თავი I. შესავალი აპოკალიფსისის შექმნის დროსთან დაკავშირებით ირინეუსმა გამოთქვა აზრი, რომ აპოკალიფსისი[1] დომიციანეს[2] მეფობის პერიოდში დაიწერა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე წმინდა წიგნის შექმნის თარიღის რეალურზე გვიან გადატანა მოუწია და იძულებული გახდა აპოკალიფსისის შექმნის თარიღი კიდევ უფრო მეტად გადაეწია. შესაძლოა მას მისი მასწავლებლის, პოლიკარპესგან[3] ჰქონდა გაგებული, რომ ამ უკანასკნელმა იოანესგან[4] ეს წიგნი დომიციანეს სიკვდილის პერიოდში მიიღო; ან შესაძლოა იოანემ თავად გამოაქვეყნა წიგნი ხელახლა, საიდანაც ირინეუსმა დაასკვნა, რომ წიგნი იმ დროს იყო დაწერილი. ევსევიუსი მის „ ქრონიკებსა “ და „ ეკლესიის ისტორიაში “ ირინეუსის აზრს მიყვება, მაგრამ შემდეგ, „ სახარების განმარტებებში “ , იგი პათმოსში[5] იოანეს განდევნას მოციქულების - პეტრესა და პავლეს - სიკვდილს უკავშირებს. იგივე აზრის არიან ტერტულიანე[6] და ფსევდო-პროქორე[7], ისევე, როგორც პირველი ანტიკური თქმულების ავტორი, ვინც არ უნდა იყოს ის, იმასთან მიმართებით, რომ ნერონმა იოანე ცხელი ზეთით სავსე ქვაბში ჩასვა, საიდანაც იგი უვნებლად გამოვიდა, რის შემდეგ იოანე კუნძულ პათმოსზე იქნა განდევნილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქმულება სხვა არაფერია, გარდა გამონაგონისა, იგი ეფუძნება პირველი ეკლესიების მიერ ჩამოყალიბებულ აზრს, რომლის მიხედვით იოანე ნერონის დროს იქნა პათმოსზე გაძევებული. ეპიფანე ამტკიცებს, რომ იოანეს სახარება დომიციანეს დროს არის დაწერილი, ხოლო აპოკალიფსისი - კიდევ უფრო ადრე, ნერონამდე. „ კომენტარების “ დასაწყისში არეთეს[8] ირინეუსის შეხედულება მოაქვს (ევსევიუსის მიხედვით), მაგრამ არ იზიარებს მას. მოგვიანებით იგი ამტკიცებს, რომ აპოკალიფსისი დაიწერა იერუსალიმის დანგრევამდე და ადრეული კომენტატორები მეექვსე ბეჭდის ახსნის ქვეშ სწორედ იერუსალიმის დანგრევას გულისხმობდნენ.
