ილია ჭავჭავაძე - სარჩობელაზედ (პატარა ამბავი)
1.
შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. ამისთანა დღეს საქონელ-გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკრივად ლოჭინის ხევის პირს. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ. საცოდავი მეურმეები, ქანცგაწყვეტილნი სიცხისაგან, გულდაღმა გაშოტვილიყვნენ კონკილაზედ აყენებულ ურმებ-ქვეშ. ყველას ეძინა, – მარტო ორიოდე ბიჭი, კალთებ-აწეულნი, იდგნენ გუბის პირას და ხის ჯამებით ასხამდნენ წყალს პირდაღებულს, დასიცხულს კამეჩებსა, რომელნიც გუბეში ეყარნენ. აქეთ, პატარა მოშორებით, თავი მოეყარნათ ხარებსა, ჩამდგარიყვნენ გუბის პირას, თვალებ-დახუჭვილნი იცოხნებოდნენ და კუდით იგერიებდნენ მოუსვენარ ბუზებსა.
მზე გადიხარა; თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო. იმ ენაჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა. აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა; პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი, რომელიც სიცხის გატეხაზედ მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გამხმარს ბალახსა. „ჰოო, ხიო, პატრონ-ძაღლო, .....“ და სხვა ამისთანა და ამაზედ უარესიც ისმოდა მეურმეების ხმაურობაში. როცა შეაბეს და წინა-მეურმემ შოლტი გამართა, რომ ხარებს გაუტყლაშუნოს და დასძრას ურემი, მაშინ უეცრად ხევის ყურიდამ ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“ ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი.
ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტის წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან თხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული. მეორე, უმცროსი, – უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა: ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო. ამისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული იყო და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავისთავს ძალას ატანსო, შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, – შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ დადგებოდა, – ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა ნიშან-წყალი ჰქონდა.
– გამარჯობა თქვენი, – უთხრა მეურმეებს უფროსმა.
– აი, გაგიმარჯოთ, – მისცეს პასუხი.
– თქვენ უთუოდ ქალაქს მიდიხართ.
– გამოცანა გერგება, – დაუძახა დაცინებით ერთმა მეურმემ.
უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა. ეტყობოდა, რომ გულის მოძრაობას მოერია.
– აი, დალახვრა ღმერთმა ავი კაცი! – წამოიძახა უფროსმა: – ჩვენ თუქურმიშის შკოლაში ვიყავით, ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები...
– ბეჟან! – დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. ეტყობოდა, რომ უმცროსს რაღაც სიტყვა თავისის ძმისა არ მოეწონა და გაწყრა. ბეჟანმა, თუმცა პირველში სიტყვა გაწყვიტა, მაგრამ მალე მოუტრიალდა გაწყვეტილ ამბავს და ძმას ყური აღარ ათხოვა.
– ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები, – განაგრძო ბეჟანმა, – მამა-ჩვენმა ქალაქიდამ ერთი თუმანი გამოგვიგზავნა, – როცა დაგითხოვონო, ერთი რუსის პოვოსკა დაიჭირეთ და წამოდითო. ჩვენც, – აი, ამოაგდო ღმერთმა ავი-კაცის ქოქი, – ერთს რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ. წამოგვიყვანა, გზაზე დუქანში დაგვეთრო, გადმოგვყარა პოვოსკიდამ, თითონ შინ დაბრუნდა და ჩვენ ასე გამოგვისტუმრა. ჩვენი ბარგი და რვა მანეთი ფული თან გაიყოლა იმ სულძაღლმა.
უმცროსი მთლად აირია. მიტრიალდა, ზურგი მეურმეებს და თავის ძმას შეაქცია, დაიწყო უაზროდ ყურება და მერე დაჟინებით დააცქერდა ჩამავალს მზესა.
– ერთი ასეთი ბუზმენტიანი ჩოხა გაიყოლია თან ჩემი, რომ ხუთ თუმნადა ღირდა, – დაიწყო ისევ უფროსმა – ჩოხას ჯანი გავარდეს, ის ძველი და სხვა ახალი: მამა-ჩვენი შემძლებელი კაცია...
უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად.
– ბეჟან, გეყოფა, კარგი!.. – უთხრა უმცროსმა, თითქო წყრომითაც და ვედრებითაც.
ბეჟანმა მაინც კიდევ ყური არ ათხოვა და მოჰყვა ისევ თავისებურად:
– ორის დღის უჭმელები ვართ. ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახდაქცეულმა. აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ვქეყანაში?
– ვაი ჩემს გამჩენს! – უპასუხა ერთმა დროულმა მეურმემ. – უცხო ქვეყანაში