წინასიტყვაობა 2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოდან წმინდა სამების ტაძარში გადაასვენეს ახალშექმნილი „საქართველოს იმედის“ ხატი. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ იმ დღეს ასე მიმართა მრევლს:
„დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი - „საქართველოს იმედი“. ის ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულთმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით, სიყვარულით მიეახლება, აღუსრულდება თხოვა და ლოცვა. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ, ამინ!“
ჩვენი მორიგი წიგნი ეძღვნება ქართველ წმინდანთა კრებულს, რომლებიც „საქართველოს იმედის“ ხატზე არიან გამოსახულნი და ასევე სხვა ქართველ წმინდანებს, რომელთა სახელები ჩვენი ეკლესიის კალენდარშია შეტანილი:
წმინდა მამაჲ კათოლიკოსი (#79)
წმინდათა შორის მამაჲ ჩვენი სარმეანე კათოლიკოსი (#84)
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (#96-97)
ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა (#171)
წმინდა ილარიონ თუალელი (#224)
წმინდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (#82)
წმინდა მელქისედეკ I (#88)
წმინდა დინარ დედოფალი (153)
ღირსი მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (#175)
წმინდა იოანე მანგლელი (#61)
წმინდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (#83)
ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (#105)
ღირსი პიმენ სალოსი და ანტონი მესხი (#176)
ღირსი მამაჲ ჩვენი ეფრემ მცირე ფილოსოფოსი (#60)
ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (#66)
ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვენი (#67-68)
წმინდათა შორის მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (#85 და #206)
წმინდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770)
ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX)
წმინდა მამაჲ ჩვენი მაკარი მმარხველი, ხახულის მონასტრის წინამძღვარი (XI)
წმინდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა
ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი (XII)
ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი