„წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო“...
„საქართველოს იმედის“ ხატზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მარჯვნივ დგას წმინდა დიდმოწამე გიორგი. მისადმი სიყვარულითა და კრძალვით შეიქმნა ეს წიგნი.
წმინდა გიორგი
წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი,
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენი სამკვიდრო შენი - გეორგია,
დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
წმინდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!
ზვიად გამსახურდია
წმინდა გიორგის სიყვარული ქართველებს მისმა ნათესავმა ნინომ გვასწავლა. საეკლესიო გადმოცემით, ლათინები ქართველებს „სარტყლის ქრისტიანებს“ უწოდებდნენ - წმინდა გიორგიმ თავისი სარტყლით შეკრა ვეშაპი და მისცა მეფის ასულს, რომელიც ამ ვეშაპისთვის სამსხვერპლოდ გაეწირათ. გრიგოლ ფერაძე აღნიშნავს, რომ იერუსალიმის ლათინი პატრიარქი ჟაკ დე ვიტრი 1180 წელს წერს: „აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, დიდი მებრძოლი, ომში მამაცი, ტანად ძალოვანი და ძლევამოსილი. ჰყავს ურიცხვი მეომარი. ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმინდა გიორგის, ვინც თავის მფარველად და მედროშედ მიაჩნია ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემს ყველა სხვა წმინდანზე მეტად“. საქართველოში უამრავი სასწაულთმოქმედი ტაძარია წმინდა გიორგის სახელზე. თვით 4000 მ სიმაღლეზე მდებარე ბეთლემის მღვიმესაც მოხევეები წმინდა გიორგის „საბრძანისად“ თვლიდნენ, საიდანაც ივერიელთა დასახმარებლად დაეშვებოდა ხოლმე მთავარმოწამე.