პირველ კომენტატორთა შეხედულებას თანხვდება სირიის ეკლესიათა ტრადიცია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი აპოკალიფსისის სირიული ვერსიის სახელწოდებაში: „ გამოცხადება უფლის მიერ იოანე მახარობლის წინაშე კუნძულ პათმოსზე, სადაც იგი ნერონ კეისრის მიერ იქნა განდევნილი. “ ამასვე ადასტურებს ევსევიუსის მონათხრობი (კლიმენტ ალექსანდრიელისა[9] და სხვა ანტიკურ ავტორთა მიხედვით) ყრმის შესახებ, რომელსაც იოანე პათმოსიდან დაბრუნების შემდეგ მცირე ხანში შეხვდა და რომელიღაც ქალაქის ეპისკოპოსს მიაბარა. ეპისკოპოსმა მის აღზრდა-განათლებას მიჰყო ხელი და საბოლოოდ მონათლა კიდეც. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ყრმამ თავი დააღწია ეპისკოპოსის მზრუნველობას, უკეთურ საზოგადოებაში მოხვდა და თანდათან ბიწიერებაში ჩავარდა. თავდაპირველად მხიარულებას მიეცა, შემდეგ კი ღამით ძარცვასა და ყაჩაღობას. საბოლოოდ იმდენად განუსჯელი შეიქნა, რომ მისმა თანამოაზრე ყაჩაღებმა იგი საკუთარ მეთაურად აქციეს. ოქროპირის[10] მიხედვით იგი დიდხანს რჩებოდა ასეთად. საბოლოოდ იოანე დაბრუნდა ქალაქში და შეიტყო რა მომხდარის შესახებ, მძარცველისკენ გაემართა, მაგრამ იგი ყოფილი მოძღვარის წინაშე სირცხვილს გრძნობდა, რის გამოც გაიქცა. იოანე დაეწია მას, აპატია და ეკლესიის სხეულში დააბრუნა. ეს ამბავი მრავალ წელს ითვლის და მის მიხედვით იოანე პათმოსიდან უნდა დაბრუნებულიყო ნერონის და არა დომიციანეს სიკვდილისას, რადგან დომიციანესა და იოანეს სიკვდილებს სულ ორწელიწადნახევარი აშორებს. იოანე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და მოხუცებულობის ჟამს იმდენად დაძაბუნებული იყო, რომ საეკლესიო კრებებზეც კი ჯალამბარით დაჰყავდათ. ამდენად, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ იგი მძარცველს გაკიდებოდა.
ეს შეხედულება მყარდება აპოკალიფსისში არსებული მინიშნებებით ტაძარზე, საკურთხეველსა და წმინდა ქალაქზე, როგორც იმ დროს არსებულზე, და წარმართებზე, რომლებიც მცირე ხანში შეუდგებიან წმინდა ქალაქისა და ტაძრის გარე ეზოს ფეხქვეშ გათელვას. იგივეს ადასტურებს აპოკალიფსისის სტილი, რომელშიც მეტი ებრაიზმია, ვიდრე იოანეს სახარებაში. აქედან შესაძლოა დავასკვნათ, რომ აპოკალიფსისი დაწერილია იმ დროს, როდესაც იოანე ახალი გამოსულია იუდეადან, სადაც იგი ებრაულ ენას იყო შეჩვეული; და რომ საკუთარი სახარება მან დაწერა მხოლოდ მცირე აზიის ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, როდესაც ებრაიზმებისგან განთავისუფლდა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მრავალი ცრუ აპოკალიფსისი, მათ შორის პეტრესი, პავლესი, თომასი, სტეფანესი, ელიასი და სერინთესი[11], რომლებიც ავთენტურის მიბაძვით არის შექმნილი. მრავალი ცრუ სახარების, საქმეთა და ეპისტოლეების არსებობა განპირობებული იყო ავთენტურების არსებობით. მსგავსად ამისა, ცრუ აპოკალიფსისების დიდი რაოდენობით არსებობა და მათი მიწერა მოციქულებისა და წინასწარმეტყველებისთვის იმაზე მიუთითებს, რომ პირველი ქრისტიანებისთვის უკვე ცნობილი იყო და მიმოიქცეოდა ჭეშმარიტი აპოსტოლური გამოცხადება. ამგვარად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ჭეშმარიტი აპოკალიფსისი დაიწერა შედარებით ადრე, რის შემდეგ საკმარისი დრო იყო დიდი ოდენობით ყალბი ვერსიების შესაქმნელად, რომლებიც იოანემდე გარდაცვლილ პეტრეს, პავლეს, თომასა და სხვებს მიეწერებათ. ტერტულიანეს თანამედროვე გაიუსი მოგვითხრობს, რომ სერინთემ მისი გამოცხადება შექმნა, როგორც დიდმა მოციქულმა და ამტკიცებდა, რომ იგი მას ეწვია ანგელოზთაგან, რომლებიც ხორციელ სიამეთა ათასწლეულს ჰპირდებოდნენ იერუსალიმში მას გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ამდენად, აღნიშნული აპოკალიფსისი იოანეს ტექსტის აშკარა მიბაძვით არის დაწერილი, თუმცა სერინთე იმდენად