კოკა არჩვაძე - თავგასების საიდუმლო ცხოვრება
– მოყევით, ჯოუნს, ნუ წელავთ,– თქვა მისტერ დოუპსონმა და აგენტ ჯოუნსის მომღიმარ სახეს მიაჩერდა.
– რა გითხრათ, სერ, გატაცებული ბავშვის გარდა, კიდევ ორი ტყვე აღმოვაჩინეთ; ორი წლის წინ გაუჩინარებული მისტერ რიჩარდ ჰამფრი და შარშან ზაფხულში გამქრალი, ატლანტა ჰოუქსის თავდამსხმელი, მაკემბე ლილონგვე. სამივე ფსიქიკა შერყეული, მაგრამ ასე თუ ისე უვნებელი.
– სად მალავდა?
– ბავშვს სხვენზე, სერ, იმ ორს კი – სარდაფში. მცირე ზომის ელექტროსადგური დაუმონტაჟებია საკუთარი სამზარეულოს ქვეშ. როგორც ჩანს, თვითონ შექმნა. მისტერ ჰამფრი და კალათბურთელი ამუშავებდნენ, ორივე გამორჩეული ფიზიკური ძალის პატრონია, სერ. მგონი, კიდევ უფრო გაძლიერდნენ ამდენი შრომისგან. ასე აიხსნა ეჭვმიტანილის მიერ ელექტროენერგიის ხარჯვის მკვეთრი შემცირება. პრაქტიკულად არ ჭირდებოდა საკუთარის გარდა. აპრილს თუ არ ჩავთვლით. აპრილში მისტერ ჰამფრი ავადმყოფობდა, არაფერი სერიოზული, უბრალო გრიპი, მაგრამ ლილონგვე მარტო მაინც ვერ გაუმკლავდა იმავე სიმძლავრეზე დარჩენას.
– ბავშვი? როგორც მახსოვს, ბავშვი უნარშეზღუდული იყო, რა მდგომარეობაშია?
– უფრო ჭკვიანი არ გახდა, სერ, ამას თუ გულისხმობთ, – აგენტ ჯოუნსს პირის და თვალების გარდა, ყურებითაც კი გაეღიმა, – ჯანმრთელობა რიგზე აქვს, ჭამა-სმა არ აკლდა. თავსატეხებით და კონსტრუქტორებით სავსე ოთახში აღმოვაჩინეთ, თუმცაღა აწყობილი არცერთი იყო. მხოლოდ ერთი საინტერესო დეტალი სერ – თმა საერთოდ არ ჰქონდა, წარბებიც კი მოუპარსავს ეჭვმიტანილს.
– მოკლედ, გიჟია, ჯოუნს?
– ო, სერ, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით.
ის, რომ მოკლე ვარ და თავი ტანთან შედარებით ძალიან დიდი მიჩანს, არასოდეს მავიწყდება, ანდა ვინ დამავიწყებს: სკოლაში ხან თავგასას მეძახდნენ, ხან შუბლას. იმდროინდელი მეგობრები არც ახლა მაკლებენ. გამელოტებით კი სულ ახლახან გავმელოტდი, მაგრამ გული მიგრძნობს, ამასაც მივეჩვევი, მიმაჩვევენ ჩემიანები.
ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ქრისტეს შობიდან ყველაზე სასაცილო წელი 2007, განსაკუთრებით კი შემოდგომა, ინტერნეტში ქექვაში გავატარე. მახსოვს, იმ საღამოს სტუმრები მყავდა და რომ დაიშალნენ, გადანახული „პიტაჩოკი“ ამოვიღე და კომპიუტერს მივუჯექი. მუსიკის მოსმენა მინდოდა, მგონი ოკენფოლდის, მაგრამ სადაც ვეძებდი, იმ საიტს ფორუმიც აქვს და რა ჯანდაბამ დამაწყებინა კითხვა, არ ვიცი.
