ნიკუშა ანთაძე - მეორე კარი
ამსტერდამში ხშირად მახსენდებოდა პეკინის ეზო. ვიწექი ხოლმე თვალებდახუჭული და პატარა, შავ-თეთრ სურათს ვაწყობდი. კინო „თანამგზავრის“ კუთხეში შეტეხილი ბილიკი, აქეთ-იქეთ ოთხსართულიანი სახლები, მარცხნივ, საბავშვო ბაღის თავზე ჩემი აივანია.
აქ მეოთხე კლასამდე ვცხოვრობდი, მერე გადავედით.
ყველანი ეზოში ვართ, ბავშვები, ვინც მახსოვს. გური, თამუნა, რეზო, ანი, კეკელიძეები, თოკო. გვენცას რიკულებიანი ფანჯრების წინ ვდგავართ.
– დათოო! გვენცაა! ჩამო რა, დროზე!
გვენცას ფანჯრები ბილიკს უყურებს, პირველი სართულია, სადარბაზო კი შიგნით არის, ეზოში. მთელ სახლს უნდა შემოუარო – ბილიკს უნდა მორჩე, მერე ფანჯრების გრძელ რიგს ჩაუარო, მერე მარჯვნივ სტადიონს აუყვე, მერე ისევ მარჯვნივ, საქანელები, სკამები და აი, გვენცა ჩამორბის კიბეზე. 8 წლისაა, ცისფერთვალება, მოკლედ აჭრილი ჟღალი თმებით. ბუზღუნებს.
– რა დავაშავე, რა! რატო უნდა ვურტყა ყოველ წუთში წრეები მთელ ეზოს!
ამ დროს ცუდად შეკრულ ზონარზე ფეხი დაუცდა, წაიქცა. ხელის გულები გადაეგლიჯა, მუხლებიდან სისხლი წამოუვიდა და ატირდა. მე და გურიმ ავაყენეთ.
– ნუ გეშინია, ნაკაწრებია.
– აღარ მინდა აქ ცხოვრება! ამის ბრალია ყველაფერი! ყველას სადარბაზო ქუჩაში გამოდის პირდაპირ, მე რა დავაშავე!
სულ ვიცინოდით – როგორ ბრაზობდა, როგორ აგინებდა არქიტექტორებს, მშენებლებს და ყველას, ვისაც რამე წვლილი შეეტანა ამ სახლის აშენებაში.
– კაი, ფანჯრებიც რომ იქეთ ქონდეს ჯანდაბას, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს რა წესია! ფანჯრები აქეთ, კარები კიდე ხუთას მეტრში! ამის მომფიქრებელ-გამკეთებლის...
მართლა სერიოზულად აწუხებდა ეს ამბავი, დილით სკოლისკენ მიმავალი, უღიმღამოდ შემოუვლიდა ხოლმე სახლს და თან უკმაყოფილო სახით ბუტბუტებდა.
* * *
თვითმფრინავში რაღაც გამოაცხადეს. უკვე გათენებულიყო. დაჯდომა ერთ საათში. ძილის შებრუნებას აზრი აღარ აქვს. სტიუარდესას ყავა მოვატანინე.
ამსტერდამის დიდი იმედი მქონდა, მეგონა სულ ცოტა 5-6 წელი დავრჩებოდი, ვისწავლიდი, ვიმუშავებდი, მერე მოქალაქეობა და მთელი ამბები, მაგრამ... 2 წელი და 3 თვე გავიდა ზუსტად...
