ორი ეკლესიის წმინდანი
გასული საუკუნის 70-იან წლებში პოლონეთის მიტროპოლიტმა საქართველოს მაშინდელ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ეფრემ მეორეს გამოუგზავნა წერილი გრიგოლ ფერაძის სურათთან ერთად. მიტროპოლიტი ეფრემ მეორეს სთხოვდა, განეხილათ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობა. მამა გრიგოლის ძმისშვილი, რომანოზ ფერაძე იგონებს: მე ხშირად ვსტუმრობდი მის უწმინდესობას. ერთ-ერთი შეხვედრისას ფოტოსურათი ვთხოვე გასამრავლებლად. ვერ გენდობი, ფოტოაპარატი აქ მოიტანეო, – მიპასუხა. ფოტო საკმაოდ დიდი ზომის იყო, მისაღებში ეკიდა. ჩემი აპარატის შესაძლებლობისდაგვარად გადავიღე კიდეც. ფოტოზე კარგად ჩანს ჩარჩოზე დამაგრებული წერილიც. ავთანდილ იმნაძემ დაპატიმრების წინა დღით ეფრემ მეორისგან წერილი წამოიღო, დაბრუნება კი, გასაგები მიზეზის გამო, მე მომიწია. უწმინდესს ძალიან გაუხარდა: – ვნერვიულობდი, კგბ-ში არ აღმოჩენილიყოო.
ამ შინაარსის წერილი ვარშავიდან რამდენჯერმე გამოუგზავნიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ბარათი უპასუხოდ დარჩენილა.
წამებული არქიმანდრიტის პიროვნებას მხოლოდ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიაპყრო ჯეროვანი ყურადღება. 1995 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შეკრებაზე, არქიმანდრიტი გრიგოლი, როგორც წმინდა მღვდელმოწამე, წმინდანთა სიაში შეიყვანეს. მის სახელზე შეიქმნა ტროპარი და კონდაკი, დაიწერა ოთხი ხატი: ორი - პოლონეთში, ორიც – საქართველოში. კანონიზაციის საზეიმო ცერემონიას თავად უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. პოლონელი მეცნიერი და ღვთისმსახური ჰენრიკ პაპროცკი ამ კრებას ესწრებოდა და გრიგოლის კანონიზაციისას ბავშვივით ტიროდა.
არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის კანონიზაციას საფუძვლად წმინდანად შერაცხვის ცნობილი რვა პირობიდან ხუთი დაედო:
1) მოწამებრივი სიკვდილი ქრისტესთვის;
2) მაღალი საეკლესიო საგანმანათლებლო და საღვთისმსახურო მოღვაწეობა;
3) დიდი დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე;
4) კეთილმსახური, მართალი, წმინდა ცხოვრება;
5) პატრიარქ ნექტარიოსის მიერ დასახელებული ნიშნებიდან პირველი ორი ნიშანი:
ა) უმწიკვლო მართლმადიდებლობა.
ბ) ყოველგვარი სათნოების აღსრულება, რომელსაც თან სდევს დაპირისპირება რწმენის გამო, თვით სისხლის დათხევამდეც კი.
ეეს კანონიზაცია პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც ცნო. გრიგოლ ფერაძის სახელი პოლონურ დიპტიქებშიც ჩაიწერა. ამგვარად, მამა გრიგოლი ორი მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი გახდა. ახდა მღვდელმოწამის ოცნება ამ ეკლესიათა დამეგობრების შესახებ. მოწამეობა თანამედროვე მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ნათელი ფურცელია. 2005 წელს, პოლონელ მომლოცველებთან შეხვედრისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა: „წმინდა გრიგოლ ფერაძე პოლონეთისა და საქართველოს შემაკავშირებელი ხიდია: დროთა განმავლობაში კი ეს ხიდი სულ უფრო და უფრო მეტად მტკიცდება“.
დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის ღვაწლი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფიის დადგენის, მისი შრომების შეგროვება-გამოცემის და წმინდანად შერაცხვის საქმეში განუზომელია. მან გასული საუკუნის 80-იან წლებში პარიზის სასულიერო აკადემიაში პარიზის ქართული ეკლესიის მოძღვარი, ილია მელია გაიცნო. მამა ილია მეტად დაინტერესდა იმ მასალებით, რაც ჰენრიკ პაპროცკის გრიგოლ ფერაძის შესახებ შეეგროვებინა. თვითონაც გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებული ბევრი ახალი ცნობა მოაწოდა დეკანოზს და სთხოვა ამ საქმის გაგრძელება. ჰენრიკ პაპროცკის სიტყვა არ გაუტეხია და დაუღალავად განაგრძობს ამ საქმიანობას.
1999 წელს საქართველოს პოლონელი ეპისკოპოსი მირონი ეწვია. სიონის საკათედრო ტაძარში წარმოთქმული ქადაგებისას მან აღნიშნა: „თქვენ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხეთ, რამაც ძალიან გაგვახარა. ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც ცნო მისი კანონიზება. ჩვენთან ახალ ტაძრებში ხშირად ნახავთ მის ხატებს, მას ფრესკებზეც გამოსახავენ... პოლონეთში არსებობს წმინდა გრიგოლის საძმო, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, მეცნიერებს, ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს. ისინი იწვევენ კონფერენციებს, ორგანიზებას უწევენ მომლოცველობას“. ჩვენი სამშობლოს მფარველ სხვა წმინდანებთან ერთად საქართველოს იმედის ხატს წმ. მღვდელმოწამე გრიგოლიც ამშვენებს.