თემას, რომელმაც დამაინტერესა „მართმადიდებლური ვს. კათოლიკური ეკლესია“ ერქვა, უცხო მტაცებლის წინააღმდეგ, რაღა. ვიღაც აჟიტირებული ღლაპი, ბიბლიიდან ციტატებით ებრძოდა კათოლიციზმს და რეფორმაციას, თუმცა არც კათოლიკე ჩანდა სადმე და არც პროტესტანტი. მთელი თემა ინტელექტის შადრევანი იყო, როგორც ხვდებით, მაგრამ ერთ-ერთმა პოსტმა მაინც განსაკუთრებით გამართო:
„წარსულშიც და დღესაც მრავალი ბოროტი ძალა ცდილობს განხეთქილების ჩამოგდებას მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ეს არასდროს არ მოხდება...
რადგანაც თვით იესო ქრისტე ამბობს შემდეგს:
„...და მას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას!“
გაკადნიერდება ვინმე და იტყვის, რომ ეჭვი ეპარება უფლის ამ სიტყვებში?!
ჩვენთან არს ღმერთი!!!“
ამინ! „განხეთქილების ჩამოგდება მართმადიდებლურ ეკლესიაში“ მართლაც რთული საქმეა; ჩვენი ჰერმეტულად დახუფული თავები, ვერც რუსული მართმადიდებლობის სიბნელემ „განხეთქა“, ვერც ბერძნულის ხელმრუდობამ და ვანდალიზმმა. ჩვენთან არს ღმერთი! რა აზრი ჰქონდა გიო 87-ისთვის იმის თქმას, რომ „კლდე“ პეტრე მოციქული, რომის პირველ პაპად ითვლება? ღმერთი მაინც მასთან დარჩებოდა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინტერნეტი ძირითადი წყარო გახდა ჩემი შთაგონების. არანაკლებ მხიარულ ხასიათზე, რომელიღაც ონლაინ ბიბლიოთეკას ვსტუმრობდი. თვალში მომხვდა ავტორის სახელი – ჯერი მილერი. იქნებ ჩემთვის უცნობი მოგვარეა-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ ნაწარმოებებს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ შეცდომა იყო. საიტის ადმინისტრაციისადმი რაღაც სხვა საქმეზე მიწერილ წერილს, იქ შეცდომა გაგეპარათ, ჰენრი ჰქვია მაგ კაცს-მეთქი, მივაყოლე. პასუხმა აღმაფრთოვანა – ჰენრის სხვებიც ჰყავდა გვარშიო, მოკლედ მომიჭრა ადმინმა.
გიო 87-ის საკონტაქტო ინფორმაცია მივაწოდე. სხვა რა მექნა.
2007-ის შემოდგომა, როგორც აღვნიშნე, ადამინური იდიოტიზმის კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. რთველმაც თავისი ქნა; გამოლაგდა ათასობით გასხივოსნებული, აწ მერამდენე რევოლუციის მოსახდენად, როგორც 15 წლის წინ ზუსტად ისე „ტირანი, ტირანი“-ს ყვირილით და როგორც მაშინ, ვიღაც მორიგი მეღვინის დემაგოგიას აყოლილები.
მაჭარი უღიტინებდათ.
ახალი ტირანი ძველზე ჯიუტი აღმოჩნდა – გაურუმბა თავები და დაიშალნენ, ისე ჩქარა , რომ ვერც მივხვდი ვისკენ ვიყავი...
ამ და სხვა წმინდა ქართული შედევრების გარდა, რა თქმა უნდა საზღვარგარეთიც მახარებდა; მუჰამედის კარიკატურების გარშემო ატეხილი სკანდალი, როგორც მოსალოდნელი იყო, აფეთქებებით დასრულდა. თავზე ბომბით გამოსახულ მუჰამედს, მაჰმადიანთაგან განსაკუთრებით ნეტარებმა ბომბებითვე უპასუხეს.
ვისთან არს ღმერთი?
აგენტი ჯოუნსი კაკუნის გარეშე შემოსეირნდა უფროსის