„ძვალნიმც გეპოხებიან, მამაო შიო“
შიომღვიმისკენ მიმავალმა გზად „ჯოჯოხეთის ხევი“ უნდა გაიარო. ხევისა რა გითხრათ, მაგრამ გზა კი მართლაც ჯოჯოხეთურად არის დანგრეული. ცხონებული ზვიად გამსახურდიას შემდეგ მის შესაკეთებლად არავის უზრუნია. გზაც კი თითქოს სახეა წინაპართა მიმართ ჩვენი „სუფრული“ სიყვარულისა...
ღირს მამა შიოს „ქართველ მეფეთა სიმტკიცეს“ უწოდებდნენ. იგი იყო ერისკაცთა სასოებაც. მას შესთხოვდნენ ოჯახის მფარველობას, ბარაქასა და გამრავლებას... მისი ხსენების დღეს ხევში ყველა შრომობდა, მოხუციც კი ოფლს გამოიდენდა ხოლმე - წმინდა შიოს გარჯა უყვარდაო, ხოლო თუშეთში შიოობას უქმობდნენ და ასე ევედრებოდნენ წმინდანს: „შიო მუშავო, შიო მაშვრალოვო, ძვალნიმც გეპოხებიანო, ჯვარსამც დაგვიწერავ კაცსავ და საქონსა, ხვავ-ბარაქას დაგვიდებო ერუმსალეთის (იერუსალიმის) მადლითო“. ჭეშმარიტად, ძვალნი გეპოხებიან, მამაო შიო, და ჩვენ უღირსნი რით სათნო გეყოთ, თუ არა შენი წმინდა ცხოვრების გახსენებით, შენი წმინდა მონასტრის ისტორიის მოთხრობით. რამეთუ, როგორც ეკლესიის მამები იტყვიან, წმინდანთა ცხოვრების განკრძალვით კითხვა მათდამი ლოცვის ტოლფასია.