი მიყვანება ცოცხალ ღმერთთან, ამინ.