პირველი ნაწილი
ცხოვრება წმინდა სერაპიონ ზარზმელისა მცირე რამ ტექსტზე. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბასილი ზარზმელს სერაპიონის ცხოვრება უნდა დაეწერა X ს-ის I ნახევარში (კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, ექ. თაყაიშვილი, ე. გაბიძაშვილი, ს. ცაიშვილი, ნ. ვაჩნაძე, ე. ჭელიძე). შესაბამისად, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანად IX საუკუნე მიიჩნევა (ამგვარი დათარიღების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გახლავთ გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის „ცხოვრებებში“ მოხსენიებულ პირთა - მიქაელ პარეხელისა და გიორგი მაწყვერელის - გაიგივება). თუმცა არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ სერაპიონის ცხოვრებაში მოთხრობილია არა IX-X, არამედ VI-VII საუკუნეების ამბები, შესაბამისად, სერაპიონს უნდა ეცხოვრა VI ს-ის ბოლოს ან VII ს-ის დასაწყისში, ხოლო ცხოვრება დაწერილი უნდა იყოს VII ს-ში (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე, ა. ბოგვერაძე, მ. ჩხარტიშვილი, პ. პეეტერსი, გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე). ამ დათარიღების საფუძველს წარმოადგენს ტექსტში დაცული მითითება, რომ სერაპიონის მოძღვარი მიქაელ პარეხელი იყო შიო მღვიმელის მოწაფე. თუმცა, მკველვართა დიდ ნაწილს ეს ცნობა ანაქრონიზმად მიაჩნია (ადრეული დათარიღების მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტია ტექსტში ბაგრატიონთა სამეფო დინასტიისა და გრიგოლ ხანძთელის მოუხსენებლობა. განსხვავებულ დათარიღებას საფუძვლად უდევს აგრეთვე „ცხოვრების“ ტექსტში ნახსენები ოპიზის მონასტრის დაარსებისა თუ აღდგენა-განახლების თარიღის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მკვლევართა მიერ, ასევე ზარზმის ფერისცვალების ხატის წარწერის განსხვავებული დათარიღება და, შესაბამისად, მასში მოხსენიებულ პირთა სხვადასხვაგვარი ქრონოლოგიური ლოკალიზაცია).
მ. ჯანაშვილს ბასილი ზარზმელი VIII ს-ის II მეოთხედის მოღვაწედ ჰყავდა წარმოდგენილი, ხოლო სერაპიონი - VII-VIII საუკუნეების მიჯნისად. ს. ჯანაშია და გ. მელიქიშვილი მიიჩნევენ, რომ თხზულება VIII-IX სს-ის ვითარებას ასახავს.
როგორც „ცხოვრების“ ტექსტიდან ირკვევა, ბასილი ზარზმაში მოსულა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ. ცნობები თავისი თხზულების დასაწერად აუღია სხვადასხვა წყაროდან: თვითმხილველების და ოჯახის წევრთა მონათხრობებიდან; ბევრი მასალა მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს; ასევე უსარგებლია მიქაელ პარეხელის ცხოვრებით, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს ცნობები მიქაელის შესახებ და სერაპიონის ზარზმაში წარგზავნის თაობაზე („მიქაელ პარეხელის ცხოვრება“ ამჟამად დაკარგულია, მისი არსებობის შესახებ მხოლოდ „სერაპიონის ცხოვრება“ გვატყობინებს).
მართლაც მშვენიერი, მრავალსაწადელი და საღვთო ქებისა და ბრწყინვალე ხოტბის შესხმის ღირსნი არიან ღვთის მოყვარულნი და მისი საღვთო მცნებების აღმსრულებელნი, რადგან თვით ჩვენი მეუფე და ღმერთი ნეტარყოფს მათ სახარებისეულ ბრძანებულებებში და ამბობს: „ნეტარ იყვნენ სულით გლახაკნი“ (ასეთივეა შემდეგ და შემდეგ ყველა სხვა ნეტარება), ამასთან, ნეტარებათა დაბოლოებას ბრწყინვალე ძღვნად და გვირგვინად წინ დაუდებს მათ და ამას მიჰმადლებს გარჯილობათა საზღაურად, ეტყვის: „გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან თქვენი საზღაური დიდია ცათა შინა“. სხვა ადგილას ამბობს: „ის კი ნუ გახარებთ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები აღწერილია ცათა შინა“. და კიდევ, ღვთის მამა დავითი ამბობს: „ამისთვის გაიხარა ჩემმა გულმა და გალობდა ჩემი ენა“. და: „როგორც შენდამია ყველა მხიარულის მკვიდრობა“, ხოლო ეს სიხარული მოდის იმ საღვთო ნეტარებიდან, რასაც იგივე წინასწარმეტყველი ფსალმუნთა დასაწყისში იმ ადამიანის ნეტარებად მიიჩნევს, „რომელიც არ მიდის უღმრთოთა გზაზე“. და კიდევ: „ნეტარნი არიან უბიწონი, მავალნი უფლის სჯულის გზაზე“. ყოვლადბრძენი მამის ყოვლადბრძენი ძე, სოლომონი ამბობს: „ნეტარია ის ადამიანი, რომელმაც შეიძინა გონიერება და ის მოკვდავი, რომელმაც პოვა ცოდნა“, ხოლო ეკლესიის ოქროიადონი პავლე ამბობს: „გიხაროდეთ მარადის უფლის მიერ და კიდევ გეუბნებით: გიხაროდეთ“, რადგან თქვენი სარწმუნოება სამარადისო ნეტარებას მოგიპოვებთ თქვენ. აი, ამ იმედით განმტკიცებულმა ძველი და ახალი აღთქმის წმინდანებმა ისწავლეს მოთმინება და ისინი სარწმუნოებით ისწრაფოდნენ ზეციური ხმობის გვირგვინისკენ, როგორც ამბობს ამას იგივე პავლე, ქრისტეს პირი: „რადგან სარწმუნოება მისდამი მსასოებელთა საფუძველია, დაუნახავ საქმეთა გამომააშკარავებელია, რადგან ამით მიიღეს დასტურყოფა უხუცესებმა“, რომლებიც საღვთოდ გაბრწყინდნენ ძველსა და ახალ აღთქმაში, რადგან ისევე, როგორც ერთი უხვად ამომჩქეფარე წყაროდან ყვავილნარი, ბაღი და ნაირგვარ მცენარეთა სიმრავლე ირწყვება, ასევე საღვთო მადლისა და საბოძვრისგან სათითაოდ მიეფინება ყველას მადლთა გადაშლა, როგორც ხმობს ამას იგივე პავლე: „მადლთა გადაშლანი არის“ - და ენათა გვარეობა. და კვლავ ამბობს იგი: „პირველად მოციქულები, შემდეგ კი მწყემსები, მოძღვრები და მამები დადგინდნენ“, რადგან შემდეგ და შემდეგ არ შეამცირებს სულის მადლი ემბაზის შვილთა აღმოშობას, როგორც ამბობს ამას სიტყვა: „მოიმოწაფეთ ყველა წარმართი და მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულის სახელით“, და: „აჰა, მე თქვენთან ვარ“ (და მომდევნო), და სხვაგან: „იზარდეთ, გამრავლდით და აავსეთ მიწა“; და კიდევ, მოციქული ამბობს: „იესო ქრისტე გუშინ და დღეს, და თავად იგი არის უკუნისამდე“, რომელმაც ახლაც ამოაბრწყინა ამ ახალ მნათობთა ელვაცისკროვნების მსგავსი რამ