წინასიტყვაობა Was Tarquinius Superbus in seinem Garten mit den Mohnkopfen sprach,
verstand der Sohn, aber nicht der Bote[1].
ჰამანი
არა მხოლოდ საქმიან, არამედ იდეათა სამყაროშიც დაყიდვას ახორციელებს ჩვენი საუკუნე. ყველაფერი ისეთ ფასად უნდა იქნას შეძენილი, რომ ჩნდება კითხვა, თუ დარჩება საერთოდ საბოლოოდ მყიდველი. ყოველი სპეკულატური ფასდამდები, რომელიც კეთილსინდისიერად უწყობს ფეხს თანამედროვე ფილოსოფიის სვლას, ყოველი პრივატ-დოცენტი, პედაგოგი და სტუდენტი, ფილოსოფიის ყოველი სპეციალისტი - არც ერთი მათგანი არ არის კმაყოფილი დაეჭვებით და კიდევ უფრო შორს მიდის. შესაძლოა უადგილოდ და არადროულად მოგვეჩვენოს მათთვის კითხვის დასმა იმის შესახებ, თუ საით მიემართებიან, მაგრამ თავაზიანობის ერთმნიშვნელოვანი გამოვლენა იქნება იმის ვარაუდი, რომ მათ ყველაფერში ეჭვი შეიტანეს, სხვაგვარად ხომ უცნაური იქნებოდა მათ მიერ გზის გაგრძელება. ვვარაუდობთ, რომ ასეთი წინასწარი ნაბიჯი ყველა მათგანმა გადადგა, ამასთან, იმდენად იოლად, რომ სულაც არ თვლიან საჭიროდ მის შესახებ რაიმეს თქმას; რადგან ისიც კი, ვინც შიშითა და ღრმა შეშფოთებით ცდილობდა მცირედი შუქის პოვნას მაინც, ვერაფერს ნახულობდა, გზის ვერანაირ მანიშნებელს, თუნდაც მცირედ აღწერილობას იმისა, თუ როგორ უნდა მიუდგე ესოდენ საფუძვლიან ამოცანას. „ მაგრამ დეკარტემ შეძლო ეს “ . დეკარტემ, ამ პატივცემულმა, მოკრძალებულმა და პატიოსანმა მოაზროვნემ, რომლის შრომებს ვერავინ გაეცნობა ღრმა ემოციის გარეშე, გააკეთა ის, რაც თქვა, და თქვა ის, რაც გააკეთა. სამწუხაროდ ეს დიდი იშვიათობაა ჩვენს დროში! დეკარტე, როგორც ეს მან არაერთხელ დაამტკიცა, არ ეჭვობდა რწმენის საკითხებში. „ Memores tamen, ut jam dictum est, huic lumini naturali tamdiu tantum esse credendum, quamdiu nihil contrarium a Deo ipso revelatur... Praeter caetera autem, memoriae nostrae pro summa regula est infigendum, ea quae nobis a Deo revelata sunt, ut omnium certissima esse credenda; et quamvis forte lumen rationis, quam maxime clarum et evidens, aliud quid nobis suggerere videretur, sold tamen auctoritati divinae potius quam proprio nostro judicio fidem esse adhibendam[2]. “ მას არ დაუყვირია: „ ხანძარი! “ და არც დაეჭვება გაუხდია სხვათა ვალდებულებად; დეკარტე მარტოსული და მშვიდი მოაზროვნე იყო და არა ღამის მყვირალა დარაჯი. მან მოკრძალებულად აღიარა, რომ მის მეთოდს მნიშვნელობა მხოლოდ მისთვის ჰქონდა, თავს კი ახალგაზრდული წლების უსისტემო ცოდნით იმართლებდა. „ Ne quis igitur putet me hic traditurum aliquam methodum quam unusquisque sequi debeat ad recte regendum rationem; illam enim tantum quam ipsemet secutus sum exponere decrevi. ...Sed simul ac illud studiorum curriculum absolvi (sc. juventutis), quo decurso mos est in eruditorum numerum cooptari, plane aliud coepi cogitare. Tot enim me dubiis totque erroribus implicatum esse animadverti, ut omnes discendi conatus nihil aliud mihi profuisse judicarem, quam quod ignorantiam meam magis magisque detexissem[3]. “ ის, რასაც ძველი ბერძნები, ვინც გვარიანად იყო გარკვეული ფილოსოფიაში, მთელი ცხოვრების ამოცანად განიხილავდნენ, ხედავდნენ რა, რომ დაეჭვების უნარის შეძენა დღეებისა და კვირების განმავლობაში ვერ მოხდებოდა, ის, რასაც გამოცდილმა მეომარმა მიაღწია, როდესაც მან ეჭვის წონასწორობა შეინარჩუნა ყველა პერიპეტიაში, ვინც უშიშრად უარყო გრძნობითი აღქმისა და გონების პროცესების უეჭველობა, და გამოწვევას ესროდა თვითსიყვარულის საფრთხესა და თანაგრძნობის ინსინუაციებს - ეს არის ადგილი, საიდანაც იწყებს ჩვენს დროში ყველა.
დღეს აღარავის სურს რწმენაზე შეჩერდეს და უფრო შორს მიდის. შესაძლოა წინდაუხედაობა იყოს იმის კითხვა, თუ საით მიდიან ეს ადამიანები, მაგრამ ჩემს მიერ ეს ცალსახად კულტურისა და გამოცდილების გამოვლინება იქნება, თუ ვიტყვი, რომ რწმენა გააჩნია ყველას, სხვა შემთხვევაში უცნაური იქნებოდა... კვლავ განაგრძონ გზა. წარსულში ყველაფერი სხვაგვარად იყო, იმ დროს რწმენა მთელი ცხოვრების ამოცანა გახლდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ რწმენის უნარის მოპოვება რამდენიმე დღესა ან კვირაში არ ხდებოდა. როდესაც გამოცდილი მოხუცი თავის უკანასკნელ საათს უახლოვდებოდა, რომელმაც მედგრად იბრძოლა და დაიცვა თავისი რწმენა[4], მისი გული საკმარისად ახალგაზრდა იყოს იმისთვის, რომ არ დაევიწყებინა ის შიში და თრთოლვა, რაც ახალგაზრდობას ახასიათებს და რისი დამარცხებაც მამაკაცს შეუძლია, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადალახავს სრულად... გარდა შემთხვევისა, როდესაც ის პირველივე შესაძლებლობისას შორს მიდის. იქიდან, რასაც წარსულის ღირსეული ადამიანები აღწევდნენ, იწყებს დღეს ყველა, რათა გზა განაგრძოს.
ამ სტრიქონების ავტორი სრულებით არ არის ფილოსოფოსი, მან ვერ გაიგო სისტემა, მისთვის უცნობია, არსებობს კი ის საერთოდ და არის