შესავალი
„ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე - შელახული, ბეთლემი - უკაცური.
ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.
მისი გენია, მისი საოცარი ნებისყოფა მირონცხებული და შინაგანად მომზადებული აღმოჩნდა ამ ისტორიული მისიისათვის.
თითქოს ილიაზე განმეორდა იერემია წინასწარმეტყველისადმი თქმული უფლის სიტყვები: „ვიდრე გამოხვიდოდი შენ საშოდან, მე განგწმიდე შენ, წინასწარმეტყველად ხალხთა დაგადგინე შენ“ (იერემია 1,4-5).
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს.
მან გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად, დაგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.
ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.
სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის, იმ ხალხისა, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.
სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა, პიროვნების დანიშნულებისა, სიტკბოს - ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ბედნიერებისა. იგი სულშეძრული წერდა:
„სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის - ჭეშმარიტება?
სად არის იგი, ბიწის მდევნელი,
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?“
ილიას ცხოვრების ეტლმა, ილია წინასწარმეტყველის ეტლის მსგავსად, ცეცხლის კვესებით გადაუარა საქართველოს ცას და წარუშლელი კვალი დატოვა.
გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს. ეს იყო ჯვარცმა და მსწრაფლამაღლება, ეს იყო გარდასახვა, თითოეულ ქართველში განბნევა და მათში ერის სიყვარულად აღდგომა.
დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, - თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.
ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამდევი ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.
გვსურს ვაუწყოთ მრევლს, ჩვენს მორწმუნე ხალხს, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა აღასრულა თავისი ვალი და ილია ჭავჭავაძე - ილია მართალი, წმინდანად შერაცხა.
ამიერიდან მისი სული იკიაფებს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.
ეს არ არის უბრალო განჩინება, ეს არის დიდი განგება ღვთისა... წმიდა სამებამ - მამამ, ძემ და სულიწმიდამ გამოხატა თავისი ნება და გამოაჩინა ახალი ბრწყინვალე წმინდანი, რომელიც იქნება მფარველი ჩვენი ერისა. ეს წირვა არის მისი პირველი დღესასწაული. ქართველი ერი ზეიმობს ილია მართლის, როგორც წმინდანის, დღეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არს ღმერთი.
უნდა ვიცოდეთ:
დიდი ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა არ არის მხოლოდ აღიარება მისი დამსახურებისა (დამსახურება კი მისი ერისა და ეკლესიის წინაშე მეტად დიდია), ეს უფრო მეტია. როცა ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება, ღვთის ლოცვა-კურთხევით, მას ეძლევა განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული ძალა ერის შეწევნისა. ამიერიდან წმინდა ილია ჭავჭავაძე - წმინდა ილია მართალი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის.
რით დაიმსახურა წმინდა ილია მართალმა ეს პატივი? რა თქმა უნდა, თავისი ღვაწლითა და მოწამებრივი აღსასრულით.
წმინდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმინდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა“.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სვეტიცხოველი, 20 ივლისი (2 აგვისტო), 1987 წ.
ზემოთქმულის წაკითხვის შემდეგ გგასაკვირი არავისთვის იქნება ის, რომ საქართველოს იმედის ხატს წმინდა ილია მართალიც ამშვენებს.