შესავალი უფალმა იესო ქრისტემ ამქვეყნად მსახურების დროს თავის მიმდევართაგან თორმეტი მოწაფე - მოციქული ამოირჩია და მათ განსაკუთრებული სულიერი ნიჭები და უფლებები უბოძა. აღდგომის შემდგომ უფალი გამოეცხადა მათ და უთხრა: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ: და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეჰპყრობილ იყვნენ“ (ინ. 20, 21-23). ეს სიტყვები გვაუწყებს, რომ სამოციქულო მსახურებისა და მის კვალდაკვალ მწყემსის მოვალეობის აღმსრულებელნი აუცილებელია ზემოდან მიავლინონ. ამ მსახურების მასშტაბები ჩანს ამაღლების წინ უფლის მიერ მოწაფეთათვის ნათქვამ სიტყვებში: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28,19-20). ამ სიტყვებში აღნიშნულია მოციქულთა სამგვარი მსახურება: სწავლება (მოიმოწაფენით), მღვდელმსახურება (ნათელს-სცემდით) და მართვა (ასწავებდით მათ დამარხვად ყოველთა). „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ - უფალმა ამ სიტყვებით აკურთხა მწყემსობაზე თავისი მემკვიდრენი ყოველ დროში, „ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“, სანამ დასრულდება მიწიერი ეკლესიის არსებობა. ზემომოყვანილი სიტყვები უფლისა „მიიღეთ სული წმიდაი“ (ინ. 20,22) ადასტურებს, რომ ეს უფლებამოსილებანი მწყემსისა განუშორებლად არის შეერთებული სულიწმიდისმიერ მადლმოსილ, განსაკუთრებულ ნიჭებთან. სამივე იერარქიული მსახურება გაერთიანებულია ერთ ცნებაში - მწყემსობა. თავად უფლის გამოთქმის თანახმად: „აძოენ კრავნი ჩემნი... დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“.
მოციქულებმა დააარსეს ეკლესია დედამიწაზე. ისინი არა მარტო იყვნენ, არამედ რჩებიან კიდეც და არსებობენ ქრისტეს ეკლესიაში. იყვნენ მიწიერში, ახლა არიან ზეციურში და აგრძელებენ ამქვეყნიურ მორწმუნეებთან ურთიერთობას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: „გითხრობთ თქუენ, რაითა თქუენცა ზიარებაი გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაი ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა“ (I ინ. 1,3). ამ სიტყვებს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორიც მოციქულის თანამედროვეთათვის ჰქონდა, რადგან გვარიგებს - გვქონდეს კავშირი მოციქულთა დასთან, რომლებიც ჩვენთან შედარებით უფრო ახლოს არიან ყოვლადწმინდა სამებასთან.
საქართველოს იმედის ხატზე იესო ქრისტეს წმინდა მოციქულებიც არიან გამოსახულნი. მათ წინაშე ლოცვის აღვლენა თითოეულ მართლმადიდებელს გვევალება. მით უფრო მაშინ, როცა საქართველოს ეკლესიის მეოხნი ღვთის წინაშე თვით მისი მოწაფენი არიან.