* * *
27 წლის ისე გავხდი, სერიოზული ვერაფერი გავაკეთე და ჩემი საკუთარი არაფერი მქონდა. კარგია, როცა მშობლებს შეუძლიათ დაგეხმარონ, შენ კი გართობაში და უსაქმურობაში გაატარო დრო, მაგრამ კარგია? ვხატავდი, სურათებს ვიღებდი, რამდენიმე გამოფენაც მოვაწყვე. ჩემებს უნდოდათ სამხატვროში ჩამებარებინა, მაგრამ ხატვის „სწავლა“ შრომატევადია და, სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა. თეატრალურში ჩავაბარე, სარეჟისოროზე. არ არის კინო საქართველოში და კაცმა არ იცის, იქნება თუ არაო, მეუბნებოდნენ, მაგრამ ვპასუხობდი, თუ არ ვისწავლეთ და თუ არ ვაკეთეთ, რა თქმა უნდა, არ იქნება-მეთქი. არ მახსოვს, მართლა ასე ვფიქრობდი თუ უბრალოდ ვიცოდი, რომ თეატრალურში ბევრს არ მომთხოვდნენ და ვივლიდი ისევ ჩემს ჭკუაზე. საერთოდ ეგეთი ტიპი ვარ, როგორც წესი, დილიდან გასული მარტო დასაძინებლად თუ მივდიოდი ხოლმე სახლში. ან არც მივდიოდი. ვითომ კი ვაკეთებდი რაღაცებს, ფოტოაპარატი თან მქონდა სულ, ძმაკაცებს ვეხმარებოდი გადაღებებში, მაგრამ საერთო ჯამში – არაფერი. დიპლომი ავიღე, მაგრამ სადიპლომოს მერე ფილმი არ გადამიღია და გადაბმულად ერთი თვეც არ მიმუშავია არც ტელევიზიაში, არც არსად. ბოლოს ცოლის მოყვანა გადავწყვიტე. ცოლის მოყვანა რა, ფორმალური მხარეები და მმაჩის ბიუროები დიდად არ მადარდებს, უბრალოდ გამოჩნდა გოგო, რომელთან ერთადაც ცხოვრება მინდოდა – მაიკო. მინდოდა, მაგრამ სად არის ეგრე. სახლში ხომ არ მივიყვანდი, დედასთან და მამასთან? ეგ გამორიცხული იყო. კაცმა იმაზე უნდა იფიქრო, შენ როგორ შეგეწყობა ქალი და რამდენად მოახერხებთ ერთად ცხოვრებას და ამ დროს სრულიად ზედმეტია იმაზე ფიქრი, როგორ შეეწყობა ეს ქალი დედაშენს. აქაც მშობლებმა მიშველეს. მომანდეს თავიანთი დანაზოგი, არც ისე მცირე თანხა, რომელიც თავისუფლად ეყოფოდა პატარა სახლს, მე და მაიკოს რომ გვეყოფოდა ისეთს. უკვე თითქმის შერჩეული გვქონდა ბინა, ჰოლანდიის იდეა რომ გაჩნდა. მაიკოს ნათესავი ცხოვრობდა იქ და მოიწერა, შანსი არის ამსტერდამის ხელოვნების აკადემიაში ისწავლოთ და ცოტა ხანი ჩემთანაც გაცხოვრებთ, სანამ რამეს იზამთო. ფული იყო საჭირო ანგარიშზე (2000 ევრო ჯდებოდა სწავლა წელიწადში და აკადემიას უნდა ჰქონოდა გარანტია, რომ შენ ყველა შემთხვევაში შეგეძლო გადახდა). ჩვენი ფული საკმარისი აღმოჩნდა. მომინდა. ისედაც ხშირად ვამბობდი, არ შემიძლია აქ ესე უაზროდ ყოფნა, მარაზმია ეს ქვეყანა, არაფერი არ გამოვა და სადმე სიამოვნებით წავიდოდი-მეთქი (ახლა რომ ვაკვირდები, ეს რაღაც თავის მართლებას უფრო ჰგავდა). მოკლედ, ვირბინეთ ვიზებზე, საბუთებზე, აქეთ-იქეთ და წავედით.
როცა ინგლისური იცი, მეორე ენის სწავლა ძნელია, გერევა მერე ერთმანეთში, მე კიდე ინგლისურს ვერ ვიტანდი ბავშვობიდან და თითქმის არც მისწავლია, ამიტომ მეგონა ჰოლანდიური არ გამიჭირდებოდა.