კარი გამიღე
კრებულის სახელწოდება „კარი გამიღე“ წარმოადგენს ნივთიერებაზე დამოკიდებული პირების, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრი „კამარას“ პაციენტთა ნამუშევრების გამოფენის სახელწოდებას.
თქვენს წინაშეა ტექსტების კრებული, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ რეფლექსიას წარმოადგენს. აივ და C ჰეპატიტით ინფიცირებული და შიდსით დაავადებული პირები, პალიატური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტები, შეზღუდული შესაძლებლობების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები, დაუნის სინდრომისმქონე ბავშვები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელთაპრობლემების მხატვრულ აღწერასა და ანალიზს ემსახურება წინამდებარე კრებული.
ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ინიციატივით, ცხრა ქართველი მწერალი ტექსტებზე მუშაობის პროცესში შეხვდა ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ინფექციონისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო ჩანაწერებში მოიხსენიებიან აივ-დადებითად, აუტისტ, წამალდამოკიდებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად... მათგან მოისმინა რაოდენ რთულია იცხოვრო ასეთი დიაგნოზით, სტიგმით, რომელიც ამ დიაგნოზებს ახლავს თან, როგორია, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ვერ გადაადგილდები, სადაც მოკლებული ხარ ყოველგვარ შესაძლებლობას, იცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, სადაც უგულებელყოფილია შენი ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება.
ჯ. მ. კუტზეეს, თანამედროვე სამხრეთ აფრიკელი მწერალის, ერთ-ერთი რომანის გმირი უცნაურად ბრმავდება: იგი კარგავს ცენტრის დანახვის უნარს, მხოლოდ კიდეებს ხედავს, ასე ვთქვათ, მხოლოდ პერიფერიებს, მხოლოდ მარგინალურს. საქართველოში, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ვერც მედიამ მოიცალა სათანადოდ, ვერც ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უპირატესად პოლიტიკური უფლებების დაცვისთვის იბრძვიან, ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მზერის მიპყრობა ასეთ ადამიანებზე, მათ სირთულეებზე.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს წიგნიც. წაიკითხეთ და გაეცანით, თუ როგორ ხედავენ თანამედროვე ქართველი მწერლები ადამიანებს, რომლებსაც ზოგი ვერც კი ხედავს და შეეცადეთ კარი გაუღოთ მათ.