წმინდა შუშანიკ დედოფალი
V საუკუნის II ნახევარი, საქართველოს ეკლესიისა და სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ძვ. სტილით).
^
წმინდა შუშანიკი წარმოშობით მიეკუთვნებოდა უძლიერეს სომხურ ფეოდალურ ოჯახს - მამიკონიანთა საგვარეულოს, რომელსაც VIII ს-ის 80-იან წლებამდე უპირველესი ადგილი ეკავა სომეხ წარჩინებულ საგვარეულოთა შორის. შუშანიკის მამა, სომეხთა სახელგანთქმული მხედართმთავარი, ვარდან მამიკონიანი, იყო შვილიშვილი წმ. საჰაკ დიდისა და შთამომავალი არშაკიდთა საგვარეულოს მეფეებისა. ვარდან მამიკონიანი სათავეში ედგა სომხების აჯანყებას მაზდეანური სპარსეთის წინააღმდეგ და გმირულად დაეცა სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში 451 წელს (ე.წ. ვართანანცის ბრძოლა). ვარდანი სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
წმინდა შუშანიკის მეუღლე იყო ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში (მმართველი, ერისთავი), ძე არშუშა პიტიახშისა. წმინდა შუშანიკსა და ვარსქენ პიტიახშს ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.
წმინდა შუშანიკისა და ვარსქენ პიტიახშის ოჯახი ცხოვრობდა ქვემო ქართლის საპიტიახშოს ადმინისტრაციულ ცენტრში, დაბა ცურტავში, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ ბოლნისსა და რუსთავს შორის, მდინარეების - მაშავერასა და ხრამის შესართავთან.
467 წელს წმინდა შუშანიკის მეუღლე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, სპარსეთის მეფის, პეროზის (459-484 წწ.) სამეფო კარზე გაემართა და სრული მორჩილება გამოუცხადა მას. მეფე პეროზისათვის ერთგულების დამტკიცების მიზნით ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა (იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა) აღიარა, რომელიც იმხანად სპარსეთში გაბატონებულ რელიგიას წარმოადგენდა. სპარსეთთან კავშირი ვარსქენ პიტიახშმა კიდევ უფრო განამტკიცა მეფის ასულზე ქორწინების პირობით და აღუთქვა პეროზს, რომ შუშანიკს - თავის „ბუნებით“ მეუღლესა და შვილებსაც მიაღებინებდა მაზდეანობას.
სპარსეთიდან დაბრუნებულ ვარსქენს წმინდა შუშანიკმა მტკიცე უარი განუცხადა მაზდეანობის მიღებაზე და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ერთგული ქრისტიანული სარწმუნოებისა.
ვარსქენი არაერთხელ შეეცადა თავისი მეუღლის სულიერი სიმტკიცის გატეხას მოციქულების მიგზავნით, სიტყვიერი მუქარითა თუ სასტიკი მოპყრობით. პიტიახშმა რამდენჯერმე სცემა თავის მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სახალხოდ შეურაცხყო იგი, მაგრამ მისმა ყველა ცდამ ამაოდ ჩაიარა; ბოლოს ვარსქენმა ციხეში დაამწყვდია წმინდა შუშანიკი, სადაც მან სრული ექვსი წელი გაატარა. ციხეში წმინდა შუშანიკი ცხოვრობდა ისე, როგორც ქრისტიანი ასკეტი - ლოცულობდა, მარხულობდა და ხორცის დათრგუნვით ზრუნავდა სულის გადარჩენაზე. აშუშანიკმა ციხეშივე შეიტყო, რომ მისმა შვილებმა უღალატეს ქრისტიანულ სარწმუნოებას და მაზდეანობის მიმდევარნი გახდნენ, რამაც უდიდესი ტკივილი მოჰგვარა მას. ამის შემდეგ დედოფალს შვილების სახელის ხსენებაც კი აღარ უნდოდა. შვილებიც უფრთხოდნენ დედას - მანამდე ისინი ხშირად დადიოდნენ დედის სანახავად საპატიმროში, მაზდეანობის მიღების შემდეგ კი სირცხვილით ვეღარ ბედავდნენ დედასთან გამოჩენას.
წმინდა შუშანიკის სიმტკიცემ და ქრისტიანული სარწმუნების ერთგულებამ მას შორს გაუთქვა სახელი. პიტიახშის მეუღლესთან იწყეს მოსვლა მნახველებმა - დიდებულმა აზნაურებმა და უბრალო ხალხმა. აქვე გამოაჩინა წმინდა შუშანიკმა სასწაულთა აღსრულების უნარიც - იგი ლოცვით კურნავდა მასთან მისულ ავადმყოფებს.
ციხეში ცხოვრების სასტიკმა პირობებმა და ადგილობრივმა არაჯანსაღმა ჰავამ დაღი დაასვა დედოფლის ჯანმრთელობას - პატიმრობის მეშვიდე წელს წმინდა შუშანიკი მძიმედ დაავადდა. მომაკვდავ შუშანიკთან გამოსათხოვებლად მივიდნენ ერისკაცები და სამღვდელოების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ვარსქენის ძმა, ჯოჯიკი მთელი თავისი ოჯახობით, აფოც და იოანე ეპისკოპოსები, დედოფლის პირადი მოძღვარი იაკობ ხუცესი.
გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი 475 წლის 17 ოქტომბერს. დედოფლის ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი უნდა დაეკრძალათ იმ ადგილზე, სადაც იგი პირველად გამოათრია მისმა მეუღლემ, ვარსქენ პიტიახშმა. გარდაცვლილი შუშანიკი დიდი პატივით მიაბარეს მიწას.
წმინდა შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ არც ვარსქენ პიტიახშს უცოცხლია დიდხანს: სომეხი ისტორიკოსის, ლაზარე ფარპელის ცნობით, 484 წელს იბერიის ქრისტიანმა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, დაატყვევა ვარსქენ პიტიახში, რომელიც მტანჯველი და სამარცხვინო სიკვდილით აღესრულა ტყვეობაში იმავე წელს.
წმინდა შუშანიკის სულიერ ღვაწლსა და მის მოწამებრივ აღსასრულზე მოგვითხრობს ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „წამება¡ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა¡“, რომლის ავტორია იაკობ ხუცესი (იგივე იაკობ ცურტაველი), დედოფლის პირადი მოძღვარი.
ჩვენამდე მოაღწია „შუშანიკის წამების“ ორმა ქართულმა რედაქციამ. ერთი მათგანი, ე.წ. გრძელი რედაქცია, V საუკუნეშია შექმნილი; მეორე, მოკლე რედაქცია, თარგმნილია სომხურიდან და შემონახულია ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც X საუკუნით თარიღდება (მისი სომხური დედანი, თავის მხრივ, ქართულიდანაა ნათარგმნი). გარდა ამისა, არსებობს კიდევ გვიანდელი, ანტონ I კათალიკოსის დაწერილი მარტვილობა, რომელიც შეტანილია მის თხზულებაში „მარტირიკა“ და მოკლე, ე.წ. სვინაქსარული რედაქცია, რომელიც მოღწეულია XVIII საუკუნის ხელნაწერით.
გთავაზობთ წმინდა შუშანიკის მარტვილობის გადმოახალქართულებულ ვარიანტს.
წმინდა შუშანიკის მარტვილობა
^1. სპარსელთა მეფის (პეროზის) მეფობის მერვე წელს სამეფო კარისკენ გაემართა ვარსქენ პიტიახში, ძე არშუშასი; თავდაპირველად ისიც ქრისტიანი იყო და ქრისტიანი მამისა და დედის ნაშობი, და მას ცოლად ესვა სომეხთა