წინასიტყვაობა კარგა ხანია ჩვენში აღიძრა კითხვა ქართველ კათოლიკეთა შესახებ. მაგრამ, ამ კითხვის გამოსარკვევად საჭირო საბუთების უქონლობის გამო, ზოგიერთმა ქართველი კათოლიკების არსებობა უარყო. ასეთმა უსაფუძვლო მსჯელობამ ბევრი გააკვირვა, რადგან ისტორიულ ფაქტებს ცხადათ ეწინააღმდეგებოდა. ამ კითხვის კარგად გამოსარკვევად და ჭეშმარიტების აღსადგენად, საჭირო გახდა დანამდვილებით შეგვეტყო, როდის დაიწყო კათოლიკე სარწმუნოებამ გავრცელება საქართველოში, რა პირობით მოღვაწეობდენ კათოლიკე მოძღვრები, რავდენათ ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა ქართველებში და სხ.
ამ ჩვენის საეკლესიო ისტორიულის ნაკლის შესავსებლად განვიზრახეთ, შეგვეკრიფა წინა საუკუნეთა საბუთები. მაგრამ სად უნდა გვეძებნა? რა თქმა უნდა, არა საქართველოში, სადაც, ძველის არხივების უქონლობის გამო, მათი კვალიც კი აღარა სჩანს. უნდა მიგვემართა ისევ იტალიისა და ევროპის სხვა და სხვა ქალაქების არხივებისათვის.
თუმცა დიდი შრომა მოითხოვა ამ წიგნში მოყვანილის საბუთების შეკრებამ, მაგრამ, რადგან შეეხებოდა სარწმუნოებასა და მამულს, გაჭირვება და შრომა სიამოვნებით თავს ვიდევით და ვეცადეთ, რაოდნათაც კი გარემოება ხელს გვიწყობდა, მეტის საბუთებისათვის მოგვეყარა თავი.
აქვე უნდა მოვახსენოთ პატივცემულ მკითხველთ, რომ აქ მოყვანილი საქართველოს შესახები საბუთები მცირედი ნაწილიღაა იმ საბუთებისა, რაც დაკარგულა და პოვნის იმედი, სამწუხაროდ, აღარა გვაქვს; აგრეთვე შედარებით მცირედი ნაწილია იმ საბუთებისა, რაც ხელახალის გულმოდგინებით, შეიძლება, შემდეგში აღმოჩნდეს, რადგან ევროპის ყველა წიგნთსაცავები და არხივები არ დაგვივლია და, საცა კი გავშინჯეთ, იქაც ყველას ნახვა ვერ შევიძელით. ამიტომ იმედია, რომ მომავალში კიდევ ადმოჩნდეს ბევრი ასეთი საბუთი.
ძებნის დროს შევნიშნეთ, რომ ბევრი საბუთი დაკარგულა თუ საქართველოდგან გაგზავნისა და თუ ევროპიდან გამოგზავნის დროს, რადგან ოსმალები გზაში მათ წამღებ-მომტან მისიონერებს მეტად ულმობელად ეპყრობოდენ ხშირად: ზოგს მათგან ხოცავდენ, ზოგს ატყვევებდენ, ერთიანად აშიშვლებდენ და ისე ისტუმრებდენ. ცხადია ის საბუთები ხშირად მათ უვარდებოდათ ხელში, და რაკი ერთხელ ჩაუვარდებოდათ, მათი ბარბაროსობის მსხვერპლი ხდებოდა და სამუდამოდ იღუპებოდა ისტორიისა და ჩამომავლობისათვის. ეგრეთვე ზოგ ადგილას შევხვდით საძიებლებში სიას საქართველოს შესახებ საბუთებისას, მაგრამ იქ მოხსენებული საბუთები კი ვეღარ ვიპოვეთ, რადგან ზოგი დამწვარა, ზოგი ისე დაძველებულა დრო-ჟამის გავლენით, რომ სრულებით უხმარია, და ზოგიც თუ მტერს და თუ სხვა და სხვა გარემოებას ან სამოუდამოთ გაუოხრებია და ან აქეთ-იქით გაუფანტავს.
რადგან დღეს მეცნიერებას ერთ უმთავრეს საგნად აქვს გასულის დროის საისტორიო საბუთების კვლევა-ძიება, რათა მით ნათელი მოჰფინოს გასულის დროის ავსა და კარგს, ამიტომ ჩვენ წინათვე იმედი გვაქვს, რომ ყველა განათლებული და ერთგული საქართველოს შვილი სიამოვნებით და პატივით მიეგებოს ამ ჩვენს შრომას.
ამ საბუთების დალაგების დროს ჩვენ, რაოდენათაც კი შეიძლება, ვიცავთ ქრონოლოგიურს წესსა, რათა უფრო ცხადი და ნათელი შეიქნეს ეს ჩვენი ნაშრომი. ეგრეთვე ამ წიგნის თავებს ვყოფთ საუკუნეთა მიხედვით და ყოველ საუკუნეს თითო თავი ვუძღვენით. ხოლო იმ საუკუნეში, რომლის საბუთები ბლომათ არის, მოგვყავს იმდენი თავი, რაოდენსაც მოითხოვს საგნის განსხვავება და ან სხვა გარემობა.
რადგან დიდათ სასურველია, რომ ეს საბუთები გავრცელდეს საზოგადოებაში ისე, რა ენითაც დაწერილა, ამიტომ ნათარგმთან ტექსტებიც მოგვყავს ეგოდნათ სარწმუნოთ, რაოდნათაც კი საჭირო იყო ამ გვარი შრომისათვის.