წინათქმა
1864 წლის 14 თებერვალს ათონის მთაზე გარდაიცვალა ღირსეული წარმომადგენელი ქართული ბერმონაზვნობისა, მღვდელმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი). მის სახელს დღესაც მოწიწებით ახსენებენ მთაწმინდაზე.
„მთლიანად მისი სული, ფიქრები, სურვილები და განზრახვები წმინდა იყო, - ამბობდა წმინდა ილარიონის სულიერი შვილი მამა საბა (ბერძენი), - კეთილ და ნათელ სახეზე ასახვოდა ანარეკლი მაცხოვრის ხატისა. მისი შემოხედვისას სამოთხის ბრწყინვალებას ჭვრეტდი. მე ხშირად ვერც ვუბედავდი თვალებში შეხედვას. ეს წინასწარმეტყველის თვალები პირდაპირ ანათებდნენ. გული საღმრთო სიყვარულით ანთებოდა. აბა, სხვას რას შეეძლო იძულება, შორეული კავკასიიდან მთაწმინდაზე, უდაბნოში დასახლებულიყო. მას ქრისტეს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. რომ გენახა, როგორ ატარებდა საღმრთო ლიტურგიას, როგორ ეზიარებოდა! უზიარებლად ერთ დღესაც არ განვლიდა! ამბობდა ხოლმე: - ქრისტე ჩემი სიცოცხლეაო. ყოველ პარასკევს ჯვარცმის წინ იდგა გულშემუსვრილი, ღვთისმშობელთან და წმინდა იოანესთან ერთად - ასე ძლიერ თანაუგრძნობდა ჯვარცმისას უფალს. ამ დღეს, ნიშნად მაცხოვრის ვნებების ერთგულებისა, არაფერს ჭამდა და არაფერს სვამდა“.
ანტონ მთაწმინდელი (ავტორი მისი ცხოვრებისა) წერდა: სულიერ რჩევას ყველა მხრიდან მოსულნი ეკითხებოდნენ, მოძღვართა მოძღვარს უწოდებდნენ. ამქვეყნიური დიდებით აღსავსე ადრინდელ ცხოვრებასთან შედარებით ჭეშმარიტი აღმსარებლობით, უდაბნოსა და განდეგილობაში დიდი ღვაწლით, მის ცხოვრებაში გამჟღავნებული მადლმოსილი მოვლენებით გაცისკროვნებული, ახლანდელი ცხოვრების გამო, მთაწმინდის მამებმა ისეთ მაღალ საფეხურზე დააყენეს, რომ ერთ-ერთ უხუცესს ეძახდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ. მისი სიტყვა ძლიერი და მიუკერძოებელი იყო.
წმინდა ილარიონის ცხოვრება შეუდგენია მღვდელმონაზონ ანტონი მთაწმინდელს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. გთავაზობთ უცვლელად ამ „ცხოვრებას“, რომელიც ჯერ კიდევ ღირსი ილარიონის წმინდანად შერაცხვამდე გამოქვეყნდა და ალბათ გარკვეული როლიც შეასრულა მის კანონიზაციაში. „ცხოვრებაში“ ჩავრთეთ ჩვენს მიერ მოიძიებული მასალებიც. შემდეგ მოგითხრობთ წმინდა ილარიონის თანამოსაგრეებსა და საქართველოს იმ წმინდა ტაძრებზე, სადაც სულიერად ფეხი აიდგა ამ ღირსმა მამამ.
მღვდელმონაზონი ანტონი მთაწმინდელი
ცხოვრება წმინდა ილარიონ ქართველისა
„ხოლო უკეთუ დასაბამი იგი წმიდა არს და თბეცა; და უკეთუ ძირი იგი წმიდა არს და რტონიცა მისნი“ (რომაელთა 11,18).
ქართველი ბერდიდის, სქემმღვდელმონაზონ ილარიონის ცხოვრებისა და მოსანგრეობის შესახებ ცნობების შეგროვება მისი გარდაცვალებისთანავე (†1864 წ) დაიწყო. ამ საქმეში დიდად იღვაწა რუსმა მონაზონმა მამა პანტელეიმონმა, რომელიც შემდგომში არქიმანდრიტის ხარისხში, წინამძღვარი გახლდათ ციმბირში, ირკუტსკის ეპარქიაში, კირენსკის წმინდა სამების მონასტერისა. იგი 1888 წელს გარდაიცვალა.
მმამა პანტელეიმონმა ისარგებლა მრავალი პირის მოგონებით, რომელთაც ბერდიდთან ახლო სულიერი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ: ქართველი მონაზონი გაბრიელი, რომელსაც რუსიკის (ასე ეძახიან ათონზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერს, - კ.კ.) მოძღვრის, მამა იერონიმეს თხოვნით, მამა ილარიონმა დაწვრილებით მოუთხრო თავისი ცხოვრება ვიდრე ბერად აღკვეცამდე; ასევე ბერდიდის მოწაფე, მოძღვარი მამა საბა, ზოგრაფელი მეუდაბნოე ბასილი და ხარიტონ მღვიმელი, ბერდიდი ჰაჯი-გიორგი, მონაზონი ბესარიონ ქართველი, დანიელ მღვიმელი, ბერდიდი თეოფილაქტე, მოძღვარი მამა დანიელი, ბერდიდები: ნიკოდიმოს ბულგარელი და თეოფილე „აგია ფსიქი“. გაცილებით გვიან ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა რუსმა მონაზონმა დენასემ.
მამა პანტელეიმონმა დაიწყო ბერდიდის ცხოვრების შედგენა და მამა ილარიონის სოფლიდან განსვლამდე (ანუ საერო ცხოვრების დატოვებამდე) მიიყვანა. დანარჩენი ამბები კი ას წელზე მეტ ხანს ცალკეული ჩანაწერების სახით დარჩა და ახლა დადგა დრო, ყველაფერი ამის შეგროვებისა და ღვთისმოსავი მკითხველებისთვის მიწოდებისა.
თუ ჯერ კიდევ მამა ილარიონის ცხოვრებაში მისი დიდებული მაგალითი მართლმადიდებლური მოსაგრეობისა აღაფრთოვანებდა და დამოძღვრიდა მრავალთ, გვწამს, რომ ჩვენთვისაც რომელნიც ისეთ დროს ვცხოვრობთ, როცა მოსაგრეობისადმი საღვთო მოშურნეობა განელდა, სასარგებლო იქნება მასთან გაცნობა.
მღვდელმონაზონი ანტონი